“ახალგაზრდებო, ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი, ჩინელი, ამერიკელი თუ ნებისმიერი”

192
spot_img

ახალგაზრდებო, იზრდებით და ვიღაცის მონები არ იყოთ, ფულს არ უყუროთ, რომ ვიღაც მეტს მოგცემთ, ეს რუსი იქნება, ევროპელი თუ სხვა, ჩინელი, ამერიკელი, თურქი თუ ნებისმიერი, – ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს.

მან საზღვარგარეთ წასვლასა და უცხოეთის მხრიდან დახმარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდები „პავლიკა მოროზოვებად“ არ უნდა იქცნენ.

„ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ ძლიერი, დამოუკიდებელი, თავისუფლების ღირსებით სავსე. ისე, რომ ჩვენი ღირსება დაინახონ და „პავლიკა მოროზოვებად“ არ გვიყურონ. ჩემთვის ისინი, ვინც უცხოეთში დარბიან, სხვა შორის, სახელებსაც მეუბნებიან, ამერიკელები არიან თუ ევროპელები, სამარცხვინოდ რომ იქცევიან ჩვენები, პავლიკა მოროზოვი იცით, რომ იდეოლოგიის მსხვერპლი იყო და ესენიც რაღაც იდეოლოგიის მსხვერპლი არიან“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, როცა უცხოელი ხედავს, რომ დასახმარებლად მასთან გარბიხარ, ის სხვაგვარად გიყურებს.

„შენს ქვეყანაში არ გინდა, რომ შენ გადაწყვიტო, მიდიხარ და ეუბნები, მოდი, დამეხმარე ხელისუფლებაში მოვიდეო. დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები და ეს ვიქნებიო, როგორ შეგხედავს ის? რა თქმა უნდა, შაქარყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ მისთვის? რაც საბჭოთა კავშირში „პავლიკა მოროზოვი“ იყო, იცოდეთ, რომ უცხოელებისთვის აბსოლუტურად იგივე ხართ. თქვენი ბრალი არ არის, ასე რომ იქცევით. საქართველოში არის 2 კატეგორიის ადამიანი, ბევრად მცირე არიან ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს რომ მითხრას, „ასე და ისე“ იცხოვრეო. მან როგორ უნდა მითხრას, ვინც თვითონ ვერ ცხოვრობს? რომელი ქვეყანაა წელში გამართული? თუმცა, მათშიც შეიძლება არჩევანი გააკეთო. ქართველები ისე ვართ, ღმერთის გარდა პატრონი არავინ გვყავს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც რუსეთმა ძალით წაართვა. მეუფე იაკობმა, ასევე, სიცრუე უწოდა ბრალდებებს, თითქოს რუსეთს უჭერს მხარს.

„არავის მოვახდევინებთ შიგნით არეულობას, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს. იმ დღეს ვქადაგებდი, გამოდიან უსინდისოდ და ამბობენ, რუსეთს უჭერს მხარსო. როგორ შეიძლება რუსეთს მხარი დავუჭირო? თან ამას ლაპარაკობენ ის ტელევიზიები, ვინც დღესაც რუსულ ფულს იღებენ. თავიდანვე ზოგიერთი რუსის აგენტი იყო, ვინც დღეს იმ ტელევიზიებშია. თუ ძალიან დააინტერესებთ, შემიძლია ხმამაღლა ვამხილო. არ ვურჩევ, რომ ასეთ რამეში დაგვიპირისპირდნენ. ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ევროპიდან მეტყვიან, ამერიკიდან, რუსეთიდან თუ აქ მეტყვის ვიღაც, რას ამბობ მასზეო. წესიერად მოიქცნენ და არავისზე არაფერს ვიტყვი. შემიტევენ და თვითონ დამარცხდებიან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.