“თუ მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მასთან მივიდე და ვაზიარო ან სხვა საიდუმლო შევასრულო, მზად ვარ” – მეუფე ნიკოლოზი

109
spot_img

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ნებისმიერ დროს მოინახულოს, თუ მას ამის სურვილი ექნება.

მისივე თქმით, ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრების დროს პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავს.

„ჩემი ძირითადი ურთიერთობა, მისი შინაარსი იყო საეკლესიო საიდუმლოების შესრულება მასთან და არავითარი პოლიტიკური საკითხების განხილვა არ ხდებოდა. [კიდევ როდის შევხვდები], მთლიანად მასზეა დამოკიდებული და როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე და ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ.

[რაც შეეხება მოსკოვში წასვლას], დარწმუნებული ვარ, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და მარტო ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, იმიტომ, რომ მე ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც აღმივლენია წირვა პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.