Home Blog Page 2354

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.

„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო  და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და  მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“.

„აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წერეთლის გამზირსა და შალიკაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, კერძოდ, გამზირის ნაწილი ბარიერებით გაიმიჯნა.

თბილისის მერიის ცნობით, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით მოხდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.

რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივი დარჩება, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.

„ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით. საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით. წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.

აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით. გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 421-ე დღე

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ 26 დრონიდან 21 გაანადგურეს და 5 მიმართულებით 55 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

„გასული დღის განმავლობაში, ფრონტის აღნიშნულ სექტორებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 55-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ბახმუტისა და მარინკასთვის უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს”, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, გამოიყენეს „შაჰიდ-136“ ტიპის 26 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს.

„ასევე, რუსმა აგრესორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 69-ჯერ დაბომბეს. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები დანგრეულია და დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსული ძალების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილებს 7 დარტყმა მიაყენა, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მიიჩნევს, რომ რუსებს დედაქალაქის აღება არ გადაუფიქრებიათ.

„კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი გულია, კიევი დედაქალაქია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმე შეძლებს და მოინდომებს კიდევ ერთხელ მიიტანოს იერიში კიევზე, რათა კბილებში მოხვდეს“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, ახლა დედაქალაქი დაცულია “ბევრად უკეთესად ვიდრე ერთი თვის წინ, ვიდრე ექვსი თვის წინ და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ერთი წლის წინ”.

„ახლა კონტროლის სისტემა, ბლოკპოსტების სისტემა, თანამედროვე იარაღი და უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო“, – განაცხადა კლიჩკომ.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.

ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს: საკონტროლო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთებისთვის, აღჭურვილობას პორტებისა და ნავსადგურების დაცვისთვის, სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა უზრუნველყოს შესაძლებლობებით, რომელიც დააკმაყოფილებს ბრძოლის ველზე მის გადაუდებელ საჭიროებებს და უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნებს“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს.

“სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა და რომელიც HIMARS-ის რაკეტებსა და საავიაციო საბრძოლო მასალებს მოიცავს.

ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები – გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო ოპოზიციაზე

ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია მობილიზებულია, რომ მიმდინარე კვირაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება მოხერხდეს.

„ყაზარმულზე ვართ, სულ იქ [პარლამენტის სხდომათა დარბაზი] ვართ, რა… მორიგეობაა დარბაზში. დანაწილებული აქვთ კოლეგებს ჩვენი ტელეფონები და როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმწუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში. ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები. დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ და თურმე წყლის დასაველად იყო გასული, უმალ მოვიძიეთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის სოლიდარობის ნიშნად უმრავლესობის წევრი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რეგისტრაციას არ გაივლიდნენ, რის გამოც, მეორე დღეა, კვორუმის არარსებობის გამო საკითხის კენჭისყრაზე გატანა ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, თუ საკითხი კენჭისყრაზე გავა, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება. ამიტომ, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მობილიზებული არიან, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში, როდესაც „ქართული ოცნება“, სხვა საკითხზე კენჭის საყრელად გაივლის რეგისტრაციას და ავტომატურად ამ კომისიის კენჭისყრაზე გატანისთვის საჭირო კვოტაც შედგება, ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში.

 

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ქართველი სპორტსმენი ფინალურ შეხვედრაში თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 6 მედლით დაასრულა.

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თვალი გაუსწორეთ პრობლემებს და თქვენს წინაშე არსებულ რეალობას, ნუ მოირგებთ სირაქლემას პოზიციას. ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ.

კურო

გააქტიურდება სოციალური საკითხები. შეჩერდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, თუ რამდენად სარგებლიანი და სიკეთის მომტანია თქვენი იდეები. მოერიდეთ კონფლიქტურ ადამიანებს.

ტყუპები

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. განაგრძეთ თქვენი გზა, ნუ შეგაშინებთ ის, თუ ვინ რას იტყვის, კრიზისი მალე გაივლის.

კირჩხიბი

შეამცირეთ აქტიურობის ტემპი, ახლა თქვენი შრომა არ იქნება ადრინდელივით პროდუქტიული, გამოიყენეთ ეს დრო ოჯახური პრობლემების დასალაგებლად. პირველ რიგში, კი გათავისუფლდით ყოველგვარი ძველისგან, რაც საჭირო არაა.

ლომი

სჯობს, გადადოთ რთული საქმეები და დაისვენოთ. თქვენი ფსიქოემოციური არასტაბილურობა ცუდად აისახება როგორც ურთიერთობაზე, ასევე, საქმიან სფეროზე.

ქალწული

ნუ იქნებით რადიკალური და ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, მოვლენების დრამატიზება არ იქნება მოგებიანი. თუ ჭკვიანურად მოიქცევით, ბევრად სასიკეთოდ წარმართავთ ყველა სიტუაციას.

სასწორი

თქვენ მარტივად შეძლებთ, თავი აარიდოთ ინტრიგებს. სათქმელი აუცილებლად თქვით, ამ ეტაპზე, ეს მნიშვნელოვანია. კარგად დაფიქრდით, რას გასცემთ და რას იღებთ სანაცვლოდ.

მორიელი

შესაძლოა, საკუთარ შიშებთან გამკლავება დაგჭირდეთ, თქვენი უნდობლობა, საკუთარი თავის მიმართ, საფრთხეს შეუქმნის თქვენს პროგრესს. იყავით მეტად გაბედული და თავდაჯერებული.

მშვილდოსანი

წარმატების ძიებისას, სიჩქარეში, შესაძლოა, ვერ შენიშნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტუაციის გართულებას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში, ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, თქვენი ენერგია მიმართეთ ურთიერთობების დალაგებისკენ.

თხის რქა

მოუსმინეთ შინაგან ხმას, მეტი დრო დაუთმეთ საქმიანი გეგმების განხილვას, აქცენტები გააკეთეთ სამომავლო მიზნების პრაქტიკულ მხარეზე.

მერწყული

შესაძლოა, დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, შეძლებთ კომპრომისის საფუძველზე, თქვენს ოპონენტთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას.

თევზები

საქმიან სფეროში, მოსალოდნელია შეფერხებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით კონფლიქტებს და ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას.

ამ ბიჭს წარმატების მეტი რა უნდა უსურვო? – ლევან ბერძენიშვილი კვარაცხელიაზე

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ თამაშს ეხმაურება, რომელშიც ნაპოლი მილანთან ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის, რასაც ხვიჩა კვარაცხელიამ ამ ტურნირსა და ზოგადად, „ნაპოლში“ გადასვლის შემდეგ მიაღწია, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და არ ღირს, ქართველს მილანთან თამაშში გამოუყენებელი პენალტის გამო აკრიტიკონ.

„ზოგიერთ ადამიანს უხარია, რომ რაღაცა ისე არ მოხდა და ამ დროს გამოავლენს ხოლმე [თავს] – „ბიჭო, დაარტყმევინე ოსიმენს, შენ რომ ურტყამ-ო“, ყველა ექსპერტი ხდება. მსოფლიოს ხუთეულში ვართ ფეხბურთის გამო, რადგან ეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატია, [ხვიჩა] ამ ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი ფეხბურთელია –  არავინ არასოდეს არ გამხდარა სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი, დიდი ვარაუდია, რომ არა მარტო [იტალიის] ჩემპიონი, არამედ იტალიის წლევანდელი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ეს არის ჩვენი დიდი სიყვარული, საქართველოს უკანასკნელი დროის ერთადერთი ნამდვილი სიხარული. ახლა, ამ ბიჭს წარმატების მეტი რა უნდა უსურვო? და თვითონ არის ისეთი ხასიათის, გაფუჭებული პენალტის მერე თამაშს მოუმატა. გუშინ მას ჰქონდა 10 წარმატებული დრიბლინგი, ეს რეკორდია მაგ ჩემპიონატის და საერთოდ, მსოფლიოში ერთხელ მოხდა მარტო, ნეიმარმა გააკეთა. ასეთი სახელების გვერდით მოიხსენიება, ამიტომ, შევირგოთ. არის რაღაცა დადებითიც იმაში, რომ ღირსეულად, მაგრამ გამოეთიშნენ ამ პროცესს, რომ მიიყვანონ ბოლომდე ის დიდი საქმე, რაც არის იტალიის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, მეტი გინდა, რატომაც არა – ქართველები ვართ, მაქსიმალისტები ვართ, ხვიჩაც ასეთი არის, იმასაც მეტი უნდა. ახლა, ეს ყველაზე მეტად მან განიცადა, რად უნდა ლაპარაკი და შეხსენება, რომ ასე უნდა მოიქცე და ისე. თვითონ არის ასეთი, თვითკრიტიკულია – ეს არის იშვიათი ქართველი ფეხბურთელი“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას. 

,,მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია” – ზარქუა

დიახ, საქართველო და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს სამართლიანად [კანდიდატის სტატუსს] და ამ შეცდომას გამოასწორებს ევროკომისია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ზარქუამ აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ.

„ევროკომისიის დასკვნები წინა თვეში მივიღეთ, სადაც რეიტინგების მიხედვით საქართველო, რომელსაც არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და პირდაპირ ვთქვათ ევროკომისიის მხრიდან შეცდომა იყო, ამ რეიტინგებითაც ხომ გამოჩნდა, სადაც მოლდოვასაც და უკრაინასაც ვუსწრებთ, დანარჩენ პრეტენდენტებზე რომ არ ვთქვათ. მე მაქვს პოზიტიური მოლოდინი რომ ამ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია და უკვე მიანიჭებს [საქართველოს კანდიდატის სტატუსს].

12 რეკომენდაციიდან ჩვენ 8 შესრულებული გვაქვს, დარჩა დეოლიგარქიზაცია და თქვენ იცით, რომ უკრაინული მოდელი პირდაპირ გადმოვიღეთ, გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში პირველი მოსმენის შემდეგ, დაგვიბრუნეს რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით საკომიტეტო განხილვა გავაკეთეთ, ისევ გადავაგზავნეთ და ველოდებით.

რჩება საბჭოში მოსამართლეების არჩევა, ამასაც მივიყვანთ ბოლომდე და ერთადერთი გვრჩება დეპოლარიზაციის შემცირება. ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მოსახლეობა ხედავს, უფრო მეტიც, დეპოლარიზაცია რომ შეგვემცირებინა ამისთვის შევქმენით სამუშაო ჯგუფები, თორემ ხაბეიშვილი ან ჭიჭე [გიორგი] ვაშაძე რას იმუშავებდა, პოპულისტი ჩვეულებრივი. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ყველას და არც შემოსულა რადიკალური ოპოზიცია სამუშაო კომისიებში.

უფრო მეტიც, როგორც ხაზარაძემ თქვა, რასაც ესენი აკეთებენო ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანო არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო, მავნებლობენ- ეს არის ამათი სახე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ამ რეკომენდაციებს ბოლომდე მივიყვანთ. რეიტინგები გამოქვეყნებულია ევროკომისიის მხრიდან, სადაც წინ ვუსწრებთ და უკვე ბურთი იქნება ევროკომისიის მოედანზე“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიუ-იორკის ცენტრში მრავალდონიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა – არის მსხვერპლი

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე შენობა ჩამოინგრა. ქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CBS იტყობინება.ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრები გვიჩვენებს, რომ ათეულობით ავტომობილის სადგომი სტრუქტურა ჩამოინგრა. ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, მანამდე მათ აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს. ამასთან, ადგილზე მყოფი მეხანძრეები აცხადებენ, რომ აფეთქება არ მომხდარა.

აშშ-მ უკრაინისთვის 325 მლნ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო აღჭურვილობას HIMARS-ის სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო  მართვად რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებს.

“აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, დააკმაყოფილოს მისი საჭიროებები ბრძოლის ველზე და გრძელვადიანი მოთხოვნილებები უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა პენტაგონმა.

არანაირი პუტინი არ ყოფილა ხერსონსა და ლუგანსკში, იქ მისი ორეული იყო – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „შეშინებული ადამიანია“ და იმის დაშვება, რომ ის შეიძლება ხერსონსა და ლუგანსკში ჩასულიყო, შეუძლებელია. დანილოვის თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა პუტინი, არამედ მისი ორეულებიდან ერთ-ერთი იმყოფებოდა.

„ჯერ ერთი, არანაირი პუტინი იქ არ ყოფილა. ეს ცნობილი ფაქტია. იმისთვის, რომ ნამდვილ პუტინთან კონტაქტში შეხვიდე, მინიმუმ 10-14 დღე კარანტინში უნდა გაატარო. არავითარი პუტინი იქ არ ყოფილა, იქ იყო ჩვეულებრივი ორეული, რომელიც მას არაერთი ჰყავს – ეს ასევე ცნობილი ფაქტია“, – განაცხადა დანილოვმა ეროვნული სიახლეების მარათონის ეთერში.

დანილოვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკისთან გაავლო პარალელი.

სრულებით საპირისპიროა ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს მოინახულოს ფრონტის ხაზი და დადგეს ჩვენი სამხედროების გვერდით. ამაშია განსხვავება – სხვაობა „ბუნკერის ბაბუა პუტინთან“, რომელსაც მალე საკუთარი თავის შეეშინდება“, – აცხადებს დანილოვი.