ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები – გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო ოპოზიციაზე

124
spot_img

ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია მობილიზებულია, რომ მიმდინარე კვირაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება მოხერხდეს.

„ყაზარმულზე ვართ, სულ იქ [პარლამენტის სხდომათა დარბაზი] ვართ, რა… მორიგეობაა დარბაზში. დანაწილებული აქვთ კოლეგებს ჩვენი ტელეფონები და როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმწუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში. ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები. დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ და თურმე წყლის დასაველად იყო გასული, უმალ მოვიძიეთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის სოლიდარობის ნიშნად უმრავლესობის წევრი დეპუტატები საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რეგისტრაციას არ გაივლიდნენ, რის გამოც, მეორე დღეა, კვორუმის არარსებობის გამო საკითხის კენჭისყრაზე გატანა ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, თუ საკითხი კენჭისყრაზე გავა, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება. ამიტომ, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მობილიზებული არიან, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში, როდესაც „ქართული ოცნება“, სხვა საკითხზე კენჭის საყრელად გაივლის რეგისტრაციას და ავტომატურად ამ კომისიის კენჭისყრაზე გატანისთვის საჭირო კვოტაც შედგება, ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში.