“მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

83
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 421-ე დღე

უკრაინელებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ 26 დრონიდან 21 გაანადგურეს და 5 მიმართულებით 55 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

„გასული დღის განმავლობაში, ფრონტის აღნიშნულ სექტორებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 55-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ბახმუტისა და მარინკასთვის უსასტიკესი ბრძოლები მიმდინარეობს”, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, გამოიყენეს „შაჰიდ-136“ ტიპის 26 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 21 უკრაინელებმა გაანადგურეს.

„ასევე, რუსმა აგრესორებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 69-ჯერ დაბომბეს. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები დანგრეულია და დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსული ძალების პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ადგილებს 7 დარტყმა მიაყენა, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას და საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყეს.

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მიიჩნევს, რომ რუსებს დედაქალაქის აღება არ გადაუფიქრებიათ.

„კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი გულია, კიევი დედაქალაქია. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმე შეძლებს და მოინდომებს კიდევ ერთხელ მიიტანოს იერიში კიევზე, რათა კბილებში მოხვდეს“, – განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, ახლა დედაქალაქი დაცულია “ბევრად უკეთესად ვიდრე ერთი თვის წინ, ვიდრე ექვსი თვის წინ და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ერთი წლის წინ”.

„ახლა კონტროლის სისტემა, ბლოკპოსტების სისტემა, თანამედროვე იარაღი და უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო“, – განაცხადა კლიჩკომ.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.

ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს: საკონტროლო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთებისთვის, აღჭურვილობას პორტებისა და ნავსადგურების დაცვისთვის, სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.

„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინა უზრუნველყოს შესაძლებლობებით, რომელიც დააკმაყოფილებს ბრძოლის ველზე მის გადაუდებელ საჭიროებებს და უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნებს“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს.

“სახელმწიფო დონეზე ყველაფერი კეთდება რუსული დარტყმებისგან თავდაცვის უნარის ასამაღლებლად. საჰაერო თავდაცვის სისტემები და ცის დასაცავად განკუთვნილი სხვა იარაღი უკვე უკრაინაშია, ისინი მართლაც სერიოზულია. მაგრამ უნდა იყვნენ – და, დარწმუნებული ვარ, იქნებიან – კიდევ უფრო ძლიერი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა და რომელიც HIMARS-ის რაკეტებსა და საავიაციო საბრძოლო მასალებს მოიცავს.