ამ ბიჭს წარმატების მეტი რა უნდა უსურვო? – ლევან ბერძენიშვილი კვარაცხელიაზე

0
53
spot_img

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ თამაშს ეხმაურება, რომელშიც ნაპოლი მილანთან ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის, რასაც ხვიჩა კვარაცხელიამ ამ ტურნირსა და ზოგადად, „ნაპოლში“ გადასვლის შემდეგ მიაღწია, უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და არ ღირს, ქართველს მილანთან თამაშში გამოუყენებელი პენალტის გამო აკრიტიკონ.

„ზოგიერთ ადამიანს უხარია, რომ რაღაცა ისე არ მოხდა და ამ დროს გამოავლენს ხოლმე [თავს] – „ბიჭო, დაარტყმევინე ოსიმენს, შენ რომ ურტყამ-ო“, ყველა ექსპერტი ხდება. მსოფლიოს ხუთეულში ვართ ფეხბურთის გამო, რადგან ეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ჩემპიონატია, [ხვიჩა] ამ ჩემპიონატის აშკარა ფავორიტი ფეხბურთელია –  არავინ არასოდეს არ გამხდარა სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი, დიდი ვარაუდია, რომ არა მარტო [იტალიის] ჩემპიონი, არამედ იტალიის წლევანდელი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ეს არის ჩვენი დიდი სიყვარული, საქართველოს უკანასკნელი დროის ერთადერთი ნამდვილი სიხარული. ახლა, ამ ბიჭს წარმატების მეტი რა უნდა უსურვო? და თვითონ არის ისეთი ხასიათის, გაფუჭებული პენალტის მერე თამაშს მოუმატა. გუშინ მას ჰქონდა 10 წარმატებული დრიბლინგი, ეს რეკორდია მაგ ჩემპიონატის და საერთოდ, მსოფლიოში ერთხელ მოხდა მარტო, ნეიმარმა გააკეთა. ასეთი სახელების გვერდით მოიხსენიება, ამიტომ, შევირგოთ. არის რაღაცა დადებითიც იმაში, რომ ღირსეულად, მაგრამ გამოეთიშნენ ამ პროცესს, რომ მიიყვანონ ბოლომდე ის დიდი საქმე, რაც არის იტალიის ჩემპიონობა. რა თქმა უნდა, მეტი გინდა, რატომაც არა – ქართველები ვართ, მაქსიმალისტები ვართ, ხვიჩაც ასეთი არის, იმასაც მეტი უნდა. ახლა, ეს ყველაზე მეტად მან განიცადა, რად უნდა ლაპარაკი და შეხსენება, რომ ასე უნდა მოიქცე და ისე. თვითონ არის ასეთი, თვითკრიტიკულია – ეს არის იშვიათი ქართველი ფეხბურთელი“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას.