„თქვენ თუ სამართლიანობის და მორალურობის იოტისოდენა შეგრძნება შეგრჩენიათ, ახლა ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეთ, არამედ სასწრაფოდ ევროკავშირის საგანგებო ღონისძიებაზე უნდა ფიქრობდეთ, რომ დაჩქარებული წესით მიანიჭოთ საქართველოს სტატუსი“, – ამ სიტყვებით მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირს. ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს აფრთხილებს მოსალოდნელი სანქციების შესახებ. ასევე, ქადაგიძემ გააზიარა ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის და ევროკავშირის განცხადებები, რომლითაც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის გამო. „პირველი განცხადება ახალია და დანარჩენი ორი, რუსეთ-საქართველოს ომამდე გაკეთებული არ გეგონოთ. 2008 წლის რუსული ძალადობა მომხდარია, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. მეტიც – ყირიმი, დონბასი, ლუგანსკი ანექსირებულია. ჰო და რა მაინტერესებს იცით, როცა როგორ მოეპრიანებათ ისეთი განცხადებები უნდა აკეთონ და საქართველომაც ამათ ნარატივებს უნდა სდიოს? თან განსაკუთრებით, ისაა პარადოქსი, რომ კრემლის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ პასუხს. სინამდვილეში, ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა და 1200000 ქართველიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მთავარია, კიდევ ერთხელ გამოიყენონ რუსული თემა, საქართველოში პოლარიზაციის გასაღვივებლად. ჰო და კიდევ ერთი: თქვენ თუ სამართლიანობის და მორალურობის იოტისოდენა შეგრძნება შეგრჩენიათ, ახლა ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეთ, არამედ სასწრაფოდ ევროკავშირის საგანგებო ღონისძიებაზე უნდა ფიქრობდეთ,რომ დაჩქარებული წესით მიანიჭოთ საქართველოს სტატუსი, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალიც ფეხზე გკიდიათ, მთავარი თქვენი ინტერესებია!“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.
,,ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში დავასრულებდი”- ტრამპი
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებდა. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანულ ტელევიზია GB News-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის ერთ დღეში დასრულების მიზნით, ის ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პირად ურთიერთობას გამოიყენებდა.
ინტერვიუს დროს თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა შტატებში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
ილია მეორე ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას ულოცავს
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას ულოცავს.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, ჩარლზ III არის მე-40 მონარქი, რაც გაერთიანებული სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს.
„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ გაერთიანებული სამეფოს მეფედ კურთხევას.
თქვენ ბრძანდებით მე-40 მონარქი, რაც ამ სამეფოს უძველესობასა და მემკვიდრეობის უწყვეტობაზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის სიძლიერესა და მნიშვნელობას მსოფლიო მონარქთა შორის.
ამიტომაც განსაკუთრებულია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა.
ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენი ჯვრის ღვთისსათნოდ მტვირთველობა.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი მეუღლე, დედოფალი კამილა და მშვიდობით აკურთხოს თქვენი მეფობა“, – ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.
,,პარტიაში არ არის ახლა არჩევნების დრო, არც მაშინ იყო” – მირდატ ქამადაძე
როდესაც, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, პარტიაში არ არის შიდა არჩევნების ჩატარების დრო… – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ მედიასთან სივრცეში“ განაცხადა. „ეს არ არჩევნები რას მოიტანს?! არაფერს განსაკუთრებულს, იმიტომ, რომ ჩვენ მაშინაც ვამბობდით და დღესაც იგივე აზრზე ვრჩებით, რომ პარტიაში არ არის ახლა არჩევნების დრო, არც მაშინ იყო ამის დრო და არც ახლა არის. თუ პარტია აცხადებს, რომ პარტია არის საგანგებო მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და პარტიის ერთ-ერთი მთავარი და უდავო ლიდერი არის უკანონო პატიმრობაში და ამას ემატება ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჰუმანიტარული მიზნით მისი ქვეყნიდან გაყვანა არ ხდება, ამ დროს პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარება არ ემსახურება მთავარ მიზანს და მთავარ ინტერესს“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
“37 მანეთს ჩვენ მოგცემთ და გადაშენდით აქედან”- აქცია საგარეოსთან ( ფოტოები)
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრება მინისტრ დარჩიაშვილის განცხადების შემდეგ დაიწყეს, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერების მსგავსად ღიად მიესალმება პუტინის გადაწყვეტილებას და უვიზო მიმოსვლის აღდგენას.
ერთადერთი, ვინც საქართველოსთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას გაემიჯნა და მოსკოვის პროვოკაცია დაგმო, ქვეყნის პრეზიდენტია” – აცხადებენ აქციის მონაწილეები
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანს ტობიას ლინდნერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე. აღინიშნა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ტექნიკური ხასიათის შეთანხმებას.
„სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი” – პაპუაშვილი
სანქციების დაწესებაც და მოხსნაც არის რუსეთის საკითხი და, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რაიმე გავლენა ვერ გვექნებოდა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებისა და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო კეთილსინდისიერად მიჰყვება ევროპულ განაცხადს. მისი თქმით, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა დაწესებულ სანქციებს რუსეთის მიმართებაში გვერდი აუაროს. „2019-2020 წლებში ჩვენი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ეს სანქციები როგორც ვიზის ნაწილში, ასევე, ფრენების ნაწილში, მოეხსნა. ამ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველომ ორი რამე განაცხადა მკაფიოდ, რომ ჩვენ ევროპულ განაცხადს მივყვებით კეთილსინდისიერად. ასევე, საქართველო არ გახდება ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ გვერდი აუაროს ნებისმიერმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიმართ და საქართველო ამ დანაპირებს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ასრულებს. საქართველო არ აპირებს ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს და ამ პრინციპსაც მივყვებით. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს არის ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი მიდგომა – ერთი მხრივ, ჩვენ პირნათელი ვართ იმ საერთაშორისო ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს სანქციების შეზღუდვებით რუსეთის იძულებას, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. მეორე მხრივ, ჩვენ დამატებით ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ ჩვენი მოსახლეობის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს ესკალაცია ურთიერთობების, რადგან რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ არის გაზრდილი რისკის ქვეშ შესაძლო სამხედრო კონფლიქტის რუსეთთან. ამიტომ ჩვენ ეროვნული ინტერესი გვკარნახობს, რომ ურთიერთობების ესკალაცია არ მოხდეს,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაცია მძღოლებისთვის – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 11 მაისის 08:00-დან 13 მაისის 08:00 საათამდე, ბორის კუფტინის ქუჩა N7-დან ლერმონტოვის ქუჩა N3-მდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ბორის კუფტინის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.
მოძრაობა დასაშვები იქნება კუფტინის ქუჩიდან გია აბესაძის ქუჩისკენ, ხოლო აბესაძის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ზედიზედ მეორედ – ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველი ტატო გრიგალაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტატომ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო. 2021-ში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე კი იგივე მეტოქეების დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა.