,,ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს კი ნუ აკეთებდეთ, საქართველოს სტატუსი დაჩქარებული წესით მიანიჭოთ ” – ქადაგიძე

353
spot_img

„თქვენ თუ სამართლიანობის და მორალურობის იოტისოდენა შეგრძნება შეგრჩენიათ, ახლა ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეთ, არამედ სასწრაფოდ ევროკავშირის საგანგებო ღონისძიებაზე უნდა ფიქრობდეთ, რომ დაჩქარებული წესით მიანიჭოთ საქართველოს სტატუსი“, – ამ სიტყვებით მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირს. ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება, რომლითაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს აფრთხილებს მოსალოდნელი სანქციების შესახებ. ასევე, ქადაგიძემ გააზიარა ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტუსკის და ევროკავშირის განცხადებები, რომლითაც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის გამო. „პირველი განცხადება ახალია და დანარჩენი ორი, რუსეთ-საქართველოს ომამდე გაკეთებული არ გეგონოთ. 2008 წლის რუსული ძალადობა მომხდარია, აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია. მეტიც – ყირიმი, დონბასი, ლუგანსკი ანექსირებულია. ჰო და რა მაინტერესებს იცით, როცა როგორ მოეპრიანებათ ისეთი განცხადებები უნდა აკეთონ და საქართველომაც ამათ ნარატივებს უნდა სდიოს? თან განსაკუთრებით, ისაა პარადოქსი, რომ კრემლის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ პასუხს. სინამდვილეში, ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა და 1200000 ქართველიც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მთავარია, კიდევ ერთხელ გამოიყენონ რუსული თემა, საქართველოში პოლარიზაციის გასაღვივებლად. ჰო და კიდევ ერთი: თქვენ თუ სამართლიანობის და მორალურობის იოტისოდენა შეგრძნება შეგრჩენიათ, ახლა ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს კი არ უნდა აკეთებდეთ, არამედ სასწრაფოდ ევროკავშირის საგანგებო ღონისძიებაზე უნდა ფიქრობდეთ,რომ დაჩქარებული წესით მიანიჭოთ საქართველოს სტატუსი, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალიც ფეხზე გკიდიათ, მთავარი თქვენი ინტერესებია!“ – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.