Home Blog Page 2292

,, თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო?“- ნიკოლეიშვილი

„მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსებმა შეზღუდვები დააწესეს, მთლად ევროკავშირი მოუწოდებდა პუტინს, ეგ გადაწყვეტილება შეცდომაა და ფრენები აღადგინეო. და თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ექსპერტი ასევე იხსენებს ევროკავშირის განცხადებას, სადაც საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას არაპროპორციულად მიიჩნევს. „სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსებმა შეზღუდვები დააწესეს, მთლად ევროკავშირი მოუწოდებდა პუტინს, ეგ გადაწყვეტილება შეცდომაა და ფრენები აღადგინეო. და თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო? აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი არ ჰქონდა წაღებული? 2008 წლის ომი არ გვქონდა გადატანილი?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაწესებული სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა.

,,საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა” – ქადაგიშვილი

თუ საქართველოს პრეზიდენტმა, პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციად შეაფასა, მაშინ მოვუწოდებ მასაც და ყველას, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც, ლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. „ეს სანქცია საქართველოს მოსახლეობას რუსეთმა დაუწესა (საქართველო აქ არაფერ შუაშია) და მანვე მოხსნა. კონკრეტულად, ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ვისაც უწევს კომუნიკაცია, იქ ცხოვრობენ, ნათესავები ჰყავთ, ეს მისვლა-მოსვლა მაინც იყო და ეს მათთვის იყო ძალიან დიდი ტვირთი, დამატებითი ხარჯები, წვალება და ეს ერთგვარად კონკრეტულ ადამიანებს ეხსნებათ. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, საქართველოს არავისთვის უთხოვია ამ მიმართულებით რაიმე შეღავათის მოცემა – ეს მათი გადაწყვეტილებაა. მეორე – თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც პროვოკაციის მოწყობა და ნებისმიერ მომენტში აგრესიის გამოხატვა შეუძლია, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ არ გადავდგათ ჩვენც იგივე ნაბიჯები, რომელიც მის ამ პროვოკაციას ან სხვა ტიპის ესკალაციას და აგრესიას შესაძლებელს ხდის“, აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.

“რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება”

რატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საქართველომ სტატუსი ევროკავშირისგან დროულად, დაყოვნების გარეშე მიიღოს.

თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო.

“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

ამერიკელი კონგრესმენი თაღლითობის სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი კონგრესმენი ჯორჯ სანტოსი თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო სახსრების მითვისების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

34 წლის სანტოსი „რესპუბლიკელია“, ის წარმომადგენელთა პალატაში ნიუ-იორკის მესამე ოლქიდან, 2022 წლის ნოემბერში, შუალედური არჩევნების დროს აირჩიეს. თანამდებობაზე არჩევიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი რეზიუმეს დიდი ნაწილი გაყალბებული იყო.

ბრალდების თანახმად, სანტოსის მიერ მითითებული ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბია. გარდა ამისა, მან დაარღვია საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონები. ჯორჯ სანტოსმა ასევე მოიტყუა, როდესაც მიუთითა, რომ მისი ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჯორჯ სანტოსმა ასევე შექმნა ცხოველების უფლებების დამცველი ყალბი საქველმოქმედო ფონდი.

სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე „შეალამაზა“, თუმცა დანარჩენ ბრალდებებს, მათ შორის ქურდობას ის უარყოფს. ის პოლიციას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.

კონგრესმენს ბრალი ედება თაღლითობის 7 ეპიზოდზე, ფულის გათეთრების 3 ეპიზოდზე, სახელმწიფო სახსრების მითვისების ერთ ეპიზოდსა და წარმომადგენელთა პალატაში ყალბი განცხადებების გაკეთების 2 ეპიზოდზე.

“რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს”- მამუკა ხაზარაძე

„რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას „ქართული ოცნების“ მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს.

რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. „ლელო“ ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით.

რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

„ქართული ოცნება“ და რუსული პოლიტიკა ერთი და იგივეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს, რაც პირდაპირ რუსული ინტერესია“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად მიიღო” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებლად მიიღო.

„მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის იმასთან დაკავშირებით, რომ მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეცვალა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც მათ თავად მიიღეს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში. სწორედ მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ეს და ნებისმიერი ქვეყანა წყვეტს, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დააწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი მოქალაქეებისთვის მოხსნას. სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან დაკავშირებულ უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, თუ როდის და რა რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, გადაწყვეტილება, რომელმაც მოუხსნა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რომლებსაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი ადამიანებთან, მათ ახლობლებთან, ნათესავებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.

,,ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის” – კარასინი

ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს“, – ასე ეხმაურება „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის უფლების მიცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. „შემოვიფარგლები მხოლოდ ერთით, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ძალიან კარგი სიახლეა ქართველი და რუსი ხალხისთვის. ეს ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას, ურთიერთგაგებას და ამაზე დავსვამდი მრავალ წერტილს. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯს, არ ვიჩქარებდი პროგნოზების გაკეთებისგან, რადგან რთულ დროში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, დღეს გვაქვს საბაბი ვიყოთ კმაყოფილები, რადგან გადაწყდა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სავიზო რეჟიმის მოხსნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია და იმედი მაქვს, ამას ყველა სწორად გაიგებს“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა. ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა.

„ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა „პარკინგების მბრძანებლისგან” – შაქარაშვილი

კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის რეაქციას აფასებს. როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების ოპონენტებს მიღებული აქვთ დირექტივა, რუსეთის მიერ თავისივე დაწესებული რეგულაციის მოხსნისთვის საქართველოს მთავრობის გადადგომა და სანქციების დაწესება მოითხოვონ. მისივე განმარტებით, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნის 70% აკმაყოფილებს. „ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა „პარკინგების მბრძანებლისგან”, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე – მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები – გადადგეს საქართველოს მთავრობა და სანქციების მოხსნაზე, ვუპასუხოთ სანქციების დაწესებით… სრულ სიგიჟეში არიან! ცნობისთვის, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ნაწილი ევროპის ქვეყნებში ჩადის სავიზო პროცედურების გასავლელად და უფრო დიდი ნაწილი კი, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას, მექსიკის საზღვრიდან… პარადოქსი კი ის არის, რომ აშშ-მა გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზებზე მოთხოვნათა 70% დააკმაყოფილა… ეს ისე მაინც, ინფორმაციისთვის!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

კობა კობალაძე რაგბის კლუბ ”არმიის” პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ “არმიის” პრეზიდენტს, ირაკლი სულთანიშვილს, მთავარ მწვრთნელს, ლევან ობოლაძეს და გუნდის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა დიდი 10-ში გადასასვლელი ფინალური მატჩების შედეგები შეაფასეს.

შეგახსენებთ, “არმია” 6 მაისს გამართულ ფინალურ შეხვედრაზე, ოზურგეთის “არწივებთან” დამარცხდა. გუნდს, დიდი 10-სთვის ბრძოლა, ჯერ არ დაუსრულებია. წინ მათ კიდევ ორი მატჩი ელოდებათ, დიდი 10-ის მეცხრე ადგილის მფლობელ “აკადემიასთან”.

სტუმრებმა, კობა კობალაძეს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ კი, სამსახურის დირექტორმა, „არმიელებს,” ყველა გამოწვევის დაძლევაში თანადგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კლუბი ”არმია” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, ”არმიელებისთვის” მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი პირობაა.

უცხოური ვალუტის კურსი 11 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5294 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5294 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0464 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7707 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7430 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0277 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა” – ლევან ხაბეიშვილი

პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის ნება ურყევია და საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას და არა რუსეთს.

„პუტინმა საქართველო ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა – გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე…

ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს აცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ჯაზფესტივალი ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა „ჯაზ ლაბის“ დარბაზში გახსნის. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-ი და მისი ოთხი გამორჩეული შემსრულებელი – Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius და Harvey Mason წარსდგა.

ფესტივალის მნიშვნელობაზე “ჯორჯიან თაიმსს“ ისთერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე ესაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო საფესტივალო სეზონის გახსნა. დღეს რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი იწყება. ტრადიციულად ფესტივალი სრულიად გადაუჭარბებელ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დატვირთული. მაყურებლის წინაშე მართლაც საუკეთესო, წელს ყველაზე მოთხოვნადი არტისტები წარდგებიან. ვფიქრობ, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის ტრადიციის უწყვეტობის მქონე ღონისძიებები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ კარგი, ან თუნდაც ძალიან კარგი კულტურული ღონისძიება. ეს არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა, რომელშიც ასეთი მასშტაბისა და ხარისხის ღონისძიება იმართება, არის საკმარისად სტაბილური და უსაფრთხო. ქვეყანაში საკმარისად არის განვითარებული სხვადასხვა სერვისი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, ტექნიკური უზრუნველყოფის რესურსი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით,”– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები. ამის შესახებ ისთერნ პრომოუშენსის თანადამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა.

„პირველ რიგში მოსალოცი, ის არის რომ პანდემია დამთავრდა და ყველა ფესტივალი საკუთარ გრაფიკს უბრუნდება და ჩვენც შევძელით ფესტივალის ორგანიზება. დღევანდელი ფესტივალი გაიხსნება არაჩვეულებრივი მუსიკოსების თანხლებით. გარდა მუსიკალური მრავალფეროვნებისა, გახსნილი გვაქვს პატარა კინო დარბაზი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმი – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ , რომელიც ჯაზფესტივალების ისტორიას ეხება. ასვე საინტერესო გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გვაქვს, ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი ჩიქოვანის, რომელიც მუსიკალურ თემაზეა შექმნილი, სპეციალურად ფესტივალისთვის. ასევე, გვაქვს კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა. ვფიქრობ, კარგი ატმოსფეროა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სამი დღე მხიარულად ჩაივლის,“ – აღნიშნა გიორგი კერესელიძე.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფესტივალის ფარგლებში გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გაიმართა. როგორც გამოფენის ავტორმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა ნახატებზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„უკვე მესამედ ვიღებ ჯაზფესტივალში მონაწილეობას, როგორც მხატვარი. წარმოვადგენ ჩემს ნახატებს, რომელიც კონკრეტულად ამ საღამოსთვის შეიქმნა. 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თემაზე. წარმოდგენილი მაქვს 16 ფერწერული ტილო და ორი გრაფიკა. წელს ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ფესტივალი იქნება, რომელიც მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრდება,“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ჯაზფესტივალი ისევ გრძელდება. 10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

/ ნინო ოთარაშვილი /