თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა

576
spot_img

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს აცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ჯაზფესტივალი ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა „ჯაზ ლაბის“ დარბაზში გახსნის. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-ი და მისი ოთხი გამორჩეული შემსრულებელი – Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius და Harvey Mason წარსდგა.

ფესტივალის მნიშვნელობაზე “ჯორჯიან თაიმსს“ ისთერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე ესაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო საფესტივალო სეზონის გახსნა. დღეს რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი იწყება. ტრადიციულად ფესტივალი სრულიად გადაუჭარბებელ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დატვირთული. მაყურებლის წინაშე მართლაც საუკეთესო, წელს ყველაზე მოთხოვნადი არტისტები წარდგებიან. ვფიქრობ, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის ტრადიციის უწყვეტობის მქონე ღონისძიებები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ კარგი, ან თუნდაც ძალიან კარგი კულტურული ღონისძიება. ეს არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა, რომელშიც ასეთი მასშტაბისა და ხარისხის ღონისძიება იმართება, არის საკმარისად სტაბილური და უსაფრთხო. ქვეყანაში საკმარისად არის განვითარებული სხვადასხვა სერვისი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, ტექნიკური უზრუნველყოფის რესურსი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით,”– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები. ამის შესახებ ისთერნ პრომოუშენსის თანადამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა.

„პირველ რიგში მოსალოცი, ის არის რომ პანდემია დამთავრდა და ყველა ფესტივალი საკუთარ გრაფიკს უბრუნდება და ჩვენც შევძელით ფესტივალის ორგანიზება. დღევანდელი ფესტივალი გაიხსნება არაჩვეულებრივი მუსიკოსების თანხლებით. გარდა მუსიკალური მრავალფეროვნებისა, გახსნილი გვაქვს პატარა კინო დარბაზი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმი – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ , რომელიც ჯაზფესტივალების ისტორიას ეხება. ასვე საინტერესო გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გვაქვს, ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი ჩიქოვანის, რომელიც მუსიკალურ თემაზეა შექმნილი, სპეციალურად ფესტივალისთვის. ასევე, გვაქვს კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა. ვფიქრობ, კარგი ატმოსფეროა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სამი დღე მხიარულად ჩაივლის,“ – აღნიშნა გიორგი კერესელიძე.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფესტივალის ფარგლებში გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გაიმართა. როგორც გამოფენის ავტორმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა ნახატებზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„უკვე მესამედ ვიღებ ჯაზფესტივალში მონაწილეობას, როგორც მხატვარი. წარმოვადგენ ჩემს ნახატებს, რომელიც კონკრეტულად ამ საღამოსთვის შეიქმნა. 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თემაზე. წარმოდგენილი მაქვს 16 ფერწერული ტილო და ორი გრაფიკა. წელს ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ფესტივალი იქნება, რომელიც მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრდება,“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ჯაზფესტივალი ისევ გრძელდება. 10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

/ ნინო ოთარაშვილი /