“რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება”

79
spot_img

რატომ დაიწყო რუსეთმა ახალი გადაწყვეტილებების მიღება და რატომ გააუქმა სანქციები? – საქართველო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რა საკვირველია, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება და ის გადაწყვეტილებები გამოიწვია, რაც დღეს სახეზეა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, რომ საქართველომ სტატუსი ევროკავშირისგან დროულად, დაყოვნების გარეშე მიიღოს.

თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო.

“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.