Home Blog Page 2283

“სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა, არანაირი “მესამე გზა” არ არსებობს”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხ. აფრიკა) ხვედრითი წილი მსოფლიო მთლიან შიდა პრდუქტში (მშპ) 31,5% გახდა და გადააჭარბა.

G7-ის (ანუ “დიდი შვიდეულის”, – შვიდი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს) წილს (30,7%) მსოფლიო მშპ-ში. ეს უპირატესობა ძირითადად განაპირობა ჩინეთისა და ინდოეთის ეკონომიკების მნიშვნელოვანმა დაწინაურებამ. ამას ემატება უდიდესი უპირატესობა მოსახლეობის რაოდენობაში, ევროპის ეკონომიკური პრობლემები და პროცესები, რომლებიც შეუქცევადს ხდის ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას!

სამყარო იცვლება! ქართველებს სჭირდებათ: საღი აზრი, პრაგმატიზმი, პროფესიული პოლიტიკა, განათლება და მეცნიერება, საღი ურთიერთგამაწონასწორებელი და ურთიერთშემაკავებელი ინსტიტუტები, შეთანხმება საერთო “თამაშის წესებზე” და შეთანხმება მომავალზე! ამისთვის კი აუცილებელია დამპალ იდეოლოგიურ გავლენაზე უარის თქმა (რომელსაც არაფერი აკავშირებს დასავლურ კულტურასთან) და იმ ნაგვისგან ქვეყნის ~ გაწმენდა, რაც 30 წელმა ააყვავა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ხელისუფლებების ავანსცენებზე წამოასკუპა!

ახლა ასეთი პერიოდია: “ან-ან”. სხვა ალტერნატივა აღარ დარჩა! არანაირი “მესამე გზა” არ არსებობს! ხომ ხედავთ, ყალბი ლოზუნგების ამოფარებით, ტერორისტული ჯგუფების მომზადება და იდეოლოგიურ მონათა აღზრდის პროცესი მიდის. მართალია, მათ არაფერი შეუძლიათ, მაგრამ ისინი საფრთხეს შეუქმნიან ქართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს!

არჩევანი საღ ქართველებზეა! არ გსურთ დღედაღამ შრომა და მდგომარეობის გამოსწორება?! მდგომარეობა თავად გაასწორებს მიწასთან ქართველებს!

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე.

„მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ მე მქონდა შეხვედრა ნინო ქადაგიძესთან, მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგ. როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება, ყოველგვარი ჩარევებისგან, ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში ვისწრაფვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ნუ გააღვიძებთ ჩინეთს, თორემ…“ – რას წერს უცხოური პრესა

თურქულ გაზეთ Yeni Çağ-ში („ახალი საუკუნე“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოღვიძებული ჩინეთი და თურქეთი“ (ავტორი – ნაიმ ბაბიუროღლუ). მასში გატარებულია აზრი, რომ გამოღვიძებული ჩინეთი და რუსეთი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ბოლოს მოუღებენ. დიდი ნაპოლეონი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ამბობდა – „ნუ გააღვიძებთ ჩინეთს, თორემ…“

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გეოპოლიტიკა ნიშნავს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებას მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო გეოსტრატეგია – გეოპოლიტიკური ინტერესების სტრატეგიულ მართვას.

ევრაზია დედამიწის უდიდეს კონტინენტს წარმოადგენს, რომელზეც მსოფლიოს მოსახლეობის 75% ცხოვრობს. ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ყველაზე მეტი ნაწილი ევრაზიაშია. ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნებიდან, აშშ-ის შემდეგ, ექვსი ევრაზიაში მდებარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – აშშ-ის ყველა კონკურენტი ევრაზიის კონტინენტზე იმყოფება.

ამერიკამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს ერთპიროვნული კონტროლი დაიწყო. ასეთმა მომგებიანმა სიტუაციამ ამერიკა გააზარმაცა და თვითკმაყოფილი გახადა. იმ პოლიტიკით, რომელსაც აშშ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების შესაბამისად ატარებს, ვაშინგტონმა დემოკრატიის კონცეფცია დაარღვია. საბოლოო ჯამში ერთპოლუსიან მსოფლიოში ნაციონალიზმის ანტიამერიკანიზმად ტრანსფორმირება მოხდა. ამერიკამ, ისარგებლა რა თავისი სამხედრო ძლიერებით, დემოკრატიის სახელით „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ პროექტის რეალიზება დაიწყო – განახორციელა „არაბული გაზაფხული“, რომელიც სინამდვილეში „სისხლიან შემოდგომად“ იქცა. ამერიკელებმა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ერაყი, სირია, იემენი – გადააქცია ქვეყნებად, რომლებიც ქაოსი მეფობს. ეს პროცესი შეეხო იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ამერიკასთან თანამშრომლობდნენ. მათგან ყველაზე მეტად თურქეთი დაზარალდა.

აშშ-ის ფლოტი დედამიწის ყველა ოკეანეს და ზღვას აკონტროლებს. ყოველი ამერიკული სამხედრო ხომალდი კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით ყველაფერს უთვალთვალებს… მაგრამ რადგანაც სამხედრო-საზღვაო ძლიერება ერთპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო, ამერიკა გააქტიურდა.
„უკრაინის გარეშე რუსეთს ევრაზიულ იმპერიად ყოფნა არ შეუძლია“, – ამბობს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი. რუსეთი, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ „ქვეყნების მომავალს გეოგრაფია განსაზღვრავს“ კარგად აცნობიერებს, რომ თუ მოსკოვი უკრაინას დასავლეთს დაუთმობს, მაშინ ის საკუთარ გეოგრაფიაში იქნება ჩაკეტილი. აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციული მოქმედების შედეგად რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. უკრაინასთან ომს ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება: რუსეთი, ფაქტობრივად, უკრაინაში ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს ებრძვის. ამერიკის მიზანს მშვიდობა კი არა, რუსეთის დასუსტება წარმოადგენს უკრაინის მეშვეობით – ხომ გახსოვთ – ისე, როგორც ავღანეთში იყო 1980-იან წლებში.

და ამ დროს სცენაზე გამოდის ჩინეთი, რომელიც სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს. ანუ ზოგჯერ სიტუაცია შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ამერიკაც საგონებელში ჩავარდეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი 21 მატს მოსკოვს ეწვია და ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას ყოველმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, რომელიც მხარეებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს. ამ დოკუმენტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი მსოფლიო წესრიგის მანიფესტი“.

პეკინი ინიციატივას იჩენს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის შესაჩერებლად. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინის წინადადებას დადებითად მოეკიდა. პეკინმა საკუთარ თავზე აიღო საუდის არაბეთისა და ირანის შერიგება. ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში ისეთი ენერგიით მოდის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეხება, ისრაელსაც და ამერიკასაც. „ცისქვეშეთი“ რუსეთს წინადადებას სთავაზობს სპარსეთის ყურის რეგიონისათვის „კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურის“ შექმნის შესახებ.

1979 წელს, როცა კომუნისტური საბჭოთა კავშირი, რომელიც იმ დროს ზესახელმწიფოს წარმოადგენდა, ავღანეთში შეიჭრა და ამით ხელი შეუწყო საკუთარ კრახს.

კომუნისტურმა ჩინეთი კი, დენ სიაოპინისა და ჯოუ ენლაის ლიდერობით, სწორედ იმ პერიოდში დაადგა რეფორმების გზას. დრეს „ცისქვეშეთი“ მსოფლიოს „სახელოსნოს წარმოადგენს: ჩინეთმა დასავლური ინდუსტრიალიზაციის 200-წლიანი გზა 30 წელიწადში გაიარა.

ბოლო წლებში ჩინეთის ხელმძღვანელობა უდიდეს საბიუჯეტო რესურსებს ხარჯავს თავისი სამხედრო-საზღვაო ძლიერების განსამტკიცებლად: პეკინი გიგანტურ ნაბიჯებს დგამს, რომ მსოფლიო ოკეანეში გადამწყვეტი მოთამაშე გახდეს. ჩინეთის გეგმების რეალიზება ევრაზიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააფართოებს: რეგიონში ისეთი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ძალების მქონე სახელმწიფო ჩნდება, რომელიც ამერიკას კონკურენციას გაუწევს.

ჩინეთი თავისი ტერიტორიის ფართობით მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მიეკუთვნება და აშშ-ის მოსახლეობას ოთხჯერ აჭარბებს. „დაე, ჩინეთს ჯერ ეძინოს… თორემ როცა ის გამოიღვიძებს, მტრისას… მსოფლიო შეძრწუნდება“, – ამბობდა 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი. და აი, ახლა, ჩინეთი იღვიძებს…

თურქეთს კარგი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც აქვს და მნიშვნელობაც. თუმცა იმ მცდარი მიგრაციული პოლიტიკის გატარების დროს, რომელსაც ანკარა ახლო აღმოსავლეთში – განსაკუთრებით ერაყის, ეგვიპტისა და სირის მიმართ ახორციელებს, პრობლემები გაჩნდა. თურქეთი ისეთ ქვეყნად იქცა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი მიგრანტი მიიღო და ამით დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის საფრთხის წინაშე დადგა, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში. გარდა ამისა, სირიელი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერამ თურქეთისათვის გადარჩენის დამატებითი პრობლემა შექმნა.

იმ დროს, როცა თურქეთის საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია 14 მაისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისკენ, სირიამ ურთიერთობა აღადგინა საუდის არაბეთთან და ნაბიჯებს დგამს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში დასაბრუნებლად. ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ბაშარ ასადს ადრე მტრობდნენ, ახლა ისევ ხსნიან საელჩოებს დამასკოში.
თურქეთი კი აგვიანებს – ანკარას, დამასკოსთან ერთად, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ხელისუფლება უკიდურესად ნელა მოქმედებს.
თუ მოვლენათა სტრატეგიული განჭვრეტის ნაცვლად რომელიმე ქვეყანა გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამჟღავნებს, ასეთი გეოგრაფიით იმ ქვეყნის ხვედრი ისტორიული წარუმატებლობა და მარცხია.

იტალიელმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ ნიკოლო მაკიაველმა წიგნი „Il Principe“ („მთავარი“) 1513 წელს დაწერა. წიგნში გატარებული აზრი, რომელსაც დღეს „მაკიაველიზმს“ უწოდებენ, მმართველებს ასეთ რეკომენდაციას აძლევს: „მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ მოქვს წარმატება და ზოგჯერ მმართველები უფსკრულის პირასაც კი მიჰყავს…

წყარო

“საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც არ აუწევს ხელს, არის თვითმარქვია ოპოზიცია”

პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომ დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რათა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ოპოზიციისთვის ტესტი იქნება, ვინ არის თვითმარქვია და ვინ – ნამდვილი ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შექმნას მხარს ვინც არ დაუჭერს, ის იქნება თვითმარქვია ოპოზიცია.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს ვინც არ აუწევს, არის თვითმარქვია ოპოზიცია და საკუთარ თავს ოპოზიციას ნუ უწოდებს. ვითომ ოპოზიციის ჩათვლით პარლამენტში 57 ოპოზიციონერი ვართ. თუ ეს დადგენილება ვერ გავიდა, ტესტი მარტივი იქნება, რომ არსებობს თვითმარქვია ოპოზიცია. თვითმარქვია ოპოზიცია არის როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე პარლამენტში. თუ მმართველი გუნდი სხდომაზე არ მოვა და პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომს დაადებს, ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო ქმედება იქნება და გამოჩნდება, რომ მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანებს. როდემდე ჩააგდებენ კვორუმს?- პარლამენტის სხდომა ხომ უნდა გაიმართოს და პარლამენტის პარალიზება ხომ არ მოხდება? თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ. ამიტომ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მაინც მოუწევთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი?”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს, რომლის მიხედვითაც, გვარამია მოსამართლეს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადადგომის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.

„დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი? ცხადია არა! კონიუნქტურა ის იყო, რომ „თავისუფლების მედროშე მედიამენეჯერი“, სინამდვილეში კი, ვიშინსკის ერთგული მემკვიდრე, „რუსთავი 2“-ის მძარცველი „უმანკოა“. შემდგომში, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე იყო საელჩოს ატაშეს ზეწოლა და ამერიკაში სემინარზე გამგზავრებიდან ჩახსნა.

არც მიკვირს. თავად აშშ-ში, ამერიკელი კონსერვატორები დიდი ხანია ამბობენ – დიდი ტყუილია მემარცხენეების პროპაგანდა მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე“, – წერს გია აბაშიძე.

“რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს”

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„მტერი გადავიდა, როგორც ამბობენ, „სირიულ, გადამწვარი მიწის“ ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს საჰაერო დარტყმებით, თუმცა ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, – განაცხადა სირსკიმ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა, ბრძოლაში ჩართოს სპეცრაზმი და საჰაერო თავდასხმის დანაყოფები. ალექსანდრ სირსკი ბახმუტის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა. მედიიის ინფორმაციით, მას საუბარი ჰქონდა სამხედრო ნაწილების მეთაურებთან, ასევე ადგილზე ადგენდა დავალებებს.

შსს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია” – ივანე ჩხაიძე

„დღეს წარმოდგენილი პროექტი, ალბათ, არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება, მართლაც, სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია“, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს, სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ, ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე, სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ.

„ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მეტი სავალუტო შემოსავალი არა მხოლოდ რუსეთიდან; ყოველთვიური ადგილობრივი ინფლაცია უკვე სამიზნეზეა

მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.

მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებს აღემატება.

სავალუტო შემოდინებების კუთხით, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის წილი გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც. ამასთან, აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, თიბისის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ექსპორტის მხრივ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიების ანგარიშგასაწევი ნაწილი სასაქონლო პროდუქტებია, რომელთა ექსპორტიც უფრო საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ ბაზარზე არსებულ ცნობადობასა და მოთხოვნაზე. ისევე როგორც, გასათვალისწინებელია, რომ რეექსპორტის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ავტომობილები, ადგილობრივი დამატებული ღირებულების წილი მცირეა. იმპორტის კუთხით,  სხვა ბაზრებზე გადართვის საჭიროების შემთხვევაში, თავისთავად მთავარი კითხვა ფასი უფროა, ვიდრე ხელმისაწვდომობა.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

 

“აქცია ვერ შედგა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა”

გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა ხაბეიშვილისა და სხვა ოპოზიციონერების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა.

„თავადაც იცოდნენ, რომ ეს აქცია წარუმატებლობისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა. არ გამოვრიცხავ, ლევან ხაბეიშვილმა ამის გამო მკაცრი საყვედურები მიიღოს. მერამდენედ ხდება, როცა ის იმუქრება ხან ციხე-სიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ საშინელ გაზაფხულს მოაწყობს, ხან ხელისუფლების გადაყენებას აანონსებს, ასეთი არასერიოზული განცხადებები უკვე არც გასაკვირია და არც – ახალი. გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა სანდო ლიდერები.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები ვნახეთ. ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, ორი ოპოზიციონერი იმაზე ჩხუბობდა, ვის უნდა დაეწყო ბრიფინგი. ასევე ვნახეთ, ქოლგის შტაბი, სადაც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდა. ამ შტაბის დაშლაც ვნახეთ. ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული, მაგრამ როლების განაწილებისას ამომრჩეველს ატყუებენ და იმედგაცრუება მოაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება” – კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, წინასწარ ვამბობთ ამას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემები რეაბილიტაციის დასრულებისთანავე მოგვარდება.

„დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობთ ამას, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით. როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

“9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის, მათი ფოტოები არ გინახავთ?”-გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს

მადამ სალომე 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის. მათი ფოტოები არ გინახავთ? აა, ამიტომ არ მოგვსვლია აზრად მათი დაჯილდოება, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა twitter-ში პოსტს აქვეყნებს.

„და ევროპულად – ცეცხლის და ქვების წვიმაში! მიწაზე დაგდებული ქართული დროშა რომ აიღო პოლიციელმა და აკოცა არც ეს გინახიათ ხომ? აფსუს“, – წერს გოგა ხაინდრავა.