პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომ დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რათა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ოპოზიციისთვის ტესტი იქნება, ვინ არის თვითმარქვია და ვინ – ნამდვილი ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის შექმნას მხარს ვინც არ დაუჭერს, ის იქნება თვითმარქვია ოპოზიცია.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს ვინც არ აუწევს, არის თვითმარქვია ოპოზიცია და საკუთარ თავს ოპოზიციას ნუ უწოდებს. ვითომ ოპოზიციის ჩათვლით პარლამენტში 57 ოპოზიციონერი ვართ. თუ ეს დადგენილება ვერ გავიდა, ტესტი მარტივი იქნება, რომ არსებობს თვითმარქვია ოპოზიცია. თვითმარქვია ოპოზიცია არის როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე პარლამენტში. თუ მმართველი გუნდი სხდომაზე არ მოვა და პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომს დაადებს, ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო ქმედება იქნება და გამოჩნდება, რომ მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანებს. როდემდე ჩააგდებენ კვორუმს?- პარლამენტის სხდომა ხომ უნდა გაიმართოს და პარლამენტის პარალიზება ხომ არ მოხდება? თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ. ამიტომ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მაინც მოუწევთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.