აჭარული, მეგრული, გურული და სვანური ხაჭაპური- საქართველოს და ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია. მომზადების წესი კუთხეების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ხაჭაპური მსოფლიოს 50 საუკეთესო ყველიან კერძს შორის, მე-7 ადგილს იკავებს.
ხაჭაპური – ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კერძია. მოსამზადებლად მარტივია, თუმცა ახლა სტანდარტული რეცეპტი ცოტა ხნით შეიცვალა და მესხური ხაჭაპური მზადდება. ხაჭაპურის თითქმის ყველა ვარიაციამ მსოფლიოში აღიარებული გურმანებისგან მოწონება დაიმსახურა.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ხაჭაპური, საქართველოს ტრადიციაა. ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაა კი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მთავარი ამოცანაა. კვლევა უკვე დაწყებულია და აღმოჩენილია 47 სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური.
ხაჭაპური ანუ ’’ყველიანი პური’’ რომ უნიკალურია – ამას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ და მის პოპულარიზაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
ხაჭაპურის ამბავს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ჰყვებიან, თუმცა ფაქტები ადასტურებს, რომ ის დასავლეთ საქართველოში გაჩნდა. ქართულმა ეროვნულმა კერძმა წარმატებას უკვე არაერთხელ მიაღწია და საპატიო ადგილიც დაიკავა. მომავალში კერძის იუნესკოზე წარდგენაა დაგეგმილი.