Home Blog Page 2279

რუსეთმა 73 საავიაციო შეტევა განახორციელა და 38 დრონი გამოიყენა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით განახორციელა 73 საჰაერო თავდასხმა, „შაჰიდის“ ტიპის 38 დრონი გამოიყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების საშუალებით 37-ჯერ გაისროლა უკრაინელი მებრძოლების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ამას გარდა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი სამხედროების კონცენტრაციის ზონებს და ტექნიკას შეუტიეს, რა დროსაც, განადგურდა მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი.

ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 12 შეტევა მიიტანა მტრის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ზონებზე, შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკაზე.

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, „რომელთა ზედა მაცხოვარმა ჴელნი განიპყრნა“. მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი – კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  – სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე.

რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი ხადილით: „უფალო, შეგვიწყალენ“, კრძალვით თაყვანს სცემდა მას.

წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიაკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (ხს. 28 ოქტომბერს). წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა – 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან – სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს – უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრიტელი წერს: „ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება – მჭმუნვარებისა“.

ილია დარჩიაშვილი ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას. მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით.

ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით, იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, – ამის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე. გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საქმე ეხება პარტია „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგს. ჩხარტიშვილის განმარტებით, ბრალდება რუსულ ნავთობთან მის კავშირსა და სანქციების გვერდის ავლაზე მიზანმიმართული კამპანიაა, როგორც მის მიმართ, ასევე მთლიანად ქვეყნის მიმართ. ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, ეს არ არის „ლელოს“ მხრიდან სიცრუის ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ესაა, როგორც გამიზნული მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნეს ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობა.

„დღეს, ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა რუსული სანქცირებული ნავთობის გასაღებისა და რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის არარსებულ ფაქტთან დაკავშირებით მახსენა. ირაკლი კუპრაძე გამოუცდელი ახალგაზრდაა და ადვილია მისი გამხმოვანებლად გამოყენება, მაგრამ ამ ბრიფინგის დამგეგმავმა, „ლელოს“ დამფუძნებელმა და თაღლითობაში მხილებულმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კარგად იციან, რომ არც სანქციამდე და მით უფრო სანქციების მერე არ მქონია არანაირი შეხება რუსულ ნავთობთან და ჩვენი მხრიდან არ ყოფილა და არც მომავალში ექნება ადგილი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას.

უფრო მეტიც, ბიზნესში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი რამ თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან გემების და ტვირთების საზღვრის კვეთას სასაზღვრო ადმინისტრაცია და შემოსავლების სამსახურები მკაცრად აკონტროლებენ და გასული წლის 26 თებერვლიდან საქართველოში არ დაფიქსირებულა სანქციის დარღვევის არცერთი შემთხვევა. ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც.

ეს არ არის პარტია „ლელოს“ მხრიდან ჩემზე სიცრუის შეთხზვისა და ტირაჟირების პირველი შემთხვევა და ფაქტია, რომ ადგილი აქვს როგორც გამიზნულ მავნებლობას ქვეყნის წინააღმდეგ, ისე პოლიტიკური ტრიბუნის ბიზნეს ანგარიშსწორებისთვის გამოყენების მცდელობას. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დგანან „ლელოს“ ამ უნიჭო კამპანიის უკან და რომელთაც არც სამართლებრივი, არც მორალური და არც ბიზნეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, ჩემი მხრიდან მაინც სამართლებრივი რეაგირება იქნება“, – აღნიშნულია ბიზნესმენის განცხადებაში.

ნათია თურნავა პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის  განახლების აუცილებლობას.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ელჩთან. დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ რეგულაციაზე. დავაფიქსირეთ, რომ განხორციელებული ცვლილება ემსახურება სანქციების უნაკლო და საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების შესრულების ერთგული რჩება.  რასაკვირველია, ელჩს კითხვები ქონდა ამ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ჩვენი მხრიდან დეტალური განმარტება მიიღო.

ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე, იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ ეტაპზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანმშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობას.

„საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე. ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტის მნიშვნელობის საჭიროებას. რასაკვირველია, განსაკუთრებით აღვნიშნეთ ევროკავშირის დახმარების მიმღები ყველა ქვეყნისთვის, მაკროეკონომიური სტაბილურობის აუცილებლობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთი თვის შემდეგ ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს. 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა

შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ეს ორი დღე სრულად შევსებული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის დონეზე, ისე მთავრობაში. ყველგან მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორობა თავისი შინაარსით ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა. ხაზგასმულია ორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების საკითხში. რუმინელი კოლეგებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მეტად და მეტად შევავსოთ შინაარსით, ეს იქნება საპარლამენტო დონე, თუ სხვა განზომილებები. საპარლამენტო დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უეფამ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა –

The trophy is placed on display for the photographers before the soccer Champions League draw in Istanbul, Turkey, Thursday, Aug. 26, 2021. (AP Photo/Emrah Gurel)

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (UEFA) რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბავშვები არ უნდა ისჯებოდნენ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრებათ“.

უეფამ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„უეფა პირველი სპორტული ორგანიზაცია იყო, რომელმაც უკრაინის ომზე რეაგირება მოახდინა და 2022 წლის თებერვალში გადამწყვეტი ზომები მიიღო თავისი შეჯიბრებებიდან ყველა რუსული გუნდის ჩამოშორების და რუსეთში დაგეგმილი ისეთი ღონისძიებების გაუქმების სახით, როგორებიცაა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში და უეფას სუპერთასი ყაზანში. ასევე გაუქმდა სასპონსორო კონტრაქტი „გაზპრომთან“.

თუმცა, უეფა ასევე აცნობიერებს, რომ არ შეიძლება ბავშვების დასჯა იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ უფროსებს და მყარად ვართ დარწმუნებული, რომ ფეხბურთმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს მშვიდობისა და იმედის გზავნილების გავრცელება. განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ გრძელვადიანი კონფლიქტის გამო, არასრულწლოვანთა თაობას ჩამოერთვა საერთაშორისო ფეხბურთში ასპარეზობის უფლება. 

ამ მიზეზთა გამო, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის არასრულწლოვანთა გუნდები  ამ სეზონის განმავლობაში ისევ დაიშვებიან შეჯიბრებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მრჩეველი ჰყავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა.

ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ახალი შტატია. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს.

,,არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის”- პაპუაშვილი

გამოსავალი ერთ რამეშია – პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნულ ბანკზე შეწყვიტოს ზეწოლა და შანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება მის ნებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი უნდა დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას.

,,არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს გამოდის. ეს საკითხი პრეზიდენტმა არია, გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს და ამ არეული საკითხის დალაგება იმით შეუძლია პრეზიდენტს, რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობას. ეს არის ერთადერთი შედეგი, თორემ, ამას დომინოს ეფექტი აქვს – იქ, სადაც პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს, შემდეგ სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მისცემენ. ამიტომ არის განსაკუთრებით პრეზიდენტის სიმბოლური როლი სწორედ იმაში, რომ ის უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პატივისცემის. როცა პრეზიდენტი ამის მაგალითი არ არის, უკვე სხვებიც აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ სხვანაირად შეხედონ საკითხს. გამოსავალი ერთ რამეშია – პრეზიდენტი დაუბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ეროვნულ ბანკზე შეწყვიტოს ზეწოლა და შანტაჟი, რომ ამ ინსტიტუციას არაეფექტურს გახდის, თუ არ დაემორჩილება მის ნებას და ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელსაც პრეზიდენტი თვლის სწორად თუ საჭიროდ. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე თავდასხმა უნდა შეწყვიტოს, რადგან ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებს,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმ.

,,შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი კონფერენციას ესწრება”- BBC

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი კონფერენციას ესწრება, მაშინ, როცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ის ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო თავდასხმის დროს მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

რვა წუთიან ვიდეოში ნაჩვენებია თავდაცვის სამინისტროს კოლეგია, თუმცა უცნობია როდის არის გადაღებული ეს კადრები, სადაც ვიქტორ სოკოლოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად არის აღბეჭდილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაღალჩინოსნებთან შეხვედრა 26 სექტემბერს გაიმართა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებდნენ, რომ 22 სექტემბერს ოკუპირებულ სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო შეტევის დროს, 34 რუსი ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიქტორ სოკოლოვი დაიღუპა.

მმართველი პარტია საკონსტიტუციოში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე 5 დეპუტატს მიავლენს

“ქართული ოცნება” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადება –  3 ოქტომბერს დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მმართველი პატია 5 თავის დეპუტატს – ირაკლი კობახიძეს, მიხეილ სარჯველაძეს, ანრი ოხანაშვილს , თენგიზ შარმანაშვილს და გიორგი კახიანს მიავლენს.

პროცესზე კონსტიტუციონალისტი იქნება სამი დეპუტატი, ხოლო იურისტი ორი. სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება სალომე ზურაბიშვილსაც, თუმცა დაესწრება თუ პროცესს პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია.

“5 დეპუტატს, ვისაც გვაქვს უფლებამოსილება  მონიჭებული ჩვენი კოლეგების წარმომადგენლობის განხორციელების, შეგვიძლია რომ ხუთივე წარვდგეთ საკონსტიტუციოს წინაშე. საქართველოს პრეზიდენტს, ვინაიდან მისი იმპიჩმენტის პროცედურა განიხილება, კანონი აძლევს
 შესაძლებლობას მიიღოს პროცესში მონაწილეობას, თუმცა როგორ მიიღებს ეს უკვე საკონსტიტუციოს საგანია და ადგილზე გაირკვევა.” ამბობს ანრი ოხანაშვილი