უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით განახორციელა 73 საჰაერო თავდასხმა, „შაჰიდის“ ტიპის 38 დრონი გამოიყენა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების საშუალებით 37-ჯერ გაისროლა უკრაინელი მებრძოლების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ამას გარდა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი სამხედროების კონცენტრაციის ზონებს და ტექნიკას შეუტიეს, რა დროსაც, განადგურდა მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი.
ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 12 შეტევა მიიტანა მტრის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის ზონებზე, შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკაზე.