Home Blog Page 2277

“საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც არ აუწევს ხელს, არის თვითმარქვია ოპოზიცია”

პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომ დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რათა მოსამართლეებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ოპოზიციისთვის ტესტი იქნება, ვინ არის თვითმარქვია და ვინ – ნამდვილი ოპოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შექმნას მხარს ვინც არ დაუჭერს, ის იქნება თვითმარქვია ოპოზიცია.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს ვინც არ აუწევს, არის თვითმარქვია ოპოზიცია და საკუთარ თავს ოპოზიციას ნუ უწოდებს. ვითომ ოპოზიციის ჩათვლით პარლამენტში 57 ოპოზიციონერი ვართ. თუ ეს დადგენილება ვერ გავიდა, ტესტი მარტივი იქნება, რომ არსებობს თვითმარქვია ოპოზიცია. თვითმარქვია ოპოზიცია არის როგორც პარლამენტს გარეთ, ასევე პარლამენტში. თუ მმართველი გუნდი სხდომაზე არ მოვა და პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომს დაადებს, ეს მათთვის პოლიტიკურად სამარცხვინო ქმედება იქნება და გამოჩნდება, რომ მხარს უჭერენ კორუმპირებულ ადამიანებს. როდემდე ჩააგდებენ კვორუმს?- პარლამენტის სხდომა ხომ უნდა გაიმართოს და პარლამენტის პარალიზება ხომ არ მოხდება? თავს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ. ამიტომ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება მაინც მოუწევთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი?”

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს, რომლის მიხედვითაც, გვარამია მოსამართლეს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადადგომის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა.

„დავიჯეროთ თავის დროზე, კელი დეგნანის ყოვლისმომცველ ყურადღებას გამორჩა ეს კრიმინალური აუდიოჩანაწერი? ცხადია არა! კონიუნქტურა ის იყო, რომ „თავისუფლების მედროშე მედიამენეჯერი“, სინამდვილეში კი, ვიშინსკის ერთგული მემკვიდრე, „რუსთავი 2“-ის მძარცველი „უმანკოა“. შემდგომში, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე იყო საელჩოს ატაშეს ზეწოლა და ამერიკაში სემინარზე გამგზავრებიდან ჩახსნა.

არც მიკვირს. თავად აშშ-ში, ამერიკელი კონსერვატორები დიდი ხანია ამბობენ – დიდი ტყუილია მემარცხენეების პროპაგანდა მრავალფეროვნებასა და თანასწორობაზე“, – წერს გია აბაშიძე.

“რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს”

რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტში „გადამწვარი მიწის“ ტაქტიკის გამოყენება დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„მტერი გადავიდა, როგორც ამბობენ, „სირიულ, გადამწვარი მიწის“ ტაქტიკაზე. ისინი ანადგურებენ შენობებს საჰაერო დარტყმებით, თუმცა ბახმუტის დაცვა გრძელდება. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“, – განაცხადა სირსკიმ.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა, ბრძოლაში ჩართოს სპეცრაზმი და საჰაერო თავდასხმის დანაყოფები. ალექსანდრ სირსკი ბახმუტის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იმყოფებოდა. მედიიის ინფორმაციით, მას საუბარი ჰქონდა სამხედრო ნაწილების მეთაურებთან, ასევე ადგილზე ადგენდა დავალებებს.

შსს ვარკეთილში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე კლინიკის აშენება სერიოზული ნაბიჯია” – ივანე ჩხაიძე

„დღეს წარმოდგენილი პროექტი, ალბათ, არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქალაქის ცენტრში, ახალი, თანამედროვე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე კადრების თვალსაზრისით, ყველა მოთხოვნის შესაბამისი კლინიკის აშენება, მართლაც, სერიოზული ნაბიჯია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია“, – განაცხადა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, გასაგებია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რადგან დღევანდელი მდგომარეობითა და ინფრასტრუქტურით, კლინიკა ვერ დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, პრეზენტაციაზე, ასევე, ისაუბრეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროს პოზიცია, რომ თითოეულ მათგანს, სხვა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებას შესთავაზებენ, ან ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენებამდე, სახელფასო ანაზღაურებას შეუნარჩუნებენ.

„ვფიქრობ, ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ფინანსური ანაზღაურებისა და სამუშაოს გაგრძელების თვალსაზრისით, პრობლემა არ უნდა ჰქონდეს“.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – მეტი სავალუტო შემოსავალი არა მხოლოდ რუსეთიდან; ყოველთვიური ადგილობრივი ინფლაცია უკვე სამიზნეზეა

მარტის სამომხმარებლო ფასების ინდექსის დეტალური ჩაშლა აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჯამური ინფლაცია შემცირდა, არამედ სახეზეა მომსახურებისა და მთლიანობაში ადგილობრივი ინფლაციის კლებაც. უფრო მეტიც, ყოველთვიურ ჭრილში, ეს ინდიკატორი, რომელსაც სებ-ი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, უკვე 3%-იან სამიზნეზეა. ასევე, შემცირდა ინფლაციის სხვა, უფრო ანალიტიკური მაჩვენებლებიც.

მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მაისის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის შემცირება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გარანტირებული არაა, რადგანაც შესაძლოა, სებ-ის აზრით, საჭირო გახდეს არსებული დინამიკის გაგრძელების კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, ადგილობრივი კომპონენტის მხრივაც, ინფლაციის შემცირება აშკარაა. თავის მხრივ, ეს ლარის დამატებით გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, მართალია მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ ლარის არსებული გამყარებაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებს აღემატება.

სავალუტო შემოდინებების კუთხით, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის წილი გაიზარდა, თუმცა ასევე მზარდია სხვა ქვეყნებიდან მიღებული სავალუტო ნაკადებიც. ამასთან, აღრიცხვის კუთხით აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გარკვეული ნაწილი, მათთვის რეზიდენტის სტატუსის მინიჭების გამო, ტურისტულ სექტორში აღარ შედის. თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ასეთი კატეგორიის წილი შედარებით მცირეა. უფრო მეტიც, თიბისის 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის თანახმად, მიგრანტების ნახევარზე მეტი შემოსავლებს რუსეთიდან არ იღებს. ასევე, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში დარჩენას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს. ექსპორტის მხრივ, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კატეგორიების ანგარიშგასაწევი ნაწილი სასაქონლო პროდუქტებია, რომელთა ექსპორტიც უფრო საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული, ვიდრე კონკრეტულ ბაზარზე არსებულ ცნობადობასა და მოთხოვნაზე. ისევე როგორც, გასათვალისწინებელია, რომ რეექსპორტის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ავტომობილები, ადგილობრივი დამატებული ღირებულების წილი მცირეა. იმპორტის კუთხით,  სხვა ბაზრებზე გადართვის საჭიროების შემთხვევაში, თავისთავად მთავარი კითხვა ფასი უფროა, ვიდრე ხელმისაწვდომობა.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

(R)

 

“აქცია ვერ შედგა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა”

გუშინდელი აქცია იყო ისტორიის გადაწერის მცდელობა, ანუ ისტორიაზე ჩამოკიდების მცდელობა ხაბეიშვილისა და სხვა ოპოზიციონერების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა.

„თავადაც იცოდნენ, რომ ეს აქცია წარუმატებლობისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა. არ გამოვრიცხავ, ლევან ხაბეიშვილმა ამის გამო მკაცრი საყვედურები მიიღოს. მერამდენედ ხდება, როცა ის იმუქრება ხან ციხე-სიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ საშინელ გაზაფხულს მოაწყობს, ხან ხელისუფლების გადაყენებას აანონსებს, ასეთი არასერიოზული განცხადებები უკვე არც გასაკვირია და არც – ახალი. გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა სანდო ლიდერები.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო. რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები ვნახეთ. ვიდრე ბრიფინგი დაიწყებოდა, ორი ოპოზიციონერი იმაზე ჩხუბობდა, ვის უნდა დაეწყო ბრიფინგი. ასევე ვნახეთ, ქოლგის შტაბი, სადაც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ერთმანეთს ვერ იტანდა. ამ შტაბის დაშლაც ვნახეთ. ზოგიერთს უნდა, იყოს მუხა, ზოგიერთს სურს, იყოს მეხი, ზოგიერთს უნდა, იყოს გაზაფხული, მაგრამ როლების განაწილებისას ამომრჩეველს ატყუებენ და იმედგაცრუება მოაქვს ოპოზიციური ამომრჩევლისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება” – კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, წინასწარ ვამბობთ ამას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემები რეაბილიტაციის დასრულებისთანავე მოგვარდება.

„დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობთ ამას, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით. როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

“9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის, მათი ფოტოები არ გინახავთ?”-გოგა ხაინდრავა პრეზიდენტს

მადამ სალომე 1989 წლის 9 აპრილს 19 ქალბატონმა გაწირა სიცოცხლე სამშობლოსთვის. მათი ფოტოები არ გინახავთ? აა, ამიტომ არ მოგვსვლია აზრად მათი დაჯილდოება, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა twitter-ში პოსტს აქვეყნებს.

„და ევროპულად – ცეცხლის და ქვების წვიმაში! მიწაზე დაგდებული ქართული დროშა რომ აიღო პოლიციელმა და აკოცა არც ეს გინახიათ ხომ? აფსუს“, – წერს გოგა ხაინდრავა.

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სიბიდი დეველოპმენტს“ შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა. პარალელურად, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას როცა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, და, ვფიქრობ, გაზაფხულზე დასრულდება ეს ყველაფერი, მუნიციპალიტეტი მზადაა გადადგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და დავიწყოთ ამ პრობლემის ერთად მოგვარება, იმიტომ, რომ მხოლოდ თბილისი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში პარკი გაშენდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია აპირებს დიდ დიღომში რეკრეაციული სივრცე მოაწყოს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა თავის მოადგილეს დააავალა მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მომსახურების შესყიდვა.

„რეკრეაციული სივრცეების გაზრდა დედაქალაქში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ბოლო წლებში. ალბათ ბევრმა იცის, რომ დიდი დიღმის მე 3 მრ-ის N30 კორპუსის მიმდებარედ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა – 8647 კვადრატული მეტრი ფართობია, რომელიც, ფაქტობრივად, ამ მიკრორაიონის შუაგულია და გარშემორტყმულია კორპუსებით. ამ ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს N192 საჯარო სკოლა და ორი მუნიციპალური საბავშვო ბაღი. ვფიქრობთ, თუ ეს სივრცე მოეწყობა, იგი იქცევა მოსახლეობის თავშეყრის ძირითად ადგილად, რადგან მსგავსი ფართობის პარკი მე-3 მიკრორაიონში არ არის.

მინდა დავავალო ჩემს მოადგილე ანდრია ბასილაიას, მოკლე ვადაში უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი საპროექტო და სამშენებლო მომსახურების შესყიდვა და დავიწყოთ ახალი პარკის მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი” – ჯანდაცვის სამინისტრო

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 500 საწოლზე იქნება გათვლილი, ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფო კლინიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე ინფორმაცია მიეღოთ. განიხილეს კლინიკაში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. იმსჯელეს, ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.

აღინიშნა, რომ მრავალი, ევროპული ქვეყნის პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია სახელმწიფო, ცენტრალური, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში.

„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

შეხვედრაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ, ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კლინიკა აშენდა და ფუნქციონირებს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.

პრეზენტაციაზე, კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, 2018 წელს, ჩატარებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ სამკურნალო კორპუსის არსებული კარკასის მხოლოდ სვეტები აკმაყოფილებენ მოქმედი სეისმური ნორმების მოთხოვნებს, ხოლო რიგელები საჭიროებენ გამაგრება-გაძლიერებას. 2022 წლის დასკვნაში, აღნიშნულია – „ძირითადი სამკურნალო მაღლივი კორპუსის შემინული გარე ფასადების ტექნიკური მდგომარეობა, შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც მწვავე ავარიული. არსებული სახით მათი ექსპლუატაცია დაუშვებელია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება“. რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) სწავლობს. ორგანიზაცია, ასევე ახდენს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას, რომელიც მოიცავს ფინანსური, გარემოსდაცვითი, საბაზრო, სერვისების მოთხოვნა-მიწოდების, სტანდარტებთან შესაბამისობის და სხვა მიმართულებების შესწავლას’,- აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, საუბარი იყო კლინიკაში არსებულ გამოწვევებზეც, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის დასახელდა სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.

„ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე კლინიკური და ფინანსური გამოწვევები დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესის შესახებ. აღნიშნული პროცესის დაწყება კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია.

პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში”, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.