თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება

53
spot_img

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „სიბიდი დეველოპმენტს“ შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის თანახმად სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი აშენდება. ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის მეორე ჩიხში მდებარე 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღნიშნული შპს „სიბიდი დეველოპმენტი“, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, მიწის ნაკვეთზე ძაღლებისთვის მოეწყობა ვოლიერები, საოპერაციო, საკარანტინე სივრცეები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები, რაც აუცილებელია აღნიშნული სივრცის სრული ფუნქციონირებისთვის. კომპანია იღებს ვალდებულებას 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი თავშესაფარი მოაწყოს. კომპანიას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადაეცემა. პარალელურად, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას როცა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, და, ვფიქრობ, გაზაფხულზე დასრულდება ეს ყველაფერი, მუნიციპალიტეტი მზადაა გადადგას ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და დავიწყოთ ამ პრობლემის ერთად მოგვარება, იმიტომ, რომ მხოლოდ თბილისი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ეს ყველაფერი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.