Home Blog Page 2266

,,მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია”- ზურაბ ჩხაიძე

ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„გავიმეორეთ ყველა ანალიზი, განსაკუთრებით მის ძირითად დაავადებებთან უკვე რაც გვქონდა გამოტანილი და რაც შედის კვლევის პაკეტში, გაგზავნილი იყო ანალიზი სისხლში მძიმე მეტალების შემცველობასთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი „ლიმბახის“ გერმანული ლაბორატორიიდან და ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც ვიკვლევდით, არის ნორმის ფარგლებში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლას მასთან ადგილი არ აქვს. ეს მეორედ შესრულებული კვლევაა და ინტოქსიკაციის, მოწამვლის არანაირი ნიშანი ამ ანალიზით არ დასტურდება“

,,ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით”- სეიმურ ჰერში

ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, სეიმურ ჰერშის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ დიზელის შესასყიდი აშშ-ის თანხებიდან 400 მილიონი დოლარი მიითვისეს.

ამერიკელი ჟურნალისტის თქმით, აშშ უკრაინას ომისთვის საჭირო დიზელის შესასყიდად ფულს აძლევს, რაც გალონ საწვავზე 400 დოლარს შეადგენს.

სეიმურ ჰერში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საწვავს რუსეთისგან ყიდულობს და ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გარემოცვის მრავალი წევრი დიზელის საწვავის გადასახდელად გამოყოფილი ამერიკული დოლარიდან მილიონებს ხარჯავს. ამასთან, როგორც სეიმურ ჰერშმა აღნიშნა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, მითვისებული თანხები გასულ წელს 400 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჰერშის თქმით, ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას უთხრა: „ზელენსკი რუსებისგან ყიდულობს დიზელს ფასდაკლებით. და ვინ იხდის გაზისთვის და ნავთობისთვის? ჩვენ. პუტინი და მისი ოლიგარქები მილიონებს შოულობენ“.

ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებით, უკრაინის ბევრი სამინისტრო ქმნის კომპანიებს იარაღისა და საბრძოლო მასალის საექსპორტო კონტრაქტებისთვის იარაღის კერძო დილერებთან მთელ მსოფლიოში.

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ კორუფციის საკითხი უშუალოდ დაისვა ზელენსკისთან, მიმდინარე წლის იანვარში, კიევში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე. სეიმურ ჰერშის განცხადებით, უილიამ ბარნსმა ასევე წარუდგინა ზელენსკის 35 გენერლისა და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სია, რომელთა კორუფციის შესახებ ცნობილი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის და ამერიკის მთავრობის სხვა წევრებისთვის.

ამერიკელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის ზეწოლას ათი დღის შემდეგ და საჯაროდ გაათავისუფლა სიაში მყოფი ათი პირი.

”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიასთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 11 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შვილების სპორტულ აქტივობებში ჩართვას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფას.

მემორანდუმის საფუძველზე, ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემია”, სადაც ჭიდაობა ”ძიუდოში” 5-17 წლის მოსწავლე-ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მზადაა, უსასყიდლოდ გაუწიოს მომსახურება ვეტერანების, სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ასევე, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ გოგონებს.

”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიამ”, ჩვენს ქვეყანას, არა ერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა, რომელთა შორის არიან საქართველოს ჩემპიონები, ასევე, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ”აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის” დირექტორმა, კობა გეგიამ.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

„აფხაზეთი საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა“, – სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახური

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ქართულ სპეცსამსახურებს ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებაში ადანაშაულებს. შესაბამისი სიუჟეტი დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სიუჟეტში ნაჩვენებია ორი ქალის აღიარებითი ჩვენება, რომელთა გვარებია შენგელია და ხუხია. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან მათ ვინმე ჯანო ძაგანია გაესაუბრა, რომელზედაც ისინი ამბობენ, რომ ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელია და აფხაზეთში საიდუმლო ობიექტების, მათ შორის სამხედრო ბაზების, ე.წ. უშიშროების სამსახურის ობიექტების და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის ფოტოსურათების გადაღებას და ამ ობიექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის გარკვევას ავალებდა. მანამდე ის ქალებს დაემუქრა, რომ თუ არ ითანამშრომლებენ, მათ ნათესავებს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. დაკავებული ქალების თქმით, ისინი ფოტოებს „უოთს აპის“ და სხვა მესენჯერების გამოყენებით გადასცემდნენ.

„საქართველოს სპეცსამსახურებისთვის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის არის აფხაზეთის წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სამართალდამცველ სტრუქტურებში და პოლიტიკურ პარტიებში შეღწევა. საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა სულ უფრო კარგად ორგანიზებული ხდება და ისინი  კარგად არიან აღჭურვილები. ისინი ყველა შესაძლო მეთოდს იყენებენ ინფორმაციის მოსაპოვებლად და მას აფხაზეთში დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. მათ სურთ კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვება და სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევა. ე.წ. უშიშროების სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ძალზე გააქტიურებულები არიან“ – აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.

დე ფაქტო უწყება საკანონმდებლო სოხუმის დე ფაქტო მთავრობისგან და პარლამენტისგან ცვლილებების მიღებას მოითხოვს, რომელიც მას დამატებით უფლებებს მიანიჭებს.

 

 

,,ენმ’ – ს’ კეზერაშვილის მიმართ არ აქვს კითხვები, რადგან მათი დამფინანსებელია” – სარჯველაძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ როცა კეზერაშვილის მიმართ მარტო იმიტომ არ აქვს კითხვები, რომ ის მათი დამფინანსებელია, ნიშნავს, რომ ამ გარემოებამ გამოააშკარავა მათი ნამდვილი ბუნება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მათ არასდროს ჰქონიათ განწყობა, ყოფილიყვნენ თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს მხარდამჭერები ამ ქვეყანაში.

„მათთვის ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ფასადი, რომ რეალური ზრახვები იყოს სადღაც შეფარებული და რაღაც ფორმით განხორციელებული. ეს არის ხალხი, რომლებსაც მათ შორის დრესტრუქციული, სისხლიანი რევოლუციების გზით ძალაუფლების სურვილი ამოძრავებთ და ამას ნიღბავენ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერით. ზუსტად ამ ტენდენციასთან და მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგა თავს უფლებას აძლევს, არ აკრიტიკოს კეზერაშვილი, რადგან მისთვის დღეს პოლიტიკურად მომგებიანია, ხმა არ ამოიღოს, როცა ამაზე „ბიბისი“ საუბრობს, და აკრიტიკოს თუნდაც ხელისუფლება, როდესაც ასევე შირმად იყენებენ ჩვენს ქვეყანაში კეზერაშვილის ვითომ პოლიტიკურ დევნას. არსებობს ცნობილი გამონათქვამი, რომ შეუძლებელია, ადამიანი მოატყუო და თან მუდმივად, ადრე თუ გვიან, ასეთი ტყუილები იშიფრება. ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. რაღაც ეტაპზე ვიღაცას გამოუვიდა, მათ შორის ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოპოზიციას გულშემატკივრობენ და ეთიკური სტანდარტებით შეიძლება, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან დიდად შორს არ იყვნენ წასული. როდესაც ეს ადამიანები ახერხებენ და გარკვეულ რეზოლუციებში შეიძლება, კეზერაშვილის გვარი დადებით კონტექსტში ხვდებოდეს, ეს მუდმივი ვერ იქნება და ვერ იქნება ყველაზე გათვილი, რომ ყველა მოტყუვდება. როცა ეს აშკარავდება, უკლებლივ ყველას უქმნის დისკომფორტს. მათ შორის, იმ ევროპარლამენტარ კოლეგებსაც, რომლებსაც არ ჰქონდათ ეს ინიციატივა, მაგრამ ენდნენ საკუთარ კოლეგებს, ვინც შეაჩეჩა ფრაზეოლოგია, რომელიც არის მოხვედრილი რეზოლუციებში, ბუნებრივია, გაუჩენს კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

მაღაროში ნაპოვნი ბეწვის გორგალი გამყინვარების ხანის ციყვის სხეული აღმოჩნდა (ფოტოები)

ერთი შეხედვით, ბეწვისა და კლანჭების ყავისფერი გორგალი რაღაც გაურკვეველს წააგავს.

თუმცა, რენტგენული სხივებით სკანირებამ ცხადყო, რომ გრეიფრუტის ზომის ბურთი სინამდვილეში 30 000 წლის წინანდელი, გამყინვარების პერიოდის მუმიფიცირებული მიწის ციყვის სხეულია.

უცნაური ბეწვის გორგალი 2018 წელს ოქროს მაღაროელმა იპოვა კანადის ქალაქ დოუსონის სიახლოვეს, ერთ-ერთ მაღაროში.

„თავიდან ვერ მიხვდები, რა არის, ვიდრე პატარა თათებსა და კლანჭებს არ დაინახავ, შემდეგ დაინახავ პატარა კუდსა და ყურებსაც“, — ამბობს კანადის იუკონის ტერიტორიის მთავრობის პალეონტოლოგი გრანტ ზაზულა.

იუკონში მდებარე კლონდაიკის ოქროს მინდვრები გამყინვარების ხანის შემდეგ გაყინული ნიადაგით არის დაფარული. შესაბამისად, ამ ზონაში ბრწყინვალედ არის შემონახული იმ პერიოდის გაყინული ცხოველები.

ოქროს მომპოვებლებს იქ ასევე ნაპოვნი აქვთ მუმიფიცირებული მგლის ლეკვი და საოცრად კარგად შემონახული ჩვილი მამონტის სხეული

იმის გამო, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად გლობალური ტემპერატურა იზრდება, გაყინული ნიადაგები დნება და ასეთი აღმოჩენები მომავალში ალბათ უფრო გახშირდება. სამწუხაროდ, ამ პროცესში გარემოში თავისუფლდება უძველესი ვირუსები და მიკრობებიც.

აღმოჩენილი ციყვი ეკუთვნის არქტიკული მიწის ციყვის სახეობას, რომელიც იუკონში დღემდე ბინადრობს. ისინი უფრო ტყის ვირზაზუნებს ჰგვანან, ვიდრე ხის ციყვებს.

ეს არსებები ზამთრის ძილისთვის სოროებს მიწაში თხრიან. იუკონში დღემდე შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის მრავალი ასეთი სორო.

მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს და შეიქმნას საგამოძიებო კომისია – ანი წითლიძე

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, რომ სამშაბათს, 18 აპრილს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შექმნას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას განცხადებით, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილის სხდომაზე შედგება, რასაც გამოეხმაურა ანი წითლიძე და თქვა, რომ მიესალმება ამ ინიციატივას და ახლა დაპირისპირების ნაცვლად, მთელი ოპოზიცია უნდა მობილიზდეს სამშაბათის სესიაზე და შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„მივესალმები ბრიფინგზე გაჟღერებულ ამ ინიციატივას, მეც ზუსტად ასე ვთვლი, რომ არანაირი დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების დრო არ არის და ისტერიკა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა არის უსაფუძვლო და არის ის, რაც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს. ამიტომ, სანამ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, მანამდე ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ეს ურთიერთბრალდებები და უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენზე შეწყდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის არა ის ურთიერთბრალდებები, არამედ ის, რომ სამშაბათს ეს საკითხი უნდა გავიდეს სესიაზე და ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული, ყველანი უნდა ვიყოთ ადგილზე, რომ ხმა მივცეთ და ეს საგამოძიებო კომისია შეიქმნას“, – აღნიშნა ანი წითლიძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5261 ლარი ეღირება, ევრო – 2.7605 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1374 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ღირდა, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1461 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 აპრილს ამოქმედდება.

“თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ” – რას წერს „გოლოს არმენიი“

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში (Голос Армении) დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისის სომხური თეატრი: ტკბობა წინასწარ“ (ავტორი – სონია მელოიანი), რომელშიც განხილული და გადმოცემულია თბილისში მდებარე სომხური მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულების – პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობის მიმდინარეობა.

„ოდესღაც სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში ამჟამინდელი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული თეატრის შენობა ააგო, ახლა კი ქართველი ბიძინა ივანიშვილი აშენებს თბილისში სომხურ თეატრს. ყველაფერი სწორია – ვალს გადახდა უნდა“, – ამბობდა დიდი თეატრალური რეჟისორი და შ.რუსთაველის სახელობის ეროვნული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

დიახ, ყველაფერი სწორია: 1898-1901 წლებში ცნობილმა თბილისელმა ვაჭარმა და მეცენატმა, სომეხმა ისაია პიტოევმა თბილისში თეატრის მდიდრული შენობა ააშენა, რომელიც 1,5 მილიონი ოქროს რუბლი დაჯდა. სხვათა შორის, მშენებლობაში ფული ჩადო აგრეთვე ცნობილმა ნავთობმრეწველმა, სომხური წარმომავლობის მქონე ფილანტროპმა ალექსანდრე მანთაშევმაც. რამდენი თანხაა დახარჯული ქართველი ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის სომხური თეატრის ახალი შენობის აგებისათვის, ეს ჯერ-ჯერობით არავინ იცის. თეატრის გახსნამდე უკვე სულ ცოტაღა დარჩა, შენობა მთლიანად აგებულია, რჩება მხოლოდ მცირეოდენი შიდა სამუშაოები, ტექნიკური აღჭურვილობა… როგორც თეატრის ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი აცხადებს, მთელ საქართველოში თეატრის ასეთი დიდებული შენობა მეორე არსად არ არის. იგი მართალს ამბობს“, – წერს სტატიის ავტორი.

ძველი შენობისაგან დიდებული ისტორიის მქონე თეატრს მხოლოდ პორტიკი და ცენტრალური შესასვლელის სვეტები შემორჩა. დახეთქილი და ბათქაშაცვენილი კედლების, გაცვეთილი კიბეების, დაზიანებული სახურავის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მარმარილოს კიბეებს, დიდ თანამედროვე სცენას, დიდებულ დარბაზს, რომელშიც მაყურებლისთვის 120 სავარძელი უნდა დაიდგას…. შენობას აქვს ღი დიდი ბალუსტრადიანი ბალკონი, საიდანაც თბილისის ხედი იშლება.
„ჩვენს თეატრში თაობათა ცვლა მიმდინარეობს. დასში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც მშობლიური თეატრის სცენაზე ჯერ არც გასულან. საბედნიეროდ, ეს პერიოდი უკვე მთავრდება. მე უსაზღვროდ მადლობელი ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა, არამედ მთელი საქართველოსი, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იჩენს სომხური თეატრის მიმართ“, – ამბობს არმენ ბაიანდურიანი „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

სტატიაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული თეატრის ისტორია, შემოქმედებითი მიღწევები, საქართველოში მცხოვრები სომხური საზოგადოების ძალისხმევა კულტურის ამ მნიშვნელოვანი კერის განვითარების მიზნით – როგორც წარსულში, მე-20 საუკუნეში, ისე დღევანდელ პირობებში.

„სომხური თეატრის ადმინისტრაცია უკვე გადავიდა ახალ შენობაში. კიდევ ცოტაც და დასი მუშაობას დაიწყებს… ჩვენ იმედით ველოდებით შემოსდგომას, რათათბილისში ისევ გავემგზავროთ და მონაწილეობა მივიღოთ სომხური თეატრის ახალი შენობის საზეიმო გახსნაში, რომელიც საქართველოში უნიკალური და განუმეორებელია. ეს არა მარტო სიხარულს გვანიჭებს, არამედ გლობალურ ოპტიმიზმს გვისახავს – ჩვენს ახლოს არის ქვეყანა, სადაც თეატრები კი არ იხურება, არამედ იხსნება…“, – წერს ავტორი.

წყარო

” BBC-თან მაქვს ბევრი შეკითხვა”- დავით კეზერაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა.

როგორც კეზერაშვილი აცხადებს, არ აქვს და არც არასდროს ჰქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება”, – ნათქვამია კეზერაშვილის განცხადებაში.

“ჩასატარებელია დამატებითი კვლევები” – რატომ დაიწყო ქვათა ცვენა რიკოთზე

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი თქმით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათა ცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რამ გამოიწვია აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათა ცვენა და შეიძლება ველოდეთ კიდევ მსგავს ფაქტებს?

ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსს“ გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთი, ყველაზე რთული მონაკვეთია, ახლად მშენებარე ავტობანის გასწვრივ და შესაბამისად საკმაოდ რთული კვლევები იყო ჩატარებული.

„ნაწილობრივ ვიცნობ ამ კვლევებს. უნდა გითხრათ, რომ იმ კვლევების თანახმად, პრინციპში, სწორი სტრატეგია იყო არჩეული, რომელიც გულისხმობდა გარკვეული რაოდენობის სტანდარტული გადაწყვეტილებების შემუშავებას ამა თუ იმ სირთულის მონაკვეთებისათვის. მაგრამ ეს არ გამორიცხავს გარკვეულ მოულოდნელობებს. შესაძლებელია იყოს ისეთი რამ, რაც ამ კვლევებში ბოლომდე გათვალისწინებული არ არის. ასეთ შემთხვევაში ჩასატარებელია დამატებითი კვლევები და იმ კონკრეტული მონაკვეთისთვის უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები.

როგორც ჩანს, რაღაც მონაკვეთებისთვის, რიკოთის შემთხვევაში, კვლევა ბოლომდე კარგად არ არის გაკეთებული, ან რაღაც სხვა მიზეზია. ფაქტი სახეზეა, რომ გაუთვალისწინებელ ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს; მაგალითად, მოვლენების გაუთვალისწინებლობა, ან მასალების ხარისხის შეუსაბამობა და ა.შ. ერთი რამ ცხადია, რომ ეს ძალიან რთული მონაკვეთია, რომელსაც სერიოზული კვლევები სჭირდება, მშენებლობის პროცესში კი აუცილებალია მონიტორინგი,“– აცხადებს ჩვენთან საუბარში გეოლოგი.

როგორც ის განმარტავს, მსგავს მეწყრულ პროცესებს გაზაფხულის პერიოდში წვიმები და თოვლის დნობა იწვევს.

„კარგი იქნებოდა, რომ ეს გათვალისწინებული და წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო. არსებობს წინასწარ დაგეგმილი მეთოდოლოგია, ვთქვათ, სპეციალურად იწვევ ქვათა ცვენას, ან – ააქტიურებენ მეწყერს. ასეთი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. ვფიქრობ, გარკვეული ფაქტორები ბოლომდე არ იყო გათვალისწინებული.

ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეული ხარჯების მომატებას, რისი გათვალისწინებაც მომავალში აუცილებელია.

ნებისმიერი, მითუმეტეს ასეთი სახის ნაგებობები, გვირაბები, კაშხლები და ა.შ. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ყოველთვის უნდა ხდებოდეს შემოწმება, ბზარების დადგენა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ღონისძიებების გატარება პროექტში ჩადებულია. ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო მაგისტრალი მთელი საქართველოსთვის და რეგიონისთვის. ჩემი აზრით, მისდამი ყურადღება კიდევ უფრო გაიზრდება,“- აღნიშნავს არჩილ მაღალაშვილი.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ახლა მაინც დაიჭირონ კეზერაშვილი” – ალეკო ელისაშვილი

კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონრების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ. „ბიბისი“ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „დავით კეზერაშვილი არის იშვიათი გარეწარი“.

„ამ ადამიანმა საქართველოში გაძარცვა ჯარი, მოიპარა ფული და შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გაურიგდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის საფასურად. ვიცით, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ თვალი დახუჭა და მას ზრდილობისთვის ეძებდნენ, ასე იყო ძებნა გამოცხადებული. სინამდვილეში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა.

იშვიათი გარეწარი კეზერაშვილი საქართველოში ჯარს ძარცვავდა, ევროპაში წავიდა და ევროპელი პენსიონრების ძარცვა დაიწყო. ახლა მაინც დაიჭირონ. „ბიბისი“ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისნაირი გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, „სამარცხვინო დღეშია კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ის ოპოზიცია, რომელიც კურტუმოგაბზეკილი დადიოდა და აქეთ ჭკუას გვარიგებდა“.

„კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებ. მით უმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და გაყიდის კურტუმოგაბზეკილ ოპოზიციას. დადგნენ და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონრების ქურდისგან ფულს რომ იღებენ? „ბიბისი“ არ არის არც „ფორმულა“, არც „ტვ პირველი“ და არც „იმედი“, „პოსტივი“. „ქართული ოცნება“ კეზერაშვილს თავზე ხელს 11 წელი რატომ უსვამდა? ვიდრე ევროპარლამენტს ვედავებით, კეზერაშვილი ასე და ისე რატომ არის მოხსენიებული, ხელისუფლება რას აკეთებდა? კეზერაშვილი 18-მილიონიან ბინაში რომ ცხოვრობს, არ იცოდნენ? თარგამაძემ ინტერვიუ თუ ჩაწერა, „ქართული ოცნების“ დაგეშილმა პროკურატურამ ვერ იპოვა? მათთან მაქვს პრეტენზია, თავზე ხელს რატომ უსვამდნენ. ადრე თუ რეზოლუციებში კეზერაშვილი მედიამაგნატი ეგონათ, ახლა ნახავენ, რომ პენსიონრების ქურდია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.