„აფხაზეთი საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი სამიზნეა“, – სოხუმის ე.წ. უშიშროების სამსახური

69
spot_img

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ქართულ სპეცსამსახურებს ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გააქტიურებაში ადანაშაულებს. შესაბამისი სიუჟეტი დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სიუჟეტში ნაჩვენებია ორი ქალის აღიარებითი ჩვენება, რომელთა გვარებია შენგელია და ხუხია. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან მათ ვინმე ჯანო ძაგანია გაესაუბრა, რომელზედაც ისინი ამბობენ, რომ ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელია და აფხაზეთში საიდუმლო ობიექტების, მათ შორის სამხედრო ბაზების, ე.წ. უშიშროების სამსახურის ობიექტების და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისთვის ფოტოსურათების გადაღებას და ამ ობიექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციის გარკვევას ავალებდა. მანამდე ის ქალებს დაემუქრა, რომ თუ არ ითანამშრომლებენ, მათ ნათესავებს საქართველოში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. დაკავებული ქალების თქმით, ისინი ფოტოებს „უოთს აპის“ და სხვა მესენჯერების გამოყენებით გადასცემდნენ.

„საქართველოს სპეცსამსახურებისთვის პრიორიტეტულ ამოცანებს შორის არის აფხაზეთის წამყვან სახელმწიფო უწყებებში, სამართალდამცველ სტრუქტურებში და პოლიტიკურ პარტიებში შეღწევა. საქართველოს სპეცსამსახურების მუშაობა სულ უფრო კარგად ორგანიზებული ხდება და ისინი  კარგად არიან აღჭურვილები. ისინი ყველა შესაძლო მეთოდს იყენებენ ინფორმაციის მოსაპოვებლად და მას აფხაზეთში დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. მათ სურთ კრიტიკულ ობიექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვება და სახელმწიფო სტრუქტურებში შეღწევა. ე.წ. უშიშროების სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ძალზე გააქტიურებულები არიან“ – აცხადებენ ე.წ. უშიშროების სამსახურში.

დე ფაქტო უწყება საკანონმდებლო სოხუმის დე ფაქტო მთავრობისგან და პარლამენტისგან ცვლილებების მიღებას მოითხოვს, რომელიც მას დამატებით უფლებებს მიანიჭებს.