რუსეთ-უკრაინის ომის 415-ე დღე
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 181 090-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 500 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 650 ტანკს, 7 069 ჯავშანტექნიკას, 2 784 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 640 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 339 უპილოტო საფრენ აპარატს, 321 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.
დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები ფრონტის ოთხი მიმართულებით -ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით წინსვლის მცდელობას აგრძლებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
“ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტისა და მარინკასათვის გრძელდება. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების კოორდინირებული მოქმედებებისა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის წყალობით, მტრის 49 თავდასხმის მოგერიება მოხდა”, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს დიბროვას და ბელოგოროვკას დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ბახმუტის მიმართულებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქისთვის. გარდა ამისა, რუსებმა წარუმატებლად შეუტიეს ბოგდანოვკასა და პრედტეჩინოს მიდამოებს.
„ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა არმიამ სცადა შეტევა სევერნის მიმართულებით, ამავდროულად დაბომბა მიმდებარე დასახლებები. მარინკას მიმართულებით, უკრაინელ დამცველებს მტრის უამრავი თავდასხმის მოგერიება მოუწიათ“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ფრონტის სხვა ნაწილებზე შედარებით სიმშვიდე იყო და მოწინააღმდეგის მხრიდან თავდასხმის მცდელობა არ დაფიქსირებულა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ.
„ჩვენთვის ცნობილია ყველა პროცესი, რომელიც ფრონტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტს ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო გეგმებს, ისინი მაშინ გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი გზით დამტკიცდება. ეს ყველაფერი გადაწყდება ბოლო მომენტში, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება“, – აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს „ფრონტზე მოვლენების განვითარების არა ერთი, ორი, სამი ან ოთხი ვარიანტი აქვთ, რადგან ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც ყოველდღიურად ფასდება“.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, არსებობს გაგება უკრაინის მთელი ტერიტორიის 1991 წლის საზღვრამდე გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.
“ჩვენ არ გვაქვს “კონტრშეტევის” ინტერპრეტაცია. გვაქვს გაგება, რომ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, 1991 წლის მდგომარეობის ჩათვლით. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას არ გააკეთებენ, ომის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა დანილოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში სამხედრო კაბინეტზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, იმსჯელეს ფრონტის ხაზის მართვასა და უკრაინის აქტიურ მოქმედებებზე.
„დღეს ჩვენ ჩავატარეთ სამხედრო კაბინეტი, მუშაობის სპეციალური ფორმატი ჩვენი თავდაცვის სექტორის ხელმძღვანელებთან, ჩვენს მეთაურებთან, დაზვერვასთან და ოფისთან. განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც საჭიროა ფრონტის ხაზის მართვისთვის და უკრაინის აქტიური მოქმედებების უზრუნველსაყოფად, ჩვენი სახელმწიფოს რუსული ტერორისგან დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აქტიური მოქმედებები დააანონსა.
„ჩვენი მოქმედებები იქნება ძლიერი. ბიჭებს ვამზადებთ. ველოდებით პარტნიორების მიერ შეპირებულ იარაღს და მაქსიმალურად ვუახლოვდებით გამარჯვებას. მაქსიმალურად – ერთიანობის სული. მაქსიმალური ეფექტურობა და მაქსიმალური მომზადება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.