თურქულ გაზეთ Yeni Çağ-ში („ახალი საუკუნე“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოღვიძებული ჩინეთი და თურქეთი“ (ავტორი – ნაიმ ბაბიუროღლუ). მასში გატარებულია აზრი, რომ გამოღვიძებული ჩინეთი და რუსეთი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ბოლოს მოუღებენ. დიდი ნაპოლეონი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ამბობდა – „ნუ გააღვიძებთ ჩინეთს, თორემ…“
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გეოპოლიტიკა ნიშნავს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებას მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო გეოსტრატეგია – გეოპოლიტიკური ინტერესების სტრატეგიულ მართვას.
ევრაზია დედამიწის უდიდეს კონტინენტს წარმოადგენს, რომელზეც მსოფლიოს მოსახლეობის 75% ცხოვრობს. ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ყველაზე მეტი ნაწილი ევრაზიაშია. ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნებიდან, აშშ-ის შემდეგ, ექვსი ევრაზიაში მდებარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – აშშ-ის ყველა კონკურენტი ევრაზიის კონტინენტზე იმყოფება.
ამერიკამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს ერთპიროვნული კონტროლი დაიწყო. ასეთმა მომგებიანმა სიტუაციამ ამერიკა გააზარმაცა და თვითკმაყოფილი გახადა. იმ პოლიტიკით, რომელსაც აშშ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების შესაბამისად ატარებს, ვაშინგტონმა დემოკრატიის კონცეფცია დაარღვია. საბოლოო ჯამში ერთპოლუსიან მსოფლიოში ნაციონალიზმის ანტიამერიკანიზმად ტრანსფორმირება მოხდა. ამერიკამ, ისარგებლა რა თავისი სამხედრო ძლიერებით, დემოკრატიის სახელით „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ პროექტის რეალიზება დაიწყო – განახორციელა „არაბული გაზაფხული“, რომელიც სინამდვილეში „სისხლიან შემოდგომად“ იქცა. ამერიკელებმა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ერაყი, სირია, იემენი – გადააქცია ქვეყნებად, რომლებიც ქაოსი მეფობს. ეს პროცესი შეეხო იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ამერიკასთან თანამშრომლობდნენ. მათგან ყველაზე მეტად თურქეთი დაზარალდა.
აშშ-ის ფლოტი დედამიწის ყველა ოკეანეს და ზღვას აკონტროლებს. ყოველი ამერიკული სამხედრო ხომალდი კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით ყველაფერს უთვალთვალებს… მაგრამ რადგანაც სამხედრო-საზღვაო ძლიერება ერთპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო, ამერიკა გააქტიურდა.
„უკრაინის გარეშე რუსეთს ევრაზიულ იმპერიად ყოფნა არ შეუძლია“, – ამბობს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი. რუსეთი, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ „ქვეყნების მომავალს გეოგრაფია განსაზღვრავს“ კარგად აცნობიერებს, რომ თუ მოსკოვი უკრაინას დასავლეთს დაუთმობს, მაშინ ის საკუთარ გეოგრაფიაში იქნება ჩაკეტილი. აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციული მოქმედების შედეგად რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. უკრაინასთან ომს ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება: რუსეთი, ფაქტობრივად, უკრაინაში ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს ებრძვის. ამერიკის მიზანს მშვიდობა კი არა, რუსეთის დასუსტება წარმოადგენს უკრაინის მეშვეობით – ხომ გახსოვთ – ისე, როგორც ავღანეთში იყო 1980-იან წლებში.
და ამ დროს სცენაზე გამოდის ჩინეთი, რომელიც სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს. ანუ ზოგჯერ სიტუაცია შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ამერიკაც საგონებელში ჩავარდეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი 21 მატს მოსკოვს ეწვია და ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას ყოველმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, რომელიც მხარეებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს. ამ დოკუმენტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი მსოფლიო წესრიგის მანიფესტი“.
პეკინი ინიციატივას იჩენს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის შესაჩერებლად. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინის წინადადებას დადებითად მოეკიდა. პეკინმა საკუთარ თავზე აიღო საუდის არაბეთისა და ირანის შერიგება. ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში ისეთი ენერგიით მოდის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეხება, ისრაელსაც და ამერიკასაც. „ცისქვეშეთი“ რუსეთს წინადადებას სთავაზობს სპარსეთის ყურის რეგიონისათვის „კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურის“ შექმნის შესახებ.
1979 წელს, როცა კომუნისტური საბჭოთა კავშირი, რომელიც იმ დროს ზესახელმწიფოს წარმოადგენდა, ავღანეთში შეიჭრა და ამით ხელი შეუწყო საკუთარ კრახს.
კომუნისტურმა ჩინეთი კი, დენ სიაოპინისა და ჯოუ ენლაის ლიდერობით, სწორედ იმ პერიოდში დაადგა რეფორმების გზას. დრეს „ცისქვეშეთი“ მსოფლიოს „სახელოსნოს წარმოადგენს: ჩინეთმა დასავლური ინდუსტრიალიზაციის 200-წლიანი გზა 30 წელიწადში გაიარა.
ბოლო წლებში ჩინეთის ხელმძღვანელობა უდიდეს საბიუჯეტო რესურსებს ხარჯავს თავისი სამხედრო-საზღვაო ძლიერების განსამტკიცებლად: პეკინი გიგანტურ ნაბიჯებს დგამს, რომ მსოფლიო ოკეანეში გადამწყვეტი მოთამაშე გახდეს. ჩინეთის გეგმების რეალიზება ევრაზიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააფართოებს: რეგიონში ისეთი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ძალების მქონე სახელმწიფო ჩნდება, რომელიც ამერიკას კონკურენციას გაუწევს.
ჩინეთი თავისი ტერიტორიის ფართობით მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მიეკუთვნება და აშშ-ის მოსახლეობას ოთხჯერ აჭარბებს. „დაე, ჩინეთს ჯერ ეძინოს… თორემ როცა ის გამოიღვიძებს, მტრისას… მსოფლიო შეძრწუნდება“, – ამბობდა 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი. და აი, ახლა, ჩინეთი იღვიძებს…
თურქეთს კარგი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც აქვს და მნიშვნელობაც. თუმცა იმ მცდარი მიგრაციული პოლიტიკის გატარების დროს, რომელსაც ანკარა ახლო აღმოსავლეთში – განსაკუთრებით ერაყის, ეგვიპტისა და სირის მიმართ ახორციელებს, პრობლემები გაჩნდა. თურქეთი ისეთ ქვეყნად იქცა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი მიგრანტი მიიღო და ამით დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის საფრთხის წინაშე დადგა, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში. გარდა ამისა, სირიელი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერამ თურქეთისათვის გადარჩენის დამატებითი პრობლემა შექმნა.
იმ დროს, როცა თურქეთის საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია 14 მაისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისკენ, სირიამ ურთიერთობა აღადგინა საუდის არაბეთთან და ნაბიჯებს დგამს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში დასაბრუნებლად. ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ბაშარ ასადს ადრე მტრობდნენ, ახლა ისევ ხსნიან საელჩოებს დამასკოში.
თურქეთი კი აგვიანებს – ანკარას, დამასკოსთან ერთად, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ხელისუფლება უკიდურესად ნელა მოქმედებს.
თუ მოვლენათა სტრატეგიული განჭვრეტის ნაცვლად რომელიმე ქვეყანა გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამჟღავნებს, ასეთი გეოგრაფიით იმ ქვეყნის ხვედრი ისტორიული წარუმატებლობა და მარცხია.
იტალიელმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ ნიკოლო მაკიაველმა წიგნი „Il Principe“ („მთავარი“) 1513 წელს დაწერა. წიგნში გატარებული აზრი, რომელსაც დღეს „მაკიაველიზმს“ უწოდებენ, მმართველებს ასეთ რეკომენდაციას აძლევს: „მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ მოქვს წარმატება და ზოგჯერ მმართველები უფსკრულის პირასაც კი მიჰყავს…
წყარო