Home Blog Page 2251

“მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”- გოგა ხაინდრავა დენიელ ფრიდს

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორის, დენიელ ფრიდის განცხადებებს, საქართველოსთან დაკავშირებით, ,,ტვიტერით,, ეხმიანება.

“არჩევნების გაყალბებისა და პოლიტიკური დევნის იარაღად ქცეული მართლმსაჯულება პორნოვარსკლავს და პრეზიდენტს შორის გასაღებს რომ დაკარგავს, დაზვერვის სისტემის კრახს 21 წლის ბიჭს რომ დააბრალებს, – მრუდე სარკეში დანახული აშშ ამას ჰქვია, მისტერ ფლიდ! სარკე გამოცვალეთ!”, – წერს ხაინდრავა.

“ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან”- ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სუდანში ამ მომენტამდე შეტაკებები არ გაჩერებულა, რის გამოც ჯერჯერობით მათთან კორიდორზე მოლაპარაკებების წარმოება ვერ ხერხდება.

„ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს სუდანში, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისა და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ კორიდორი გაკეთდეს ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთდროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან. კონტაქტზე ვართ გაეროს ოფისთანაც და ჩვენს პარტნიორებთან ვართ მჭიდრო კონტაქტზე. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაცა მხარემ აიღოს კონტროლი სიტუაციაზე და მოხდეს მათთან ამ ნებართვებსა და დერეფანზე დალაპარაკება. ჯერჯერობით არ გვესაუბრებიან, რადგან შეტაკებებში არიან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ, ჯანმრთელად არიან და იმყოფებიან იქ, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, რომ გარეთ არ გამოვიდნენ“- განაცხადა ხვთისიაშვილმა.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანში ამჟამად დაახლოებით 40-მდე საქართველოს მოქალაქეა, მათი ნაწილი იქ სამუშაოდ იმყოფება.

ბრიტანეთის პარლამენტმა რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 13 აპრილს პრემიერმინისტრ რიში სუნაკის წინააღმდეგ ფინანსური ინტერესების საკითხზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტის საიტზე განთავსდა, მაგრამ გამოძიების დეტალებზე არაფერია ნათქვამი.

გამოძიება პარლამენტის სტანდარტების კომისარმა, დენიელ გრინბერგმა დაიწყო.

ამასთან, როგორც SkyNews-ი იტყობინება, გამოძიება უკავშირდება იმას, რომ ბავშთა მოვლის კომპანიაში სუნაკის მეუღლის წილი შესაძლოა, არ იყოს დეკლარირებული.

ტელეკომპანიას დაუნინგ-სთრითზე წყარომ განუცხადა, რომ გამოძიება ეხება მისი მეუღლის, აკშატა მურთის წილებს ბავშვებზე მოვლის სააგენტო Koru Kids-ში, რომელიც დაფინანსებას ბიუჯეტიდან მიიღებს.

გასულ თვეში კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა გამოაცხადა ბავშვთა მომვლელებისთვის 600 ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტიმულირების საპილოტე სქემა და ეს თანხა გაორმაგდება 1200 ფუნტამდე, თუ ისინი Koru Kids სააგენტოს მეშვეობით დარეგისტრირდებიან.

ამასთან, ჰანტს პრეზენტაციაზე სუნაკის მეუღლეზე არაფერი უთქვამს, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ ენიჭება უპირატესობა კერძო კომპანიებს.

“იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის”- გოგა ჩანადირი

იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის.  ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა”,- წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.
“ქალაქი რომელიც მიდის
იუსუფელი, თურქეთი
The city that goes
Yusufeli, turkey
იუსუფელი – ქალაქი, რომელიც მიდის.
ამის მიზეზი კი ჭოროხის გოლიათური ჰესი გახდა, რომლის მშენებლობას საძირკველი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩაეყარა.
ჩემს თვალწინ ნელ-ნელა ნაქალაქარდებოდა.
ახლა უკვე არის ნაქალაქარი.
ჩაიძირა იუსუფელი, ოდესღაც ქართული ქალაქი ტაოში, რომელსაც ახალთა ერქვა.
1 თვის წინათ აქ ჯერ ისევ ცხოვრობდნენ. ბოლო დღეებში ბოლოჯერ გამოაცხეს პური, ბოლოჯერ დალიეს ჩაი, ბოლოჯერ ილოცეს მეჩეთში, ბოლოჯერ იტირეს ბავშვობისდროინდელ სახლებსა და ქუჩებში. მერე გაიტანეს ყველაფერი, კარები და სარკმელები მოხსნეს საკუთარ ბინებსა და დაწესებულებებს, ბარგი მანქანებს აჰკიდეს და უფრო მაღლა, ახალ იუსუფელში დასახლდნენ.
ხოდა, ნაომარს დაემსგავსა აქაურობა.
ცარიელი და გაძვალტყავებული გახდა…
იუსუფელში ბევრი ადგილობრივი ქართველი იყო.
ტაო-კლარჯეთში ისე არასდროს მოვხვდებოდი, ამ ქალაქში რომ არ შემომევლო ხოლმე.
იქ ქართულად დაწერილ აფთიაქში უნდა შევსულიყავი, აქეთ ჩაი უნდა დამელია, ჯვრიანი პური უნდა მეყიდა, თხილეულიც უნდა შემეძინა და კიდევ, ერთი ხიდი იყო აქ მეჩეთთან, პატარა, მაგრამ დიდი მოგონებებით სავსე. ყველაზე მეტად ის ხიდი მომენატრება, აქ ვაკოცე ყველაზე ძვირფას ადამიანს.
წავიდა იუსუფელი. ზემოდან სევდიანად უყურებ ქალაქს, რომელიც იყო და აღარ არის და დატოვა სევდიანი მოგონებები…” წერს  სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ფოტოებს აქვეყნებს.

“ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა”- ჯუანშერ ბურჭულაძე

დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„ხუთი მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება, ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ესაა ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, – განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქმე ეხება არა ერთი პირის მიერ განხორციელებულ ქურდობას, არამედ ყოფილი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ძარცვას.

ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ შესაძლოა, დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ძარცვის შედეგად.

„ვცდილობთ, მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რუს ოპოზიციონერს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსს, ვლადიმერ ყარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას, რუსული არმიის დისკრედიტაციაში, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფოს ღალატში დასდეს ბრალი.

ვლადიმერ ყარა-მურზა 41 წლისაა, ის რუსეთის და ბრიტანეთის მოქალაქეა, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ლობირებდა.

ვერდიქტის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ყარა-მურზამ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს „მკვლელების რეჟიმი“ მართავს.

სასამართლოს წინაშე ბოლო გამოსვლაში ყარა-მურზამ მისი სასამართლო სტალინის რეჟიმის საჩვენებელ სასამართლო პროცესებს შეადარა და განაცხადა, რომ მოსამართლეებს მის გამართლებას არ სთხოვს.

2015 და 2017 წელს ვლადიმერ ყარა-მურზა მოულოდნელად გახდა ავად და კომაში იყო, რის გამოც პოლიტიკოსი რუსეთის სპეცსამსახურებს მის მოწამვლაში ადანაშაულებს.

“ძარცვავდნენ მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს, რაც დასანანია”- თავდაცვის მინისტრი BBC-ის გამოძიებაზე

ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გვერდში დავუდგეთ სამართალდამცველებს, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში – ასე გამოემხურა თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში პენსიონერების ე.წ. ტრეიდინგული სქემებით ძარცვას უკავშირდება.

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყალბი ქოლ-ცენტრებისა და ყალბი ტრეიდინგული ოპერაციების თაობაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იმუშავეს. მინისტრი დასანანს უწოდებს ფაქტს, რომ საქართველო ევროპელი პენსიონერების ორგანიზებული ძარცვის სქემაში აქტიურად იყო ჩართული.

„სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს.  რა თქმა უნდა, ესეც ჩვენთვის დასანანია და ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს. ეროვნულ დონეზე ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით და ახლა გასარკვევია გამოძიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, გასარკვევია სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში თუ ერთობლივად“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ უშუალოდ დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროსგან იყო წაღებული 5 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

“მხოლოდ 5 მილიონი არ არის ის თანხა, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ სახელმწიფო გაძარცვა. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი. დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. კიდევ ვიმეორებ, ასობით მილიონი არის დებიტორულ დავალიანებად ჩამოკიდებული, ზოგი გამოწვეულია მათი არაკომპეტენტურობით, მათ შორის შეიძლება დამატებით კიდევ იყოს ისეთი საქმე, რომელიც არის ისევ ძარცვის შედეგად გამოწვეული. ჩვენ ვცდილობთ, რომ დოკუმენტები იმ საქმეებზე, იმ შესყიდვებზე, რომლებზეც უბრალოდ არ არის, მოვიძიოთ და ჩამოვწეროთ დებიტორულ დავალიანებიდან. თუმცა არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და არ არის ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იმ შემთხვევაში იყო მთელი ხელისუფლება”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

BBC-იმ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა , სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ასეთი თაღლითური ქსელის – Milton Group-ის უკან სავარაუდოდ დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

12 აპრილს ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ის გეგმავს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს

„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება „დიდ შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს.

მათი თქმით, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს და რუსეთმა ვერ მიიღოს თანამედროვე შეიარაღება სხვა ქვეყნებისგან.

„დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლის გაზრდის პროცესში.

ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ მოსკოვს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან. მათ ასევე დაგმეს პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების განთავსების შესახებ და მიუღებელი უწოდეს რუსეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, პატივს მივაგებთ მათ სულებს. ასევე, გვაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ ვნახოთ მათი ოჯახის წევრები, მათ დედებს მოვეფეროთ, მოვეფეროთ მათ შვილებს და ჩვენი სამსახურით მათ აღვუთქვათ გვერდში დგომა. ჩვენ არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, როდესაც გულთან ახლოს არ მიგვაქვს მათი პრობლემები, მათი სურვილები და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მათ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

“შენს ადგილზე ახალ პარტიას დავარქმევდი – „ენმ – პერპეტუუმ მობილე” – დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაარსებასა და მის სახელწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მიმოიხილავს.

„რაღაც გამომრჩა, როგორც ჩანს: ნიკანორ მელიას „ახალი“ პარტიის „ახალი“ სახელწოდება დაუანონსებია – „ენმ – ახალი ხედვა“. ქართულ ენაში უამრავი სხვა სიტყვაა, რაღა ეგენი აირჩია. როდესაც შენი პარტიის საკვანძო სიტყვას „მოძრაობა“ წარმოადგენს, რატომ უნდა ისესხო დანარჩენი ორი სიტყვა ცნობილი კლინიკა „ახალი ხედვიდან“, რომელიც სწორედ რომ მოძრაობის პათოლოგიას კურნავს და სთავაზობს პაციენტებს ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ისედაც კოჭლობით მოხვედით დღევანდელ დღემდე, ნიკანორ – რა საჭირო იყო ამ დეფექტის თაობაზე სამედიცინო ყურადღების გამახვილება? თანაც, კლინიკამ სახელწოდების გამო საავტორო უფლებების შელახვა შეიძლება გაგისაჩივროს. შენს ადგილზე, ახალ პარტიას დავარქმევდი ასე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პერპეტუუმ მობილე“. ამით ხაბესაც დასცხებდი „მიშას ნეკნებში“, რომელმაც „ქურქუმალ ვაითი“ კი იცის რა არის, მაგრამ აი, შენი „პერპეტუუმი“ მის თავის ქალაში ყურებს შორის დაჭიმულ სიმს უეჭველი გაწყვეტდა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

საქმე ეხება საქარიას საბადოს, საიდანაც ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყება 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე იგეგმება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, თურქეთი საჭირო ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებს. თურქეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ „საქარიას“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიღება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორს.

თურქეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანია „თურქიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელი დირექტორის, მელიჰ ჰან ბილგინის თქმით, ამ კვირაში კომპანია შავ ზღვაში მდებარე საბადოს სამი ჭაბურღილიდან დაიწყებს გაზის მიწოდებას. თურქეთი საქარიას საბადოს განვითარებაზე ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებთან ერთად მუშაობს.

ბილგინის თქმით, სექტემბრიდან, როდესაც საბადოს შვიდივე ჭაბურღილი ამუშავდება, დღე-ღამეში 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება იქნება შესაძლებელია. ეს თურქეთის მიერ მოხმარებული აირის დაახლოებით 7 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, თურქეთის მთავრობა აღნიშნული საბადოდან მოპოვებული გაზის ნაწილის ექსპორტზე გატანას აპირებს.

„თურქით პეტროლიუმმა“ პროექტ „საქარიაზე“ 1,8 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ უახლოეს წლებში საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა გაიზრდება და 40 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.

“თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა”

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ – თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მტერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და არა თავად ლევან ხაბეიშვილი.

„თუ რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრული. მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ამ ქვეყნის მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის რაიმე პრიორიტეტი. არ ჩაითვლება ეს სერიოზულ მოქმედებად არავისთვის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – ძალა ერთობაშია, ყველას შეუძლია, რომ პარტიაში მოვიდეს და ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, იბრძოლოს და შესაბამისად, თუ ვინმეს მისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“ , – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ოფისი გახსნეს.