Home Blog Page 2249

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ხვალ ჩატარდება

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს არ ჩატარდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კენჭისყრა ხვალ ჩატარდება.

„ოპოზიციას მობილიზაციის პრობლემა თუ აქვს, ეს არავის პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია იქმნება პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტად სასამართლო ხელისუფლებაში. ალბათ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან მცდელობა იქნება იმის, რომ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეხება, მაქსიმალურად დააზიანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ის პროპაგანდა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ გაშლილი სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისთვის, აღმოჩნდება, რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომლის უკან არანაირი ფაქტები არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“იქნებ შეიწუხონ თავი ოპოზიციონერებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც და ზეგაც”- პაპუაშვილი

იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულს ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.

“ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე”

ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხაბეიშვილი იყო დროებითი ფიგურა. ძალიან ღრმა და სერიოზული არ იყო მისი არჩევა. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.

თბილისის მერია ქუჩების სისტემატურად მორეცხვის პროექტს იწყებს

თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქზე“ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის, რომ ბევრი ქუჩა მოირეცხოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანებსაც გამოიყენებენ.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ პროექტზე. პროექტი გულისხმობს ქალაქში დასუფთავების სამუშაოებს. ორშაბათიდან კარგი ამინდია და შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას და დასუფთავებას, ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს. ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს და სუფთავდებოდეს. ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს – საავტომობილო გზები, ტროტუარები.

მინდა ანდრია ბასილაიას (მერის მოადგილე) დავავალო ამ პროექტის განხორციელება. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება, გამოიყენეთ სახანძრო მანქანები იმისთვის, რომ ბევრ ქუჩაზე მოვახერხოთ შესვლა და დასუფთავების სამუშაოების წარმოება. ისე მოამზადეთ პროექტი, რომ 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება“,- აღნიშნავს კალაძე.

თავის მხრივ, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია განმარტავს, პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება და ყოველდღე 100-ზე მეტი ქუჩა მოირეცხება. სამუშაოებით 00:00 საათიდან 07:30 საათამდე გაგრძელდება.

“ნუცას გამოსვლის ვიდეო ნახვებით პირველ ადგილზეა”- ზაზა შენგელია

American Idol-ის ტურში, ქართველი მომღერლის ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავ გამოსვლას „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში აფასებს.

„ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა! როგორც მოგეხსნებათ, 24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში, 2 ნაკადად გამოდიოდა (12 მონაწილე 16 აპრილს, 12 მონაწილე 17აპრილს). ნუცა თავის დღეს, ანუ 17 აპრილს, მისი გამოსვლის ვიდეო ნახვებით ამ წუთისთვის პირველ ადგილზეა (300 000 ნახვა) და უნდა ვივარაუდოთ, რომ, შესაბამისად, ბევრ ხმებსაც დააგროვებს და გადავა მომდევნო ტურში.

ნუცას გამოსვლის შეფასებები არაერთგვაროვანია. რასაც ვაკვირდები ამერიკული აუდიტორიის პროფაილებს, რომლებიც ნუცას გამოსვლაზე კომენტარებს ტოვებენ, უფრო განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით და, შესაბამისად, პოზიტიური შეფასებები აქვთ, ამერიკის დაბალი კლასი და სოფლად მცხოვრები აუდიტორია უფრო კრიტიკულია მის მიმართ, რაც ასევე აბსოლუტურად ახსნადი და გასაგებია…

მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და მისცა ხმა ნუცას და კიდევ მარაგში გვაქვს დაახლოებით 3,5 საათი (საქართველოს დროით 14:00-მდე) ხმის მისაცემად.

ჩემი პროგნოზი: ნუცა, ჩემი აზრით, გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ! თუმცა, ვფიქრობ, ნუცამ მომდევნო ტურისთვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, მით უფრო, რომ „რედნეკები“’ ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს და ესეც ბუნებრივია.

მომდევნო ორი ტური, როგორც ვიცი, ზედიზედ ხვალ და ზეგ, ანუ 19 და 20 აპრილს გაიმართება, რის შემდგომაც კონკურსში მთლიანობაში 12 მონაწილე დარჩება და ყველაზე მეტად სწორედ ამ ტურებში დასჭირდება დახმარება. დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, – წერს ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/zaza.shengelia.1/posts/pfbid0FsMFj8H6q98dbPjXCrFiNesQv1HrHcnGT71q4HSbzWR42o7kFUELgm1oA21eaMtYl

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში ოქონობას აღნიშნავენ

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში ტრადიციულად ოქონობას აღნიშნავენ. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა.

ოქონის მშენებარე ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია სადღესასწაულო წირვას აღავლენს.წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. სასულიერო პირები მოსახლეობას დალოცავენ და ქუჩებს აკურთხებენ.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეჩვიდმეტედ აღინიშნება.

“მგონი, პარტიიდან ნიკა მელიას და მისი მეგობრების გარიცხვა მოუწევთ”

მგონი, მელიას და მისი მეგობრების პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ, მეგონა, მათ აქამდეც გარიცხავდნენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ბიბისის“ სკანდალის შემდეგ, მოსალოდნელია, პარტიის შიგნით გარკვეული სახის წინააღმდეგობები ხდებოდეს და ხალხი ითხოვდეს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ კეზერაშვილთან არ ასოცირდებოდეს.

„საბოლოო ჯამში, ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება სააკაშვილის სიტყვა. ჩემი აზრით, მელიას მიზანია კეზერაშვილისა და მისი ხალხის პარტიიდან გასტუმრება. პრეტენზიებია და ამის აკუმულირებას ეცდებიან მელია და მისი მეგობრები. მგონი, მელიას და მისი მეგობრების პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ. მეგონა, მათ აქამდეც გარიცხავდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ხაბეიშვილი არის კლოუნის მაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე “- გიორგი ვოლსკი

მხოლოდ დაპირებების შესრულებაზე არ არის მხოლოდ აქ საქმე. აქ არის ინტელექტის დაბალ დონეზე. არ მეგულება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ადამიანი, რომელიც დადგება და ილაპარაკებს პარტიის პროგრამაზე, სახელმწიფო მშენებლობის თემაზე. ეს თუ არ შეუძლია ხაბეიშვილს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმე სხვას შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„მთავარი არის ის თუ ვინ დგას ამ პარტიის მმართველ სადავეებთან, ეს არის კეზერაშვილი, ეს არის მერაბიშვილი და შინაარსი პოლიტიკური პარტიისა, რომელიც არ შეცვლილა და რომელიც კვლავ იმავე პრინციპებზე დგას. ეს არის სადისტური მმართველობის გადმონაშთი, რომლის რაღაც ანასხლეტით აღმოჩნდა სათავეში ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის არის კლოუნის მაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე, რომელმაც არა თუ ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა, არამედ ქართულიც საკმაოდ ცუდად იცის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.

“მივიღეთ დასტური, რომ ყველა დარბაზში იქნება, იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნება”

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ დეპუტატები სიტყვას შეასრულებენ.

„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმედი მაქვს, ვინც სიტყვა თქვა, ამ სიტყვას შეასრულებს და კომისია შეიქმნება. სიურპრიზებს დღეს არ ველოდები. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ ყველა დარბაზში იქნება. ვინმემ თუ შეთანხმება დაარღვია, მას პასუხების გაცემა საზოგადოებასთან მოუწევს, რა და როგორ მოხდა. დასტური არის „ნაცმოძრაობიდანაც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.

“პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა” – კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით – პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ „მნიშვნელოვანია“ მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია, მოგისმინოთ, გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა პუტინმა სამხედრო მეთაურებთან შეხვედრაზე.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს”-ლავროვი

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.