დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაკრონმა ჩინეთში საკუთარი თავი მოატყუა“ (ავტორი – იან უილიამსი). მასალაში გაანალიზებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და მისი შედეგები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მართალია, პეკინში სი ძინპინი ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინივით, ექვსმეტრიან მაგიდაზე არ შეხვედრია, მაგრამ მოლაპარაკება ისეთივე უშედეგო გამოდგა, როგორც მისი უწინდელი შეხვედრა კრემლში, რუსეთის ლიდერთან.
საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინურ ვიზიტში რაღაც რეტროსპექტივა ჩანდა: შეხვედრის სცენა ჰგავდა მრავალი საუკუნის წინანდელ სურათს, როცა უცხოელი ელჩები „ცისქვეშეთის“ მფლობელთან საჩუქრებით მიდიოდნენ და იმპერატორის წყალობას იღებდნენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გამოძახილი უფრო გვიანდელი პერიოდისა, როცა ჩინეთის მონარქები ევროპელ სტუმრებს სახის ცივი, აუღელვებელი გამომეტყველებით ხვდებოდნენ.
სი ძინპინის ჩინეთი ამჟამად ბნელ და რეპრესიულ ქვეყანას წარმოადგენს. მისი მზარდი საერთაშორისო აგრესია, მსოფლიოს რიგ ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლა და ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა დასავლურ სამყაროში შეშფოთებას იწვევს და აიძულებს მათ ჩინეთთან ურთიერთობა გადასინჯონ. თუმცა, თუ ემანუელ მაკრონის სამდღიანი ვიზიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ფრანგმა ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია – ერთი ყურიდან შეუშვა და მეორიდან გაუშვა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ამალა 50 წევრისგან შედგებოდა – ბიზნეს-ლიდერებისაგან, კინემატოგრაფისტებისგან და მუსიკოსებისაგან. საჩუქრებს შორის, რომელიც ფრანგმა სტუმარმა ჩინელ კოლეგა-მასპინძელს ჩაუტანა, იყო ფრანგი ფოტოგრაფის მიერ მე-20 საუკუნის შუახანებში გადაღებული ჩინეთის იშვიათი ფოტოსურათები, აგრეთვე სევრში დამზადებული ცისფერი ფაიფურის ვაზა, ოქროს თევზებით დამშვენებული.
ემანუელ მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ მას სი ძინპინი დაერწმუნებინა რუსეთზე ზეწოლის მოხდენასა და უკრაინასთან ომის შეწყვეტაში. „მე მინდა თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გრძნობაზე მოიყვანთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამთ“, – უთხრა ფრანგმა სტუმარმა ჩინელ მასპინძელს. მაგრამ სი ძინპინმა ვერ ან არ მოისურვა რუსეთის დაგმობა, კვლავ გაიმეორა ვლადიმერ პუტინისეული არგუმენტები და გააჟღერა უკვე ცნობილი ბანალური განცხადება – „ჩინეთი მზად არის საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, რომ რაციონალობა და სიმშვიდე შეინარჩუნონ“.
ემანუელ მაკრონი ჩქარობდა, ერთი-ორჯერ ენაც კი დაება, მან სი ძინპინზე ორჯერ მეტი ილაპარაკა, რაც ფრანგ სტუმარს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად ჩაუთვალეს. სი ძინპინს სახეზე მოუთმენლობა ეტყობოდა, მან რამდენჯერმე ღრმად ამოიოხრა და როგორც ჩანს, პრეს-კონფერენციის სწრაფად დასრულებას ნატრობდა.
და მაინც, აშკარაა, რომ სი ძინპინს ძალიან მოსწონს, როცა მას თავს ევლებიან, როგორც პოტენციურ მშვიდობისმყოფელს, თუნდაც მშვიდობა და ზავი სრულიად განუხორციელებელი იყოს. სი ძინპინისათვის პრიორიტეტი საკუთარი თავი და ჩინეთია. უკრაინის ომი? დაე, გაგრძელდეს, ეს მას სრულებით აწყობს. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი სასარგებლოა, რადგან დასავლეთის ყურადღება ახლა კიევისკენ და მოსკოვისკენ არის მიპყრობილი და არა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი რუსეთიდან იაფი ნავთობისა და გაზის მიღებისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენს. უკრაინის ომი განამტკიცებს სი ძინპინის როგორც ვლადიმერ პუტინის უფროსი პარტნიორის როლს. იმავდროულად ჩინეთის ლიდერს არ გადაუკვეთია „დასავლური წითელი ხაზები“ და რუსეთისათვის იარაღი არ მიუწოდებია.
პეკინური მშვიდობა ნამდვილ და უტყუარ მშვიდობად არ უნდა ჩავთვალოთ. ჩინეთის ლიდერის ნათქვამი ცარიელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ბანალურ ფრაზებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ცეცხლის შეწყვეტა, რომლისკენაც იგი მხარეებს თითქოსდა მოუწოდებს, კრემლისათვის ჯილდო იქნებოდა. სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ძალიან ჰგავნან, ისინი ერთმანეთის მსოფლმხედველობას იზიარებენ, რომელიც ახალ წესრიგს ემყარება. ასეთი მსოფლიო წესრიგი უსაფრთხოა ავტოკრატებისათვის და ის იმპერიული დიდების აღდგენას ემსახურება. ისინი ორივე თავს დასავლეთის მსხვერპლად თვლიან, რომელმაც მათი ქვეყნები დაამცირა და ტერიტორიები წაართვა.
სავარაუდოდ, სი ძინპინმა თავისი ჭეშმარიტი გრძნობები სწორედ მაშინ გააჟღერა, როცა გასულ თვეში, მოსკოვში, თავის რუს კოლეგას ემშვიდობებოდა: „მალე მოხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა… და ჩვენ ამ ცვლილებებს ხელს ერთად შევუწყობთ“.
სი ძინპინის უახლოეს მიზანს ევროპის ამერიკისაგან ჩამოშორება წარმოადგენს. ამ მხრივ იგი ემანუელ მაკრონს „სასარგებლო ინსტრუმენტად“ მიიჩნევს, რომელსაც „ჩინური ოცნების“ შესრულებაში დახმარების გაწევა შეუძლია. „ჩინეთი ევროპას ტრადიციულად განიხილავს როგორც დამოუკიდებელ პოლუსს მრავალპოლუსიან მსოფლიოში და მხარს უჭერს მას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში“, – განაცხადა სი ძინპინმა პრეს-კონფერენციაზე.
ძნელი იმის თქმა, თუ რა გაიფიქრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როცა იგი ემანუელ მაკრონის გამოსვლას უსმენდა. იგი ფრანგ პრეზიდენტთან ერთად იყო პეკინში და ისიც შეხვდა სი ძინპინს, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩინეთის ხელმძღვანელმა ფრაუ ურსულა ცივად მიიღო. სხვათა შორის, მისი მარშრუტი, ემანუელ მაკრონთან შედარებით, შეზღუდული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე… მიწვეული არ ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინელებმა კარგად იციან მისი ხისტი პოზიცია: ამას წინათ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა იყონ. სწორედ ამ განცხადების გამო ფრაუ ურსულა ჩინურმა სახელმწიფო მასმედიამ „ამერიკულ მარიონეტად“ მონათლა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პეკინში ვიზიტის დროს პირდაპირ აღნიშნა, რომ „ჩინეთი დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე იმით, რომ რუსეთთან ათწლეულობის განმავლობაში მეგობრობს“. ურსულ ფონ დერ ლაიენმა ჩინეთს სთხოვა (და იმავდროულად გააფრთხილა), რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ სი ძინპინი ვლადიმერ ზელენსკის მხოლოდ მაშინ დაელაპარაკება, „როცა ამის დრო მოვაო“. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერთან საუბრის დრო არასოდეს არ დადგება. ზელენსკის სურვილის მიუხედავად, რაც ომი დაიწყო, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. ამაშიც ჩანს პეკინის ინიციატივის სრული აბსურდულობა შუამავლობის თაობაზე. რა შუამავლობას გასწევს პეკინი, როცა თავს არიდებს ლაპარაკს კონფლიქტის მსხვერპლთან?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში ფაქტობრივად სპექტაკლს წარმოადგენდა და მიმართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის – როგორც საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწის – რეპუტაციის განმტკიცებისაკენ, ქვეყნის შეგნით მიმდინარე არეულობის ფონზე. ელისეის სასახლის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის გამო წაიტრაბახა – „ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სი ძინპინს ხვდებიან და მასთან [პრობლემურ საკითხებზე] ღრმად ლაპარაკობენ, იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ თითებზე თუ ჩამოითვლებიან“. გარკვეულწილად ასეთი თვალსაზრისი სასაცილოც არის, არასერიოზულიც და იმავდროულად, სახიფათოც: ჩინეთის ლიდერის როგორც შუამავლის ქება-დიდება ავტორიტეტს მხოლოდ სი ძინპინს მატებს და არა ემანუელ მაკრონს.
მათ შორის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტს პეკინში ახლდა, მუსკოსი ჟან-მიშელ ჟარიც იყო, რომელსაც დამსახურებულად შეუძლია დაიკვეხნოს – მან, როგორც დასავლელი კულტურის პირველმა წარმომადგენელმა, ჩინეთში კონცერტები ჯერ კიდევ 1981 წელს გამართა. სხვათა შორის, ჟან-მიშელ ჟარმა გასული წლის ბოლოს დაასრულა თავისი ეპიკური პროექტი სახელწოდებით Oxymore („ოქსიმორონი“), სადაც იგი ცდილობს „შეუთავსებელი“ და ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს სწორედ ისაა, რომელიც ჩინეთში ემანუელ მაკრონის სამდღიან პოზიორობას გამოხატავს.
წყარო