“ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა – დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში?”

59
spot_img

„ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქარხანაში, რომელიც საბრძოლო მასალებს ამზადებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან გიგანტური რობოტი-მანიპულატორები და მაღალტექნოლოგიური დანადგარები განუწყვეტლივ, დღე და ღამ მუშაობენ, რათა კიევის არმიისათვის აუცილებელი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები გამოუშვან. თუ ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც არის ჩაფიქრებული, კომპანია Nammo-ს ქარხანა 2028 წლისათვის წელიწადში 200 ათას ჭურვს დაამზადებს, რაც 20-ჯერ აღემატება ომამდელი წარმოების მოცულობას“, – ნათქვამია ამერიკული გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა. დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში? ალბათ, არა“ (ავტორი – ლარა ჯეიქსი).

 

„დიახ, ჭურვების ეს რაოდენობა არასაკმარისია და მათი დამზადების ტემპიც ნელია. არადა, უკრაინის არმია დღეს აცხადებს რომ მას ყოველთვიურად 250 ათასი 155-მილიმეტრიანი ჭურვი ჭირდება რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად. ფაქტობრივად, უკრაინის მოთხოვნას ჭურვების დამამზადებელი ევროპის 11 ქარხნის ერთობლივი სიმძლავრეც კი ვერ დააკმაყოფილებს“, – წერს ავტორი.

 

„ეს პრობლემა ნატოს ყველა წევრი-ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი: „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ უკვე სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ბევრმა თავისი სამხედრო ხარჯები მინიმუმამდე შეამცირა, რათა უფრო მეტი თანხა სოციალურ სფეროს მოხმარებოდა. ახლა კი, როცა ამერიკა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს იარაღზე უკრაინის არმიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ჩინოვნიკებს და ანალიტიკოსებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა – შეძლებს თუ არა ევროპა გაზარდოს წარმოების მოცულობა თავის სამხედრო-სამრეწველო სექტორში იმდენად, რომ უკრაინას აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს?

 

და როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი უკვე ახლავე უარყოფითია; „ვერ შეძლებს, მოკლევადიან პერსპექტივაში“. ნატოელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უკრაინას იარაღს იმ რეზერვებიდან მისცემენ, რომლებიც ამჟამად მათ საწყობებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, აგრეთვე საზღვარგარეთაც. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ სწრაფად გაზარდონ წარმოების მოცულობა იმ შემთხვევისათვის, თუომი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

„დღეს სამხედრო წარმოება დიდ პრობლემებს აწყდება. ჩვენ გვინდა უკრაინაც დავაკმაყოფილოთ და საკუთარი რეზერვებიც შევავსოთ“, – ამბობს კომპანია Nammo-ს დირექტორი მორგენ ბრანდცეტი, – ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე უფრო ადრე უნდა გვეფიქრა… მაგრამ რას ვიზამთ – რაც მოხდა, მოხდა“.

 

მორგენ ბრანდცეტის აზრით, „ევროპას გრძელი გზის გავლა მოუწევს“, რათა დაარწმუნოს ცალკეული ქვეყნები სამხედრო მრეწველობის აღდგენაში.

მარტში ევროკავშირი დათანხმდა, რომ უკრაინისათვის 2,14 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე 155-მილიმეტრიანი ჭურვები 12 თვის განმავლობაში მიეცა. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის განკარგულებაში უფრო მეტი რეზერვებია და დაფინანსების უფრო ოპტიმიზირებული სქემა აქვს, კიევს უკვე თითქმის ამდენივე რაოდენობის ჭურვს აწვდის, ევროპას კი დიდი ძალისხმევა დაჭირდება თავისი დაპირების შესასრულებლად.

„ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, ჩვენ უკრაინისადმი მიცემულ პირობას ვერ შევასრულებთ“, – თვლის გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

წყარო