ბრიტანული ჟურნალი „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპას იშორებს?“ (ავტორი – ენდრიუ ტოტენბორნი), რომელშიც განხილულია რიგ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში უკრაინული ხორბლის შეტანით გამოწვეული დაძაბულობა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
თავისი 66-წლიანი არსებობის განმავლობაში ევროკავშირის მისიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მისი უფლებამოსილების განუხრელი გაფართოება, რაც ნიშნავდა მითითებას და კარნახს ორგანიზაციის წევრების მიმართ, თუ რა უნდა აკეთონ და როგორ უნდა მოიქცნენ, როგორი პოლიტიკა უნდა გაატარონ.
მაგრამ ახლა ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ახლო მომავალში მას უკანდახევა და „ახლო წარსულში დაბრუნება მოუწევს“. თუ ბრიუსელი დღევანდელი ცენტრალიზებული ტექნოკრატიიდან, რომელიც თავის ვასალებს ბრძანებებს აძლევს, არ გადაიქცევა იმ ორგანიზაციას, რომელიც ფართო კონსენსუსს დაეფუძნება არჩეულ მთავრობებს შორის, მაშინ ის, ალბათ, განზე დარჩება და შეიძლება კონტინენტურ განხეთქილების მიზეზიც კი გახდეს
მსგავსი მოვლენის ილუსტრაციას წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული ხორბლის საკმაოდ მოულოდნელი სიჭარბე. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში უკრაინა ევროკავშირში უბაჟო დაშვებით სარგებლობდა და თავისი პროდუქცია შეღავათებით გაჰქონდა ევროპის ბაზარზე. უკანასკნელ დრომდე ეს არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავდა – უკრაინული ხორბალი, ნიდერლანდებისა და ესპანეთის გარდა (რომლებიც ხორბალს ძირითადად საქონლის საკვებად იყენებდნენ), ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არ შედიოდა და თითქმის მტლიანად განვითარებად ქვეყნებში ექსპორტირდებოდა (აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ.).
მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ყველაფერში კორექტივები შეიტანა: ათეულობით ათასი ტონა შედარებით იაფი უკრაინული მარცვლეული, შავი ზღვის „ხორბლის დერეფნის“ გარდა, ამჟამად აღმოსავლეთ ევროპისკენაც არის მიმართული, რაც ადგილობრივ ფერმერებს გაკოტრებით ემუქრება. რასაკვირველია, მათ პროტესტი განაცხადეს და თავიანთ მთავრობებს რეაგირება მოსთხოვეს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნგრეთმა, პოლონეთმა და სლოვაკიამ – ეს ქვეყნები სოფლის მეურნეობის პროდუქციით გამოირჩევიან, თანაც ორში არჩევნები უნდა ჩატარდეს – სწრაფად იმოქმედეს და უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალეს. უნგრელ, პოლონელ და სლოვაკ კოლეგებს, ალბათ, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებიც მიბაძავენ და „ხელში პოლიტიკურ იარაღს აიღებენ“.
ბევრი ევროპელი, ევროკრატების გარდა, ალბათ, სიმპათიებს გამოხატავს მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც მათ გვერდში დგანან, სოლიდარობის ნიშნად. მართლაცდა, ახლა აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში უფრო სჭირდებათ უკრაინის ხორბალი, ვიდრე ევროკავშირში. ამიტომაც სრულიად გასაგებია ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მთავრობების სწრაფი რეაგირება. გლობალური თავისუფალი ვაჭრობა, რასაკვირველია, ზოგადად კარგია, მაგრამ არცერთი ნორმალური მთავრობა განზე არ გადგება და არ მისცემს საშუალებას „გლობალური თავისუფალი ვაჭრობის“ მომხრე უკრაინულ კომპანიებს, როცა ისინი ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიან ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სექტორს.
ეს ყველაფერი ბრიუსელს, რომელიც, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, საგარეო ვაჭრობას აკონტროლებს, მძიმე სიტუაციაში აყენებს. რასაკვირველია, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება ხორბლის ექსპორტში, მაგრამ ბრიუსელმა ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს. მათ სრული უფლება აქვთ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოსთხოვონ პრობლემის ისე გადაწყვეტა, როგორიც მათ ინტერესებს შეესაბამება. ამ შემთხვევაში ურსულა ფონ დერ ლაიენის თანაგრძნობა არ კმარა.
თუ თქვენ გინდათ იპოვოთ ისეთი ორგანიზაციის მართვის ყველაზე უგერგილო წესი, როგორიც ევროკავშირია, მაშინ თქვენ მიზანთან ახლოს ხართ: ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოწმობს იმას, რომ ბრიუსელს არ აქვს აღმოსავლეთევროპელთა გაგების უნარი. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეფექტური სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგად ითვლება, ანუ ის უნდა წახალისდეს და არა შევიწროვდეს.
იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელი დაფიქრდეს და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს, ის უაპელაციოდ უკრძალავს პოლონეთის უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს გააკეთონ ის, რაც მათ ეროვნულ ინტერესებშია. ობიექტურად თუ ვიტყვით, ევროკრატების უდიდეს ნაწილს არასდროს არ ესმოდათ იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლის წინათ საბჭოთა კავშირის (ჩათვალე – რუსეთის) ჩრდილქვეშ არსებობდნენ.
ევროკავშირის ხელმძღვანელობას თეორიულად ჯერ კიდევ აქვს საკუთარი თავის რეაბილიტაციის შესაძლებლობა, რომ უკან წაიღოს თავისი გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ამის გაკეთებას არ აპირებს. თუ ასე გააგრძელებს, მაშინ ევროკავშირი სულ უფრო დაემსგავსება რომლითაც ახალმოვლენილ „საღვთო რომის იმპერიას“, რომელიც სულ უფრო მეტ მკაცრ ბრძანებებს აძლევს თავის ვასალებს, მაგრამ ისინი იმპერიის ხელმძღვანელს – არჩეულ მონარქს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
წყარო