“ქვეყანა ვითარდება და ყოველ ახალ ეტაპს შესაბამისი გამოწვევები მოსდევს” – გია გაბრიჭიძე

67
spot_img

ექსპერტი გია გაბრიჭიძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებულ ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ცხადია იყო საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც აუცილებლად მისახედია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოება და ფულადი დახმარების ოდენობა.“

როგორც ექსპერტი წერს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს თავის გასაკეთებელს და ეს ძალიან კარგია.

„საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის [UNICEF] მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

ცხადია, იყო საუბარი არსებულ პრობლემებზე, რაც აუცილებლად მისახედია, მაგრამ ძალიან კარგია, რომ კვლევის ანგარიშში ხაზგასმულია ხელისუფლების მიერ ბავშვთა დახმარების პროგრამის გაფართოება და ფულადი დახმარების ოდენობა.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ 2022 წელს 50 ლარით გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ლი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. 2022 წელს, შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი გახდა 275 ლარი; 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 340 ლარი გახდა; 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა; დადებითად არის შეფასებული ის სამედიცინო სერვისები და ხარისხი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები კვლევაში თითქმის არ ფიქსირდება; 2018 წლიდან 2022 წლამდე 66%დან 29.4% -მდეა შემცირებული ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე შემცირდა ფიზიკური დასჯა; 5%-დან 0.1%-მდე შემცირებულია სასტიკი ფიზიკური დასჯა.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მკაცრი რეაგირება ბავშვისა და ქალის მიმართ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე; იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია). ზოგადი განათლების მიმართულებით კი ეს ციფრი 79.7% -აღწევს,

სახელმძღვანელოები და კომპიუტერები, რომლებსაც პირველ კლასში ყველა ბავშვს გადასცემენ, ყველასთვის ცნობილია. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში (1, 3 თუ 7), მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას უახლოეს სკოლაში. და ბოლოს ყველაზე მთავარი – დაწყებულია საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 1 მილიარდიანი პროგრამა და 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული და შესაბამისად ადაპტირებული.

მოკლედ რომ ვთქვა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, რომლებიც მუდმივად იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება და ყოველ ახალ ეტაპს შესაბამისი გამოწვევები მოსდევს, სახელმწიფო მაქსიმალურად აკეთებს თავის გასაკეთებელს და ეს ძალიან კარგია“- წერს გია გაბრიჭიძე.

https://www.facebook.com/gia.gabrichidze.5/posts/pfbid03Dtw7iQ1RMDktu1vVFFxZGRMqSZdb7giqiFtosnjbX6krQ8qq8R14FtYtEvaK5W3l