“არ არსებობს მოსამართლეების თემაზე გამოძიების დაწყების საფუძველი”

70
spot_img

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება საკითხისადმი სუბიექტურ მიდგომას აჩვენებს, ვინაიდან არ არსებობს კომისიის შექმნის საფუძველი.

მისივე თქმით, არ არსებობს შესაბამისი ფაქტები და ამიტომ სწორია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ფაქტები და როდესაც სახეზეა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ღია წყაროებს, სუბიექტური მიდგომაა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, რომ თემა უნდა განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა და შემდეგ სასამართლოს გადაეცეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მართებული მიდგომაა, მაგრამ ასეთივე მართებულ მიდგომას მოითხოვს იმ მოსამართლეების საკითხიც, რომლებიც ასე ხელაღებით დაადანაშაულეს კორუფციაში. თუ ვინმე დასვამს შეკითხვას ორმაგი სტანდარტის შესახებ, ამ შეკითხვას საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ვერც გუშინ შედგა. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას – ქართველ მოსამართლეებს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ არ გაიარა რეგისტრაცია.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ“.