Home Blog Page 2225

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერმა და მთავრობამ” – არჩილ თალაკვაძე

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ, მისასალმებელია, მხარს ვუჭერთ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, ყოველთვიურად საზოგადოებას ესმოდა არაერთ შემთხვევის შესახებ, როდესაც დამატებითი ფინანსები სჭირდებოდათ ბავშვებს, ოჯახებს, რომ ეს ძვირადღირებული მკურნალობა მიეღოთ საზღვარგარეთ.

„ახლა შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება მიიღებდა. მივესალმებით, რომ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ ეს ნაბიჯი გადადგა. ყოველწლიურად, ბავშვები, მათი ოჯახები, ვინც სასიცოცხლოდ აუცილებელ მკურნალობაზე ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებენ, მიიღებენ ასეთ დაფინანსებას და ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჯანდაცვის სფეროში და იმ უფლების რეალიზებისთვის, რასაც ჰქვია უფლება ჯანმრთელობაზე. ჩვენი ხელისუფლებისთვის ჯანდაცვა და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ჩვენ დავუბრუნეთ ჯანდაცვა მოქალაქეებს და მომავალშიც განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, რომლის მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი, სრულად დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან

სახალხო დამცველი, მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან.

როგორც იოსელიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის განხორციელება.

„როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები.

მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი.

უცხოური ვალუტის კურსი 25 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7603 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7533 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0070 oლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“სააკაშვილი, კეზერაშვილი, გვარამია არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ”

ზოგადად, ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რაც შეიძლება, გვხვდებოდეს სხვადასხვა რეზოლუციაში სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „აღნიშნულ ადამიანებზე პოლიტიკურ კონტექსტში საუბარი კატეგორიულად მიუღებელია“.

„იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, კონკრეტული დასტური მიიღეს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი არის კორუმპირებული, მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი და კვლავ აგრძელებს დანაშაულების ჩადენას. ამჯერად უკვე ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. მგონი, ბევრისთვის ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა” – თამარ ჩიბურდანიძე

ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა და დღეს ქართველი ხალხი თავად დაიცავს მის უსაფრთხოებას. შესაძლოა, ვიღაც მასზე იყოს გაბრაზებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი თქვენს მზაკვრულ გეგმას შეუერთდება. გონება გულის კარნახით მოქმედებს, უმეტესად. გული კი ყოველთვის სიმართლეს ირჩევს. აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პატიმრობაზე საუბარი ქართული საზოგადოების მღელვარების ფონზე, თანაც ერთ-ერთი აგენტის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ უვიცობისა და უგუნურების გამოვლინებაა.

„რა დონის უგუნური უნდა იყო, რომ დღეს, საზოგადოების მღელვარების პიკში ერთ-ერთ აგენტს ათქმევინო ის, რაც მათი დიდი ხნის ოცნებაა – ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრება.

რა დონის უვიცი უნდა იყო, რომ ვერ გათვალო, რა მოჰყვება ამას და რაზეა წამსვლელი ქართველი ხალხი? როგორც ჩანს, მათთვის ერთადერთი გამოსავალი ეს დარჩა. უკრაინის ომისგან სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დასავლეთი გამოსავლის გზებს ეძებს და ვერ პოულობს. საქართველო მსხვერპლი უნდა გახდეს. საქართველოს მსხვერპლთშეწირვაში კი მათ ბიძინა ივანიშვილი ეღობება. ამას არ პატიობენ და სურთ, შური იძიონ მასზე.

ფრთხილად! ქართველი ხალხი დუღს!

2012 წელი აუცილებლად განმეორდება კიდევ უფრო დიდი მღელვარებით. მაშინ ივანიშვილმა შეძლო ისტორიული ცვლილებების უსისხლოდ მოტანა და ხალხიც დაემორჩილა. დღეს საზოგადოების დამორჩილება ძნელია. დღეს ყველამ გაიგო ის, რაც დამალული იყო სააკაშვილის იმ ავბედითი სისხლიანი მმართველობის დროს! დღეს ხალხმა გაიგო მშვიდობის ფასი! დღეს ქართველმა ხალხმა ღიად დაინახა, თუ როგორ ანაცვლებს რუსეთს ამერიკა, როგორც დამპყრობელი!

დღეს ქართველი ხალხი ხედავს ყველაფერს და ვეღარავინ შეძლებს მის მოტყუებას!

დასავლეთი სამოქალაქო ომს ამზადებს საქართველოში, მაგრამ მჯერა ხალხის გონიერების, რომ არ აჰყვება მათ პროვოკაციას. რთულად, მაგრამ კვლავ მშვიდობით გადავიტანთ ამ არნახულ ზეწოლას დასავლეთიდან და გავიყვანთ ქვეყანას უვნებლად.

მინდა, იცოდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მტერმა, რუსეთმა თუ ახალმა დიქტატორებმა, რაც არ უნდა ძლიერ აჟღარუნოთ იარაღი, თქვენ მოკვდავნი ხართ, საქართველოს კი უკვდავების გვირგვინი ადგას თვით ღვთისმშობლისგან და შეუძლებელია მისი განადგურება!

ბიძინა ივანიშვილმა ქართველებს სამშობლო გადაურჩინა და დღეს ქართველი ხალხი თავად დაიცავს მის უსაფრთხოებას. შესაძლოა, ვიღაც მასზე იყოს გაბრაზებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი თქვენს მზაკვრულ გეგმას შეუერთდება. გონება გულის კარნახით მოქმედებს, უმეტესად. გული კი ყოველთვის სიმართლეს ირჩევს.

აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს”

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს.

თამარ გაბუნია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, ფორმატში ჩაერთოს.

„მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ – რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს.

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Forbes Woman-მა და თიბისიმ და ქალთა გაძლიერების თემაზე ღონისძიებას „The Power of No” უმასპინძლეს

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes Woman Georgia-მ 22 აპრილს სასტუმრო „სტამბაში” სამიტი „The Power of No” გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიების, მათ კარიერულ განვითარებაში „არა”-ს როლისა და მათ წინაშე არსებული ბარიერების გადალახვის გამოცდილების გაზიარებას.

„The Power of No”-ს ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბა, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდა, ცნებით კატეგორიებად ითარგმნა და ცოდნად იქცა. კონფერენციის ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერები იყო, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს.

სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.

სამიტი დიალოგის ფორმატში, მომხსენებლების, მოდერატორისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით წარიმართა. სამიტი გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, სპიკერები კი იყვნენ: თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი ცირა კემულარია, „Sciences Po Psia”-ს ლექტორი ეკატერინე ზღულაძე, „ACT Global”-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „AzerTelecom”-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაკაშიძე, “Tag&Match” დამფუძნებელი ანა აგლაძე, „Munchies by food goddess”-ს დამფუძნებელი ირინე ხუნდაძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებების წარმომადგენელი ანა აბაშიძე, „თეთრი კვადრატი”-ს აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი, „აჭარა ჯგუფი”-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი”-ს რექტორი ნინო ენუქიძე, თეოლოგი თამარ გრძელიძე, ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის” მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია, ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია, Cellfie-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე, “Forbes Woman Georgia”-ს კონტრიბუტორი თინათინ მაღრაძე.

ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიცაა ქალთა გაძლიერება, პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

(R)

ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო -რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო, მაგრამ შეიძლება მომავალ ზამთარში წააგოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპამ გასული ზამთარი ბლექაუთების, ეკონომიკური კრიზისისა და რევოლუციების გარეშე გადაიტანა – კრემლის მცდელობის მიუხედავად, რომელმაც, უკრაინაში შეჭრის პარალელურად, ევროპას გაზის ომი გამოუცხადა. ფაქტია, რომ ევროპელებმა ზამთარს გაუძლეს და გადაიტანეს: ერთი მხრივ, იღბალი შეხვდათ – თბილი ზამთარი იყო, მეორე მხრივ, კოლოსალური სახსრები იქნა დახარჯული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის. მეორედ მსგავსი სიტუაცია რომ დადგეს, ევროპა ასეთ გამოცდას უკვე ვეღარ გაუძლებს.

სპეციალისტებმა დაადგინეს ის ხუთი მთავარი მიზეზი (იხილეთ ქვემოთ), რომლის შედეგადაც ევროკავშირმა გასული ზამთარი წარმატებით გადაიტანა, მაგრამ რომლებიც მომავალ ზამთარში შეიძლება ევროპელებს საწინააღმდეგოდ შეუბრუნდეთ.

„ვლადიმერ პუტინისა და სხვა ბევრი ადამიანის მოლოდინის მიუხედავად, ევროპა არ გაყინულა და არც ევროპული ეკონომიკა არ ჩამოშლილა, – ამბობს ფაჰით ბიროლი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი, – მაგრამ შემდეგი 2023-24 წლების ზამთარი, შარშანდელთან შედარებით, შეიძლება უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდეს“.

„ჩვენ მოგვიწევს გავუძლოთ არა მარტო რთულ მომავალ ზამთარს, არამედ სულ მალე ზაფხულის პრობლემებსაც“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი, – ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაზით მომარაგების საკითხში გარკვეული არ არის, ამიტომ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ“.

ვლადიმერ პუტინს მარაგში ჯერ კიდევ აქვს კოზირები – მას ამ ეტაპზე ყველა გაზსადენი მთლიანად არ გადაუკეტავს. გაზი ევროპულ სანქციებში არ არის შეტანილი, მაგრამ კრემლმა, სხვადასხვა საბაბით, ევროპისათვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდება, ომამდელ მოცულობასთან შედარებით, 60-80%-ით შეამცირა.

საბოლოო ჯამში, შარშანდელი აგვისტოს სარეკორდო ფასებთან შედარებით, ევროპაში გაზის მოხმარების ტარიფებმა დაიკლო, მაგრამ მაინც სამჯერ და ოთხჯერ მეტია, ვიდრე ეს ომამდელ ათწლეულში იყო. ენერგეტიკული ომის ხარჯები ევროკავშირის 27 ქვეყანას გიგანტურ თანხად უჯდება – მათ უკვე გამოჰყვეს 650 მილიარდი ევრო მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად და ისეთი პირი უჩანს, რომ ხარჯები მალე ტრილიონ ევროს მიაღწევს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ამ ფულის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი იღებს. უკრაინასთან ომის პირველ წელს ევროკავშირმა რუსული გაზისა და ნავთობისათვის 140 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

როგორ განვითარდება „გაზის ომი“ მიმდინარე წელს? აი, ხუთი ძირითადი მიზეზი, რომლის მიხედვითაც ევროპამ შეძლო გასული ზამთრის გადატანა, მაგრამ შეიძლება იმავე მიზეზებით მომავალ ზამთარში დაზარალდეს.

№1 – გაზისა და ელექტროენერგიის ეკონომია

როგორ დაეხმარა 2022-ში: ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ევროკავშირის ქვეყნებმა მოილაპარაკეს და დათქვეს, რომ გაზის ხარჯვას 15%-ით შეამცირებდნენ. პირობა შესრულდა – ზამთრის დადგომამდე ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვიურად ამცირებდნენ გაზის მოხმარებას და თანდათან იყენებდნენ ენერგოდამზოგ ზომებს, აჩერებდნენ საწარმოებს და გადადიოდნენ ალტერნატიულ წყაროებზე – წიაღისეულზე (ქვანახშირზე) და განახლებადზე (ქარისა და მზის ენერგიაზე). რუსული გაზის მოხმარება ყველაზე მეტად ფინეთმა შეამცირა (55%-ით) და ბალტიისპირა ქვეყნებმა (30-40%-ით. რუსეთის ომამდელმა ყველაზე დიდმა კლიენტმა გერმანიამ – 17%-ით.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, „ტექნიკურად მეტის შემცირებას ვეღარ შევძლებთ, უკვე კედელთან ვართ მიყენებული. ვეღარ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ სიცივეში ბინები არ გაათბონ. ვეღარ შევაჩერებთ მრეწველობას და პროდუქციის გამოშვებას. მრეწველობა ისედაც ზარალდება გაზზე მაღალი ფასებით“. წარმოიდგინეთ: ევროკავშირში, მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე გაერთიანებაში, გაზის ფასი 23%-ით მაღალია, ვიდრე ჩინეთში, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში და 53%-ით მეტი, ვიდრე აშშ-ში, პლანეტის ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კომპანიებს თავიანთი წარმოება იქ გადააქვთ, სადაც ენერგია უფრო იაფია. ბუნებრივია, ამით ევროპა წაგებაშია.

„ერთადერთი რეზერვი – ენერგიის დაზოგვაა“, – ამბობენ საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს ევროპას დაჭირდება 30-40 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზის მოცულობის ჩანაცვლება, ვიდრე გასულ წელს. აქედან 20 მილიარდს იმპორტირებული თხევადი გაზით ჩაანაცვლებენ, მაგრამ დანარჩენს – ვერსაიდან, მხოლოდ უმკაცრესი ეკონომიით. სხვა გამოსავალი არ არის.

№2 – თბილი ზამთარი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპას იღბლიანი წელიწადის დრო ჰქონდა – ზამთარი ისეთი ცივი არ გამოდგა, როგორიც წინა წლებში იყო: გვიანი შემოდგომა და ზამთრის პირი რეკორდულად თბილი იყო. ასეთივე რეკორდი დამყარდა სითბოს მხრივ დეკემბერში და იანვარშიც – ყველაზე ცივ თვეებში. ანუ ნაკლები გაზი დაიხარჯა გათბობისათვის.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ამ კვირაში გავიგეთ, ზამთარზე რომ არაფერი ვთქვათ, ზაფხულიც ახალ კატაკლიზმებს გვიმზადებს: მოსალოდნელია დიდი სიცხეები და გვალვა, რის გამოც მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება გასაგრილებლად, მაგრამ იმავდროულად მცირდება ელექტროენერგიის გამომუშავება – ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებში წყალი სწრაფად მცირდება, მაღალი ტემპერატურით წყალი თბება, ხოლო წყალსატევების და მდინარეების თბილი წყალი კარგად ვერ აცივებს ატომური ელსადგურების რეაქტორებს. ამის შედეგად ენერგეტიკოსები იძულებულნი ხდებიან ისევ გაზი გამოიყენონ ელექტროენერგიის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებისათვის. სხვათა შორის, შარშან, საკმაოდ ცხელი ზაფხულის პირობებში, ენერგეტიკა ერთადერთი დარგი იყო, რომელშიც გაზის მოხმარება კი არ შემცირდა, არამედ მოიმატა: იმიტომ, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო გახდა თბოელექტროსადგურებში გაზის მეტი რაოდენობის ხარჯვა.

№3 – რეზერვი გაზსაცავებში

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროკავშირმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაადგინა, რომ ნოემბრისათვის თავისი გაზსაცავები 90%-ით შევსებულიყო. თბილი ზამთრის გამო საცავებში საკმაო გაზი დარჩა. ამჟამად მათი ბოლომდე შევსება ხდება, მაგრამ…

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: …შევსების გრაფიკი ვარაუდებით არის შემუშავებული – იმ იმედით, რომ კრემლი არ გადაკეტავს ჯერ კიდევ შემორჩენილ გაზსადენებს („ჩრდილოეთის ნაკადების გარდა) უკრაინისა და თურქეთის გავლით და ევროპისათვის გაზის მიწოდებას მიმდინარე დონით მიაწოდებს. მაგრამ გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი პირობა გარანტირებული არ არის. „გაზპრომი“ თავის ბოლო პრეს-რელიზში უკვე აფრთხილებს ევროპას, რომ გაზსაცავებს შარშანდელივით ვეღარ შეავსებს. „მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ევროპას სავსე გაზსაცავები რომც ჰქონდეს, გაზის ფასები მაინც არ შემცირდება“, – ამბობს ICIS-ის გაზის ანალიტიკოსების ხელმძღვანელი ტომ მარზეკ-მანსერი.
„ახლა რომ შარშანდელზე შედარებით მცირე (მაგრამ მაინც მაღალი) ფასებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი დასრულდა. ოქტომბრისათვის გაზსაცავების შევსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გაზზე ფასები დაეცემა, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს – არა ისე, როგორც შარშან, მაგრამ მაინც. თუ ჩვენთან ცივი ზამთარი იქნება და აზიაშიც თხევად გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს გარემოება სიტუაციას ნეგატიურად შეცვლის“, – ამბობს ფრანგი ექსპერტი.

№4 – თხევადი გაზი და ჩინეთი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპა მტკიცედ „იჯდა“ რუსული მილსადენებით მიწოდებულ ციმბირული გაზის „ნემსზე“. რუსეთი მის მოთხოვნილებას ომამდე თითქმის 50%-ით აკმაყოფილებდა, ახლა მხოლოდ 8%-ით. შარშან თითქმის შეუძლებელი ჩანდა რუსული გაზის ჩანაცვლება – რუსულის გარდა, ევროპაში სხვა მსხვილი მილსადენები არ არსებობს. გაჭირვების ჟამს ევროპა თხევადმა გაზმა გადაარჩინა: გაზმზიდმა ტანკერებმა, მაღალი ევროპული ფასების გამო, კურსი აზიიდან ევროპისაკენ აიღეს. ბრიუსელმა მოახერხა საჭირო რაოდენობის თხევადი გაზის მიღება.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: რატომ იყო გასულ წელს თხევადი გაზი საკმაო რაოდენობით, რატომ მოახერხა ევროკავშირმა თხევადი გაზის მომარაგება? იმიტომ, რომ ჩინეთმა, კოვიდის პანდემიის გამო, კატარული გაზის მოხმარება შეამცირა, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, 21%-ით (22 მილიარდი კუბმეტრით!), რაც სარეკორდოა გასულ წლებთან შედარებით, როცა ყოველწლიურად მოხმარება 17%-ით იზრდებოდა. გამოთავისუფლებული გაზი ევროპამ წაიღო. მაგრამ ახლა ლოკდაუნი ჩინეთში მოხსნილია, მისი ეკონომიკა გამოცოცხლების პერიოდშია, მას ისევ ჭირდება გაზი, მოთხოვნა მატულობს.

ევროპამ თხევადი გაზის ტერმინალები ააშენა და მზადაა დიდი რაოდენობით თხევადი გაზის მიღებისათვის, მაგრამ მიწოდება უკვე პრობლემატურია: კატარში და აშშ-ში თხევადი გაზის ახალი პროექტები მხოლოდ ორი წლის შემდეგ განხორციელდება. რუსეთს აქვს თავისუფალი თხევადი გაზი – შარშან ევროპამ 20%-ით მეტი შეისყიდა, მაგრამ მიმდინარე წელს გადაწყვეტილი აქვს, რომ მოსკოვისაგან თხევადი გაზის შესყიდვა შეაჩეროს.

ამიტომაც ჩინეთში თხევადი გაზის მოხმარების ზრდა ევროპისათვის გაურკვეველ სიტუაციას ქმნის – ბრიუსელმა ჯერ-ჯერობით არ იცის, რით ჩაანაცვლოს ახლა უკვე კატარული თხევადი გაზი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიახლოებითი პროგნოზით, ევროპას 10-დან 30 მილიარდამდე კუბმეტრი გაზი დააკლდება.

№5. ევროკავშირის ერთიანობა და სუბსიდიები

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპელნი რუსული საწვავის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით და საკმაოდ მაღალი დისციპლინით გამოვიდნენ. თითქმის ყველა ქვეყანამ დათმო საკუთარი ინტერესები საერთო საქმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „გაზის ომისათვის“ გაეძლოთ. ევროპის ქვეყნებმა მთავარი გააკეთეს – მათ კოლოსალური თანხა დახარჯეს როგორც გაზის შესყიდვის, ასევე მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც კომპანია Bruegel-ის ექსპერტებმა გამოთვალეს, შარშანდელი სუბსიდიები 650 მილიარდი ევროს რაოდენობით, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს შეიძლება 1 ტრილიონ ევრომდე გაიზარდოს. ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც რეცესიის პირზე დგას, ასეთ დატვირთვას უკვე ვეღარ გაუძლებს, ის კიდევ უფრო დაშორდება კონკურენტებს და სტაგნაციაში ჩავარდება. ასეთ სიტუაციაში თანხების ხარჯვა ხარჯების დაფარვისათვის და არა ეკონომიკის გაფართოება-წინსვლისათვის, ძალიან პრობლემატური იქნება. „მოკლედ, სუბსიდიები საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიტუაციას უფრო აუარესებს, ვიდრე აუმჯობესებს. ასეთი ზომებით პრობლემა ვერ გადაიჭრება“, – ამბობენ Bruegel-ის ექსპერტები.

რაც შეეხება ევროკავშირის ერთიანობას, აქაც უკვე ბზარები შეინიშნება – ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ პროექტზე, რომლის მიხედვით, გაზს ევროკავშირი თავისი სახელით შეისყიდის და შემდეგ 27 წევრზე გაანაწილებს. ყველა ქვეყანას თავისი პრეტენზიები აქვს.

ცივი და სავარაუდოდ, „ბნელი“ ზამთრის პოლიტიკური შედეგები კი აუცილებლად თავს იჩენს: ბიზნესი გაკოტრდება, ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ, მოსახლეობა დაიღლება ომით, ევროპელები უწინდელი კეთილდღეობისა და კომფორტის დაბრუნებას მოისურვებენ… გაიზრდება იმ პოლიტიკოსების რაოდენობა და პოპულარობა, რომლებიც ამომრჩევლებს ან რუსეთთან დათმობისაკენ მოუწოდებენ, ან პროტექციონიზმისაკენ.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანია: მთავრობამ ენერგოკრიზისთან საბრძოლველად 265 მილიარდი ევრო გამოყო და იმავდროულად ყველა თბო- და ატომური ელექტროსადგური ჩართო, რომლებიც გაჩერებულები იყვნენ. მეზობლებმა ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ქვეყანას დაუყოვნებლივ დააბრალეს, რომ ბერლინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. დღეს კი სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი ცალკეული ქვეყნებიდან თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვაზე – პოლიტიკოსებს წონადი არგუმენტი გამოუჩნდათ დადგნენ თავიანთი ამომრჩევლების მხარეზე და არა უკრაინის დასახმარებლად და აგრესორზე – რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

ვინ გაიმარჯვებს გაზის ომში

რამდენად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება, ამას მომავალში ვნახავთ, მაგრამ კურსი უცვლელია – მოსკოვთან ურთიერთობის შეწყვეტა გარდაუვალია. „ჩვენ სამომავლოდ არასოდეს აღარ უნდა ჩავვარდეთ ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყების შემდეგ აღმოვჩნდით“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმონი. იმავეს აზრი აქვს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელს ფაჰით ბიროლს: „ევროპული ეკონომიკური მოდელი, რომელიც იაფ რუსულ გაზს და ნავთობს ეყრდნობოდა, წარსულში დარჩა. მორჩა, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“.

რას გააკეთებს რუსეთი? მოსკოვი ვერაფერს ვეღარ შეცვლის, – ასე ვარაუდობენ ფრანგი ექსპერტები IFRI-დან: „რუსეთმა ევროკავშირს თითქმის ყველა გაზსადენი გადაუკეტა და ამით თავდაპირველად სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა, თვითონ კი რეკორდული შემოსავლები მიიღო ფასის გაზრდით. მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთმა დაკარგა მსხვილი და საუკეთესო ბაზარი, რომლის რეალური ალტერნატივა არ არსებობს“, – წერენ ფრანგი ექსპერტები. „რუსეთმა თვითონ გაიკეთა გაზური ამპუტაცია და ახლა თანდათანობით კარგავს ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსს“, – დარწმუნებულნი არიან საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები.

წყარო

„მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“

როგორც ცნობილია, 21 აპრილს, ფრანგული ტელაერხის LCI-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლიუ შაიემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების სუვერენიტეტი საეჭვოა და სრულყოფილი არ არის.

ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ («Le Monde») დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია 80-მდე ევროპარლამენტარის წერილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონასადმი, რომელშიც დეპუტატები ფრანგული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებენ პასუხი გასცეს ჩინეთის ელჩის ასეთ გამოხდომას. პუბლიკაციის სათაური ასეთია: „მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“.

გთავაზობთ სრული სახით:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ კატრინ კოლონას.

ჩვენ, ევროკავშირის პარლამენტის წევრები, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მოწოდებას საფრანგეთის მთავრობისადმი, რათა მიიღოთ ზომები ჩინეთის ელჩის, ბატონ ლიუ შაიეს მიერ პარასკევს, 21 აპრილს, ტელეარხ LCI-ის ეთერში გაკეთებულ გამონათქვამის გამო, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც განხილული უნდა იქნეს როგორც საფრანგეთის პარტნიორ ევროპელი ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ გამოხატულ მუქარად.

ელჩმა ლიუ შაიემ საჯაროდ განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ გააჩნიათ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამტკიცებს, რომ „არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მათი [დამოუკიდებელი] სტატუსის მატერიალიზებას მოახდენს“. ასეთი კომენტარები დასაშვები დიპლომატიური დისკურსის ჩარჩოებს სცილდება. საქმე ეხება [ჩინეთის ლიდერის მიერ შემოღებულ] ე.წ. „მგლური დიპლომატიის“ კულმინაციურ მომენტს, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

გარდა იმისა, რომ ჩინეთის ელჩი გამონათქვამი ქვეყნებისა და ხალხების ისტორიის, კულტურისა და ფუძემდებლური ფასეულობების ღრმა შეურაცხყოფას წარმოადგენს, ის მიმართულია იმ პრინციპების ძირის გამოთხრისაკენ, რომლებსაც პროგნოზირებადი დიპლომატიური ურთიერთობა ემყარება. ჩინეთს – ისევე როგორც ყოველ ნებისმიერ სახელმწიფოს – არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, რომელიც დიპლომატიური სათამაშო არ არის. სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.

იმ დროს, როცა ევროპაში ომი ბობოქრობს, როცა ვხედავთ რუსეთის აგრესიას, მიმართულს მისი მეზობლის – უკრაინის წინააღმდეგ, უკიდურესად აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი მტკიცე სიგნალი გაუგზავნოს ავტორიტარულ სახელმწიფოებს, ჩვენი მოკავშირეების დაცვის მიზნით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთის ელჩი ლიუ შაიე აღმაშფოთებელ და სკანდალურ, დამამცირებელ გამონათქვამებს აკეთებს. ამას წინათ მან განაცხადა, რომ როგორც კი ტაივანი ჩინეთის კონტროლქვეშ გადავა, კუნძულის მოსახლეობა „ხელახლა იქნება აღზრდილი“.

ახლო წარსულში საფრანგეთის მთავრობამ სწრაფად მიიღო ზომები იმ დიპლომატების გასაძევებლად, რომლებიც მსგავს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ. სწორედ ამ პრეცედენტების გათვალისწინებით, გთხოვთ ელჩი ლიუ შაიე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოთ, მისი სრულიად მიუღებელი საქციელის საპასუხოდ.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადადგამთ ამ ნაბიჯებს საფრანგეთის ვალდებულების ხაზგასასმელად იმ ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს არა მარტო ევროპელ, არამედ სხვა პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიდგომას.

წყარო

პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად

პოლონეთის ყოველდღიურ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად“ (ავტორი – მიხალ შულჯინსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთ მოულოდნელ შედეგს პოლონეთში უკრაინული უმცირესობის სრული დემოგრაფიული ტრანსფორმაცია წარმოადგენს.

კომპანია Selectiv-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთში 3,2 მილიონი უკრაინელი იმყოფებოდა (ანუ პოლონეთის მთლიანი მოსახლეობის 8%), მაგრამ საქმე ამ ციფრში არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იმაში გამოიხატება, რომ „ახალი უკრაინელები“, კულტურის თვალსაზრისით, განსხვავდებიან იმ უკრაინელებისაგან, რომლებიც პოლონეთში კონფლიქტამდე ცხოვრობდნენ: დღევანდელი მიგრანტები უფრო მდიდრები არიან, ისინი ხშირად არიან სპორტით გატაცებულნი, უფრო ხშირად დადიან კინოთეატრებში და ა.შ. ისინი ძირითადად 29 წლის ასაკზე უფრო ახალგაზრდა ქალები არიან, მიგრანტების სამ მეოთხედს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული.

ამ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.

ერთი მხრივ, ჩნდება სულ უფრო მეტი ცნობები იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა პოლონელები უკრაინელებში კონკურენტებს ხედავენ დაოჯახების, ქორწინების ბაზარზე. კონფლიქტის დაწყებამდე პოლონეთის ქალაქებში უფრო მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი, ამიტომაც ქალებისთვის მეტ-ნაკლებად ძნელი იყო ოჯახის შექმნა, უკრაინელი ქალი-მიგრანტების დამატებამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, უკრაინელი მიგრანტების მატება კარგია პოლონეთის ეკონომიკისათვის; რაც უფრო მდიდარი და ფულის მქონეა მიგრანტი, მით უფრო მაღალია მისი მოთხოვნილება. გარდა ამისა, მიგრანტები სამუშაოს ეძებენ და როცა პოლონეთში მუშახელის დეფიციტია, მათი დასაქმება ეკონომიკისათვის პოზიტიურია.

სიტუაცია ისეთია, როგორიც ამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის სფეროში შეიქმნა: პოლონეთში დიდი რაოდენობით იაფი უკრაინული ხორბალი შევიდა, რაც, ერთი მხრივ, კარგია მომხმარებლისთვის (ფასები შემცირდა), მაგრამ ცუდია პოლონელი ფერმერებისათვის, რომელთა მარცვლეული აღარ იყიდება, კონკურენციას ვერ უმკლავდებიან.

დემოგრაფიის სფეროში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, ყურადღებიანობისა და გონივრული წინდახედულობის გამოჩენაა საჭირო. ერთ „ნაპერწკალს“ – ცრუ ინფორმაციას, უადგილო გამონათქვამს, სულელურ სიტყვას და მწარე ხუმრობას – პოლონელებისა და უკრაინელებს შორის დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით კრემლის იმედები არ მართლდება – ორ მეზობელ ხალხს შორის ურთიერთობა ნორმალურია.

მიმომხილველები პოლონეთისა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე ვარაუდებს გამოთქვამენ: როგორი ფორმა ექნება მათ ურთიერთდამოკიდებულებას მჭიდრო კავშირის შემთხვევაში – ფედერაცია, უნია თუ განსაკუთრებული პარტნიორობა – მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს.

ამასობაში კი, სოციუმის დონეზე, ეს კავშირი უკვე არსებობს: პოლონეთი ორეროვნულ სახელმწიფოდ იქცა – ეს უკვე ფაქტია.

წყარო

“როდემდე უნდა ვითმინოთ ეს სიბოროტე ილიას! სახელმწიფო უნივერსიტეტში?!”-გოგა ხაინდრავა

7 გზის ევროპის, 6 გზის მსოფლიოს და 2 გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფის მცდელობას, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერის”  საკუთარ გვერდზე პასუხობს.

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ეხმიანება, სადაც ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

„პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა. ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის“.

როდემდე?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს  სიბოროტე ილიას! სასწავლებელში?! გვიკვირს მერე რატომ იმეტებენ დასაწვავად მამებს!”- წერს გოგა ხაინდრავა.

“მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ” – პრემიერი  

მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებსა და მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის! – აქ თანხაზე არ არის საუბარი! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ამ საკითხის მოსაგვარებლად სჭირდება დრო და ნაკლები ემოციები, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს წამლის მიცემით უარესი შედეგი არ დაუდგეთ.

„მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში, იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ. ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 230 ათას ბავშვს, თვეში, ყოველთვიურად მივცეთ 200 ლარი. ამისთვის გამოყოფილია 465 მლნ ლარი. მინდა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულები, შევახსენო 2012 წლამდე იყო ნული დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის ახსოვდა არც ბავშვები და არც იშვიათი დაავადების მქონე ადამიანების დაფინანსება. 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ, სამ მილიონზე მეტი ბენეფიციარის და ამაში 7 მლრდ ლარი დახარჯა სახელმწიფომ. 2012 წლამდე ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტი იყო 145 მლნ ლარი. არათუ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება და მკურნალობაზე იყო საუბარი, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციების დასაფინანსებლად ბინებისა და ავტომობილების გაყიდვა უწევდათ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებასა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური, ფატალური შედეგით სრულდებოდა. ეს ადამიანები რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, თურმე, ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა, ეს ხომ სიყალბეა. ასევე, მინდა გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ჩვენ ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად და შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემა, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. რა თქმა, უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება. ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ გვჭირდება დრო და ამას სჭირდება ნაკლები ემოციები. მესმის ყველა ადამიანის და მითუმეტეს, იმ ადამიანების, რომელთა შვილებიც არიან ამ მძიმე დიაგნოზით. ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. თანხაზე არ არის საუბარი, მინდა ყველა მშობელმა იცოდეს! საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს. და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ადამიანს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.