“შექმნილია ფორმატი, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, „ვოსორიტიდის“ დანერგვას უკავშირდებოდეს”

71
spot_img

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს.

თამარ გაბუნია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, ფორმატში ჩაერთოს.

„მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ დაფინანსების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია, ამ მიმართულებით მუშაობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე მშობლების ჯგუფებთან. სამინისტროს პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოვახერხოთ მედიკამენტის ქვეყანაში დანერგვა. მანამდე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რასაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საჭიროებები, რაზეც ეს წამალი პირდაპირ ზეგავლენას ვერ ახდენს, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ – რეაბილიტაცია, ფსიქოთერაპია, სოციალური სერვისი თუ სხვა ტიპის დახმარება, სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მთელი რიგი მეთოდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებულია, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში აქონდროპლაზიის მიმართულებით ჯერ დანერგილი არ იყოს.

„ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან, თავად მწარმოებელთან. პროცესი გრძელდება იშვიათი დაავადებების საბჭოს ფორმატში, ასევე შექმნილია ექსპერტების ჯგუფი, რომელიც კონკრეტული პროტოკოლის შემუშავებაზე მუშაობს. ამას სჭირდება კონსტრქციული მუშაობა. სამუშაოსთვის შესაფერისი გარემო არის ჯანდაცვის სამინისტრო, ფორმატი, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, სადაც ექიმები, ექსპერტები მსჯელობენ ამ საკითხზე, რისკებზე, რაც შესაძლოა, მედიკამენტის დანერგვას უკავშირდებოდეს. მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ვთხოვო, შემოგვიერთდეს ამ ფორმატში მუშაობისთვის, რათა სწრაფად გაგრძელდეს პროცესი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად და იმ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც აუცილებლად უნდა იქნას მიღებული, ვიდრე ახალი მედიკამენტი შემოვა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.