ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო -რას წერს უცხოური პრესა

104
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ხუთი მიზეზი, რომლითაც ევროპამ გასულ ზამთარში რუსეთთან გაზის ომი მოიგო, მაგრამ შეიძლება მომავალ ზამთარში წააგოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ევროპამ გასული ზამთარი ბლექაუთების, ეკონომიკური კრიზისისა და რევოლუციების გარეშე გადაიტანა – კრემლის მცდელობის მიუხედავად, რომელმაც, უკრაინაში შეჭრის პარალელურად, ევროპას გაზის ომი გამოუცხადა. ფაქტია, რომ ევროპელებმა ზამთარს გაუძლეს და გადაიტანეს: ერთი მხრივ, იღბალი შეხვდათ – თბილი ზამთარი იყო, მეორე მხრივ, კოლოსალური სახსრები იქნა დახარჯული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის. მეორედ მსგავსი სიტუაცია რომ დადგეს, ევროპა ასეთ გამოცდას უკვე ვეღარ გაუძლებს.

სპეციალისტებმა დაადგინეს ის ხუთი მთავარი მიზეზი (იხილეთ ქვემოთ), რომლის შედეგადაც ევროკავშირმა გასული ზამთარი წარმატებით გადაიტანა, მაგრამ რომლებიც მომავალ ზამთარში შეიძლება ევროპელებს საწინააღმდეგოდ შეუბრუნდეთ.

„ვლადიმერ პუტინისა და სხვა ბევრი ადამიანის მოლოდინის მიუხედავად, ევროპა არ გაყინულა და არც ევროპული ეკონომიკა არ ჩამოშლილა, – ამბობს ფაჰით ბიროლი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი, – მაგრამ შემდეგი 2023-24 წლების ზამთარი, შარშანდელთან შედარებით, შეიძლება უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდეს“.

„ჩვენ მოგვიწევს გავუძლოთ არა მარტო რთულ მომავალ ზამთარს, არამედ სულ მალე ზაფხულის პრობლემებსაც“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი, – ამ დროისათვის ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაზით მომარაგების საკითხში გარკვეული არ არის, ამიტომ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ“.

ვლადიმერ პუტინს მარაგში ჯერ კიდევ აქვს კოზირები – მას ამ ეტაპზე ყველა გაზსადენი მთლიანად არ გადაუკეტავს. გაზი ევროპულ სანქციებში არ არის შეტანილი, მაგრამ კრემლმა, სხვადასხვა საბაბით, ევროპისათვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდება, ომამდელ მოცულობასთან შედარებით, 60-80%-ით შეამცირა.

საბოლოო ჯამში, შარშანდელი აგვისტოს სარეკორდო ფასებთან შედარებით, ევროპაში გაზის მოხმარების ტარიფებმა დაიკლო, მაგრამ მაინც სამჯერ და ოთხჯერ მეტია, ვიდრე ეს ომამდელ ათწლეულში იყო. ენერგეტიკული ომის ხარჯები ევროკავშირის 27 ქვეყანას გიგანტურ თანხად უჯდება – მათ უკვე გამოჰყვეს 650 მილიარდი ევრო მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად და ისეთი პირი უჩანს, რომ ხარჯები მალე ტრილიონ ევროს მიაღწევს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ამ ფულის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი იღებს. უკრაინასთან ომის პირველ წელს ევროკავშირმა რუსული გაზისა და ნავთობისათვის 140 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარება რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

როგორ განვითარდება „გაზის ომი“ მიმდინარე წელს? აი, ხუთი ძირითადი მიზეზი, რომლის მიხედვითაც ევროპამ შეძლო გასული ზამთრის გადატანა, მაგრამ შეიძლება იმავე მიზეზებით მომავალ ზამთარში დაზარალდეს.

№1 – გაზისა და ელექტროენერგიის ეკონომია

როგორ დაეხმარა 2022-ში: ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ევროკავშირის ქვეყნებმა მოილაპარაკეს და დათქვეს, რომ გაზის ხარჯვას 15%-ით შეამცირებდნენ. პირობა შესრულდა – ზამთრის დადგომამდე ევროკავშირის ქვეყნები ყოველთვიურად ამცირებდნენ გაზის მოხმარებას და თანდათან იყენებდნენ ენერგოდამზოგ ზომებს, აჩერებდნენ საწარმოებს და გადადიოდნენ ალტერნატიულ წყაროებზე – წიაღისეულზე (ქვანახშირზე) და განახლებადზე (ქარისა და მზის ენერგიაზე). რუსული გაზის მოხმარება ყველაზე მეტად ფინეთმა შეამცირა (55%-ით) და ბალტიისპირა ქვეყნებმა (30-40%-ით. რუსეთის ომამდელმა ყველაზე დიდმა კლიენტმა გერმანიამ – 17%-ით.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, „ტექნიკურად მეტის შემცირებას ვეღარ შევძლებთ, უკვე კედელთან ვართ მიყენებული. ვეღარ ვაიძულებთ ადამიანებს, რომ სიცივეში ბინები არ გაათბონ. ვეღარ შევაჩერებთ მრეწველობას და პროდუქციის გამოშვებას. მრეწველობა ისედაც ზარალდება გაზზე მაღალი ფასებით“. წარმოიდგინეთ: ევროკავშირში, მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის მქონე გაერთიანებაში, გაზის ფასი 23%-ით მაღალია, ვიდრე ჩინეთში, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში და 53%-ით მეტი, ვიდრე აშშ-ში, პლანეტის ყველაზე მდიდარ სახელმწიფოში. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კომპანიებს თავიანთი წარმოება იქ გადააქვთ, სადაც ენერგია უფრო იაფია. ბუნებრივია, ამით ევროპა წაგებაშია.

„ერთადერთი რეზერვი – ენერგიის დაზოგვაა“, – ამბობენ საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს ევროპას დაჭირდება 30-40 მილიარდი კუბმეტრი რუსული გაზის მოცულობის ჩანაცვლება, ვიდრე გასულ წელს. აქედან 20 მილიარდს იმპორტირებული თხევადი გაზით ჩაანაცვლებენ, მაგრამ დანარჩენს – ვერსაიდან, მხოლოდ უმკაცრესი ეკონომიით. სხვა გამოსავალი არ არის.

№2 – თბილი ზამთარი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპას იღბლიანი წელიწადის დრო ჰქონდა – ზამთარი ისეთი ცივი არ გამოდგა, როგორიც წინა წლებში იყო: გვიანი შემოდგომა და ზამთრის პირი რეკორდულად თბილი იყო. ასეთივე რეკორდი დამყარდა სითბოს მხრივ დეკემბერში და იანვარშიც – ყველაზე ცივ თვეებში. ანუ ნაკლები გაზი დაიხარჯა გათბობისათვის.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც ამ კვირაში გავიგეთ, ზამთარზე რომ არაფერი ვთქვათ, ზაფხულიც ახალ კატაკლიზმებს გვიმზადებს: მოსალოდნელია დიდი სიცხეები და გვალვა, რის გამოც მატულობს ელექტროენერგიის მოხმარება გასაგრილებლად, მაგრამ იმავდროულად მცირდება ელექტროენერგიის გამომუშავება – ჰიდროელექტროსადგურების წყალსაცავებში წყალი სწრაფად მცირდება, მაღალი ტემპერატურით წყალი თბება, ხოლო წყალსატევების და მდინარეების თბილი წყალი კარგად ვერ აცივებს ატომური ელსადგურების რეაქტორებს. ამის შედეგად ენერგეტიკოსები იძულებულნი ხდებიან ისევ გაზი გამოიყენონ ელექტროენერგიის თბოელექტროსადგურებში გამომუშავებისათვის. სხვათა შორის, შარშან, საკმაოდ ცხელი ზაფხულის პირობებში, ენერგეტიკა ერთადერთი დარგი იყო, რომელშიც გაზის მოხმარება კი არ შემცირდა, არამედ მოიმატა: იმიტომ, რომ ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო გახდა თბოელექტროსადგურებში გაზის მეტი რაოდენობის ხარჯვა.

№3 – რეზერვი გაზსაცავებში

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროკავშირმა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დაადგინა, რომ ნოემბრისათვის თავისი გაზსაცავები 90%-ით შევსებულიყო. თბილი ზამთრის გამო საცავებში საკმაო გაზი დარჩა. ამჟამად მათი ბოლომდე შევსება ხდება, მაგრამ…

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: …შევსების გრაფიკი ვარაუდებით არის შემუშავებული – იმ იმედით, რომ კრემლი არ გადაკეტავს ჯერ კიდევ შემორჩენილ გაზსადენებს („ჩრდილოეთის ნაკადების გარდა) უკრაინისა და თურქეთის გავლით და ევროპისათვის გაზის მიწოდებას მიმდინარე დონით მიაწოდებს. მაგრამ გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი პირობა გარანტირებული არ არის. „გაზპრომი“ თავის ბოლო პრეს-რელიზში უკვე აფრთხილებს ევროპას, რომ გაზსაცავებს შარშანდელივით ვეღარ შეავსებს. „მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ევროპას სავსე გაზსაცავები რომც ჰქონდეს, გაზის ფასები მაინც არ შემცირდება“, – ამბობს ICIS-ის გაზის ანალიტიკოსების ხელმძღვანელი ტომ მარზეკ-მანსერი.
„ახლა რომ შარშანდელზე შედარებით მცირე (მაგრამ მაინც მაღალი) ფასებია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიზისი დასრულდა. ოქტომბრისათვის გაზსაცავების შევსება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გაზზე ფასები დაეცემა, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს – არა ისე, როგორც შარშან, მაგრამ მაინც. თუ ჩვენთან ცივი ზამთარი იქნება და აზიაშიც თხევად გაზზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს გარემოება სიტუაციას ნეგატიურად შეცვლის“, – ამბობს ფრანგი ექსპერტი.

№4 – თხევადი გაზი და ჩინეთი

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპა მტკიცედ „იჯდა“ რუსული მილსადენებით მიწოდებულ ციმბირული გაზის „ნემსზე“. რუსეთი მის მოთხოვნილებას ომამდე თითქმის 50%-ით აკმაყოფილებდა, ახლა მხოლოდ 8%-ით. შარშან თითქმის შეუძლებელი ჩანდა რუსული გაზის ჩანაცვლება – რუსულის გარდა, ევროპაში სხვა მსხვილი მილსადენები არ არსებობს. გაჭირვების ჟამს ევროპა თხევადმა გაზმა გადაარჩინა: გაზმზიდმა ტანკერებმა, მაღალი ევროპული ფასების გამო, კურსი აზიიდან ევროპისაკენ აიღეს. ბრიუსელმა მოახერხა საჭირო რაოდენობის თხევადი გაზის მიღება.

რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: რატომ იყო გასულ წელს თხევადი გაზი საკმაო რაოდენობით, რატომ მოახერხა ევროკავშირმა თხევადი გაზის მომარაგება? იმიტომ, რომ ჩინეთმა, კოვიდის პანდემიის გამო, კატარული გაზის მოხმარება შეამცირა, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, 21%-ით (22 მილიარდი კუბმეტრით!), რაც სარეკორდოა გასულ წლებთან შედარებით, როცა ყოველწლიურად მოხმარება 17%-ით იზრდებოდა. გამოთავისუფლებული გაზი ევროპამ წაიღო. მაგრამ ახლა ლოკდაუნი ჩინეთში მოხსნილია, მისი ეკონომიკა გამოცოცხლების პერიოდშია, მას ისევ ჭირდება გაზი, მოთხოვნა მატულობს.

ევროპამ თხევადი გაზის ტერმინალები ააშენა და მზადაა დიდი რაოდენობით თხევადი გაზის მიღებისათვის, მაგრამ მიწოდება უკვე პრობლემატურია: კატარში და აშშ-ში თხევადი გაზის ახალი პროექტები მხოლოდ ორი წლის შემდეგ განხორციელდება. რუსეთს აქვს თავისუფალი თხევადი გაზი – შარშან ევროპამ 20%-ით მეტი შეისყიდა, მაგრამ მიმდინარე წელს გადაწყვეტილი აქვს, რომ მოსკოვისაგან თხევადი გაზის შესყიდვა შეაჩეროს.

ამიტომაც ჩინეთში თხევადი გაზის მოხმარების ზრდა ევროპისათვის გაურკვეველ სიტუაციას ქმნის – ბრიუსელმა ჯერ-ჯერობით არ იცის, რით ჩაანაცვლოს ახლა უკვე კატარული თხევადი გაზი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიახლოებითი პროგნოზით, ევროპას 10-დან 30 მილიარდამდე კუბმეტრი გაზი დააკლდება.

№5. ევროკავშირის ერთიანობა და სუბსიდიები

როგორ დაეხმარა 2022-ში: ევროპელნი რუსული საწვავის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით და საკმაოდ მაღალი დისციპლინით გამოვიდნენ. თითქმის ყველა ქვეყანამ დათმო საკუთარი ინტერესები საერთო საქმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „გაზის ომისათვის“ გაეძლოთ. ევროპის ქვეყნებმა მთავარი გააკეთეს – მათ კოლოსალური თანხა დახარჯეს როგორც გაზის შესყიდვის, ასევე მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად.
რატომ ვერ დაეხმარება 2023-ში: როგორც კომპანია Bruegel-ის ექსპერტებმა გამოთვალეს, შარშანდელი სუბსიდიები 650 მილიარდი ევროს რაოდენობით, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს შეიძლება 1 ტრილიონ ევრომდე გაიზარდოს. ევროკავშირის ეკონომიკა, რომელიც რეცესიის პირზე დგას, ასეთ დატვირთვას უკვე ვეღარ გაუძლებს, ის კიდევ უფრო დაშორდება კონკურენტებს და სტაგნაციაში ჩავარდება. ასეთ სიტუაციაში თანხების ხარჯვა ხარჯების დაფარვისათვის და არა ეკონომიკის გაფართოება-წინსვლისათვის, ძალიან პრობლემატური იქნება. „მოკლედ, სუბსიდიები საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიტუაციას უფრო აუარესებს, ვიდრე აუმჯობესებს. ასეთი ზომებით პრობლემა ვერ გადაიჭრება“, – ამბობენ Bruegel-ის ექსპერტები.

რაც შეეხება ევროკავშირის ერთიანობას, აქაც უკვე ბზარები შეინიშნება – ჯერ-ჯერობით ვერ შეთანხმდნენ პროექტზე, რომლის მიხედვით, გაზს ევროკავშირი თავისი სახელით შეისყიდის და შემდეგ 27 წევრზე გაანაწილებს. ყველა ქვეყანას თავისი პრეტენზიები აქვს.

ცივი და სავარაუდოდ, „ბნელი“ ზამთრის პოლიტიკური შედეგები კი აუცილებლად თავს იჩენს: ბიზნესი გაკოტრდება, ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ, მოსახლეობა დაიღლება ომით, ევროპელები უწინდელი კეთილდღეობისა და კომფორტის დაბრუნებას მოისურვებენ… გაიზრდება იმ პოლიტიკოსების რაოდენობა და პოპულარობა, რომლებიც ამომრჩევლებს ან რუსეთთან დათმობისაკენ მოუწოდებენ, ან პროტექციონიზმისაკენ.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითია გერმანია: მთავრობამ ენერგოკრიზისთან საბრძოლველად 265 მილიარდი ევრო გამოყო და იმავდროულად ყველა თბო- და ატომური ელექტროსადგური ჩართო, რომლებიც გაჩერებულები იყვნენ. მეზობლებმა ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ქვეყანას დაუყოვნებლივ დააბრალეს, რომ ბერლინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. დღეს კი სულ უფრო ხშირად გაისმის ლაპარაკი ცალკეული ქვეყნებიდან თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვაზე – პოლიტიკოსებს წონადი არგუმენტი გამოუჩნდათ დადგნენ თავიანთი ამომრჩევლების მხარეზე და არა უკრაინის დასახმარებლად და აგრესორზე – რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

ვინ გაიმარჯვებს გაზის ომში

რამდენად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება, ამას მომავალში ვნახავთ, მაგრამ კურსი უცვლელია – მოსკოვთან ურთიერთობის შეწყვეტა გარდაუვალია. „ჩვენ სამომავლოდ არასოდეს აღარ უნდა ჩავვარდეთ ისეთ მოწყვლად მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყების შემდეგ აღმოვჩნდით“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმონი. იმავეს აზრი აქვს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელს ფაჰით ბიროლს: „ევროპული ეკონომიკური მოდელი, რომელიც იაფ რუსულ გაზს და ნავთობს ეყრდნობოდა, წარსულში დარჩა. მორჩა, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს“.

რას გააკეთებს რუსეთი? მოსკოვი ვერაფერს ვეღარ შეცვლის, – ასე ვარაუდობენ ფრანგი ექსპერტები IFRI-დან: „რუსეთმა ევროკავშირს თითქმის ყველა გაზსადენი გადაუკეტა და ამით თავდაპირველად სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა, თვითონ კი რეკორდული შემოსავლები მიიღო ფასის გაზრდით. მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთმა დაკარგა მსხვილი და საუკეთესო ბაზარი, რომლის რეალური ალტერნატივა არ არსებობს“, – წერენ ფრანგი ექსპერტები. „რუსეთმა თვითონ გაიკეთა გაზური ამპუტაცია და ახლა თანდათანობით კარგავს ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსს“, – დარწმუნებულნი არიან საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მკვლევარები.

წყარო