პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად

147
spot_img

პოლონეთის ყოველდღიურ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად“ (ავტორი – მიხალ შულჯინსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთ მოულოდნელ შედეგს პოლონეთში უკრაინული უმცირესობის სრული დემოგრაფიული ტრანსფორმაცია წარმოადგენს.

კომპანია Selectiv-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთში 3,2 მილიონი უკრაინელი იმყოფებოდა (ანუ პოლონეთის მთლიანი მოსახლეობის 8%), მაგრამ საქმე ამ ციფრში არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იმაში გამოიხატება, რომ „ახალი უკრაინელები“, კულტურის თვალსაზრისით, განსხვავდებიან იმ უკრაინელებისაგან, რომლებიც პოლონეთში კონფლიქტამდე ცხოვრობდნენ: დღევანდელი მიგრანტები უფრო მდიდრები არიან, ისინი ხშირად არიან სპორტით გატაცებულნი, უფრო ხშირად დადიან კინოთეატრებში და ა.შ. ისინი ძირითადად 29 წლის ასაკზე უფრო ახალგაზრდა ქალები არიან, მიგრანტების სამ მეოთხედს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული.

ამ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.

ერთი მხრივ, ჩნდება სულ უფრო მეტი ცნობები იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა პოლონელები უკრაინელებში კონკურენტებს ხედავენ დაოჯახების, ქორწინების ბაზარზე. კონფლიქტის დაწყებამდე პოლონეთის ქალაქებში უფრო მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი, ამიტომაც ქალებისთვის მეტ-ნაკლებად ძნელი იყო ოჯახის შექმნა, უკრაინელი ქალი-მიგრანტების დამატებამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, უკრაინელი მიგრანტების მატება კარგია პოლონეთის ეკონომიკისათვის; რაც უფრო მდიდარი და ფულის მქონეა მიგრანტი, მით უფრო მაღალია მისი მოთხოვნილება. გარდა ამისა, მიგრანტები სამუშაოს ეძებენ და როცა პოლონეთში მუშახელის დეფიციტია, მათი დასაქმება ეკონომიკისათვის პოზიტიურია.

სიტუაცია ისეთია, როგორიც ამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის სფეროში შეიქმნა: პოლონეთში დიდი რაოდენობით იაფი უკრაინული ხორბალი შევიდა, რაც, ერთი მხრივ, კარგია მომხმარებლისთვის (ფასები შემცირდა), მაგრამ ცუდია პოლონელი ფერმერებისათვის, რომელთა მარცვლეული აღარ იყიდება, კონკურენციას ვერ უმკლავდებიან.

დემოგრაფიის სფეროში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, ყურადღებიანობისა და გონივრული წინდახედულობის გამოჩენაა საჭირო. ერთ „ნაპერწკალს“ – ცრუ ინფორმაციას, უადგილო გამონათქვამს, სულელურ სიტყვას და მწარე ხუმრობას – პოლონელებისა და უკრაინელებს შორის დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით კრემლის იმედები არ მართლდება – ორ მეზობელ ხალხს შორის ურთიერთობა ნორმალურია.

მიმომხილველები პოლონეთისა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე ვარაუდებს გამოთქვამენ: როგორი ფორმა ექნება მათ ურთიერთდამოკიდებულებას მჭიდრო კავშირის შემთხვევაში – ფედერაცია, უნია თუ განსაკუთრებული პარტნიორობა – მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს.

ამასობაში კი, სოციუმის დონეზე, ეს კავშირი უკვე არსებობს: პოლონეთი ორეროვნულ სახელმწიფოდ იქცა – ეს უკვე ფაქტია.

წყარო