„დავით ზურაბიშვილს განუცხადებია, არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილზე დასავლეთიდან დაპატიმრების ორდერიც კი გაიცესო. ურეიტინგო პოლიტიკოსის განცხადებაზე ყურადღებას არც კი გავამახვილებდით, ის რომ უცხოელი აგენტი არ იყოს. აშკარაა, რომ ზურაბიშვილის პატრონებმა, ანუ სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი ხაზი გახსნეს, – ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.
„სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა დავით ზურაბიშვილს თავის დროზე სიცოცხლე გადაურჩინა. ზურაბიშვილს საკუთარი არეული სამსახურებრივ-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას ვერავინ აიძულებს. თუმცა, დაგვეთანხმებით, მას რომ ელემენტარული ღირსება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუქარის გახმოვანებას მაინც არ იკადრებდა. მაგრამ როცა აგენტი და მონა ხარ, იქ ღირსება და მორალი რა სახსენებელია. იქ მთავარი სწორედ ღირსებისა და მორალის გადაბიჯება და დავალების შესრულებაა.
უკვე წელიწადზე მეტია, ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი ფინანსური სანქცია დაუწესეს და მას შვეიცარიულ ბანკში ასეულობით მილიონი დოლარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აქვს გაყინული. თუმცა, სპეცსამსახურები დარწმუნდნენ, რომ ფინანსური სანქციით მისი გატეხვა და მეორე ფრონტზე დათანხმება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ისინი ივანიშვილს რიგითი აგენტის პირით უთვლიან, რომ რისკის ქვეშ მისი პირადი უსაფრთხოებაც კი შეიძლება დადგეს.
საინტერესოა, რისთვის შეიძლება დააპატიმრონ ბიძინა ივანიშვილი: 3-მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის? თუ იმისათვის, რომ 2012 წელს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა? ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, გადავსებული ციხეები და ხელისუფლების სადიზმი წარსულს ჩააბარა? 2012 წლიდან საქართველოს აქვს წინსვლა ყველა მიმართულებით და ნუთუ, ამისათვის შეიძლება დააპატიმრონ ივანიშვილი? თუ იმისათვის, რომ შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, პოლიტიკაში არ შემობრუნდა და მეორე ფრონტის გახსნას, საქართველოს უკრაინიზაციას და ქვეყნის განადგურებას არ დათანხმდა?
საინტერესოა, რომ დავით ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს „ახირებას“ უწუნებს და მისი და პუტინის შესაძლო დაპატიმრებებს შორის პარალელის გავლებას ცდილობს. გვინდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა – მასშტაბური ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად ომის არდაწყება ხომ არ არის ის ახირება, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილს დაპატიმრებით ემუქრებიან? ანუ რა გამოდის – პუტინს დაკავების ორდერს უწერენ ომის დაწყების გამო, ხოლო ივანიშვილს ასეთივე ორდერი ომის არდაწყების გამო შეიძლება გამოუწერონ? საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად მწყობრია ასეთი ლოგიკა.
დავით ზურაბიშვილს და მის პატრონ სპეცსამსახურებს ღიად მოქმედება რომ შეეძლოთ, ბიძინა ივანიშვილს სამივე მიზეზით დემონსტრაციულად დასჯიდნენ. მათთვის ქველმოქმედება დასჯადი ქმედებაა, რადგან ქველმოქმედებას ავტორიტეტი მოაქვს, მათი გადმოსახედიდან კი, ქვეყანაში არცერთი ავტორიტეტული ადამიანი არ უნდა არსებობდეს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენა უნდა ჰქონდეს არა ნამდვილ ავტორიტეტს, არამედ მხოლოდ მას, ვინც ლიბერალურ იდეოლოგიას და გარყვნილებას აღიარებს და ქადაგებს.
სპეცსამსახურებისთვის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის გასტუმრებაც დასჯადი ქმედებაა, რადგან მათი გადმოსახედიდან, ივანიშვილმა საქართველოში მათი აგენტურა დაამარცხა და აგენტოკრატია დაასრულა. გარდა ამისა, სპეცსამსახურები დღემდე სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ იმაში, რომ აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებასა და აგენტოკრატიის აღდგენას ვერ ახერხებენ.
ბოლოს, სპეცსამსახურების გადმოსახედიდან, საქართველოში მეორე ფრონტის არგახსნა განსაკუთრებული დანაშაულია. საქართველოს არავითარი უფლება არ ჰქონდა, რუსეთთან ორი ფრონტიდან ომის სცენარში კორექტივები შეეტანა და სამხედრო კონფლიქტში არ ჩართულიყო. როდესაც „უფროსი ძმა“ ომს გთხოვს, დავალება ისე უნდა შეასრულო, რომ კითხვაც კი არ უნდა დასვა იმის შესახებ, თუ რას მოუტანს ეს ომი შენს ხალხს და ქვეყანას.
ფაქტია, რომ სპეცსამსახურები ბიძინა ივანიშვილს ამ სამ „დანაშაულს“ არ ჰპატიობენ, საბანკო ანგარიშის გაყინვით აშანტაჟებენ და ახლა უკვე დაპატიმრებითაც ემუქრებიან. თუმცა, რაც დანაშაულია სპეცსამსახურებისთვის, გმირობაა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილს კვლავაც ვერაფერი აიძულებს, მეორე ფრონტს ხელი მოაწეროს და საკუთარი ქვეყნის განადგურებას დათანხმდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.