“სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო” – საგარეო უწყება

138
spot_img

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იქნენ გადაყვანილები სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხარტუმში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქეა ჩარჩენილი.