რიშარ გალიანო თბილისურ კონცერტზე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებს შეასრულებს

409
spot_img

23 მაისს,  რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული მუსიკოსი – რიშარ გალიანო,  სოლო კონცერტს სახელწოდებით, PASSION GALLIANO გამართავს. გასტროლისა და საღამოს ორგანიზებას კომპანია Dec&Art Events-ი უზრუნველყოფს.

იტალიური წარმოშობის, ფრანგი აკორდეონისტის გალიანოს ოსტატობა ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, 2006 წლიდან დღემდე, რიშარ გალიანოსთბილისის პრესტიჟულ საკონცერტო თეატრების სცენებზე ექვსი კონცერტი აქვს გამართული სრული ანშლაგით.  ყოველ ჯერზე გალიანოსა და მის ბრწყინვალე მუსიკოსებს აღტაცებაში მოჰყავდათ თავბრუდახვეული მსმენელი.

23 მაისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, რიშარ გალიანო პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის მელოდიას “ტანგო ერთისთვის”, აკორდეონისა და კამერული ორკესტრისთვის.

50 წელზე მეტია გავიდა მას შემდეგ რაც, მსოფლიოში მრავალი ჯილდოს მფლობელმა იტალიური წარმოშობის, ფრანგმა აკორდეონისტმა რიშარ გალიანომ თავისი სოლო კარიერა დაიწყო, ისეთ ფრანგ შემსრულებლებთან მუშაობის შემდეგ, როგორებიც იყვნენ კლოდ ნუგარო, ბარბარა, ჟულიეტ გრეკო, ჟორჟ მუსტაკი, სერჟ რეჯანი, შარლ აზნავური და ალენ ლეპრესტი.

50  წელია რიშარ გალიანო პოპულარიზაციას უწევს აკორდეონის მუსიკას და ეს მუსიკალური ინსტრუმენტი კვლავ პრესტიჟული გახადა მსოფლიოს წამყვან  სიმფონიური ორკესტრებისთვის.

რიშარ გალიანომ თავის შემოქმედებაში კლასიკური და ეთნიკური მუსიკა საუცხოოდ  დაუკავშირა ერთმანეთს. გალიანოს მუსიკაში ყველა მუსიკალური ჟანრი იყრის თავს;

წარმოშობით იტალიელი, რიშარ გალიანო, საფრანგეთის ლაჟვარდოვან  სანაპიროზე ნიცაში დაიბადა. ხმელთაშუაზღვის ფოლკლორი თან ახლავს მის 13 კილოგრამიან აკორდეონს. 23 მაისს რიშარ გალიანო  ტრადიციული შანსონის, ფრანგული ჯაზის, ტანგოს, ბალადის და კლასიკური იმპროვიზაციებით  გამდიდრებული სოლო  პროგრამით  წარდგება მსმენელის წინაშე რუსთველის თეატრის სცენაზე.

რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ასეთი რანგის მუსიკოსი საქართველოში პირველად შეასრულებს ქართველი კომპოზიტორის ნატალია თოთიბაძის კომპოზიციას სახელწოდებით ,,ტანგო ერთისთვის“.

კომპოზიცია პანდემიის დროს დაიწერა და რიშარ გალიანოს, მისმა ქართველმა აგენტმა ანი ლაღიძემ  სამუშაო ვერსია გაუგზავნა. აი, როგორი იყო მისი პასუხი: ,,ქართველი კომპოზიტორის  ნატალია თოთიბაძის  ,,ტანგო ერთისთვის“  ულამაზესია. ვფიქრობ ამ კომპოზიციის ჩემს სოლო პროგრამაში შეტანას, და შესრულებას ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  თბილისში  გასტროლის დროს.

ნატალია თოთიბაძე, უკვე არაერთი წელია რაც მუსიკალურ ასპარეზზე გამოვიდა, ის წერს მუსიკას როგორც კლასიკურ ჟანრში, ასევე  ავტორია არაერთი ცნობილი სიმღერისა, რომელიც ქართველ მსენელს ძალიან უყვარს. წერს მუსიკას კინოსა და თეატრისთვის.

კონცერტზე ,,ტანგო ერთისთვის” კამერულ ორკესტრთან ერთად შესრულდება, რომელსაც დირიჟორი კახი სოლომნიშვილი უდირიჟორებს.