“ვერც კი წარმომიდგენია, რა შავ დღეში იქნება ქვეყანა ხაბეიშვილი რომ იყოს მმართველი პარტიის ლიდერი”

129
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

დღევანდელი მმართველი პარტიისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეპუტაციის, რენომეს, “პოლიტიკური კაპიტალის” და თუ გნებავთ, არც მარტივად გაზომვადი ელექტორალური მხარდაჭერის შედარებაც კი არ შეიძლება. ცხადია, მკაფიო და უდავო – ქოცებს ნაცებთან გამანადგურებელი უპირატესობა აქვთ; საილუსტრაციოდ, მაგალითად, შეადარეთ ამ პარტიათა თავმჯდომარეების რენომე. ვისაც ელემენტარული სამართლიანობის გრძნობა ოდნავ მაინც შერჩენია, ბრმა და ყრუ არ არის, მისთვის, რასაკვირველია -ირაკლი კობახიძესა და ხაბეს შედარებაც კი ძალიან უხერხულია; სრულიად წარმოუდგენელია მათი გვერდი-გვერდ დაყენება და რომელიც გნებავთ პოლიტიკოსის შესაფასებელი ობიექტური კრიტერიუმით იმის სერიოზულად განხილვა, ვის აქვს უპირატესობა. ცხადია, ხაბე არა თუ ირაკლის, არამედ, სადაც სამართალია და სამართლიანობა, ასეთი კრიტერიუმებით ავყია და აუტსაიდერი მელიას სერიოზულ კონკურენტადაც კი არ გამოდგება. ამიტომ: უეჭველად სამართლიანია, რომ მმართველი პარტია ხელისუფლებაშია და არა პირიქით. სამართლის, სამართლიანობის, სამართლის იდეის უკიდურესი შეურაცხყოფა იქნებოდა პირიქით. ვერც კი წარმომიდგენია, რა შავ დღეში იქნება ქვეყანა – ხაბე რომ იყოს მმართველი პარტიის ლიდერი და ირაკლი კობახიძე, თუკი დააცადეს და საუკეთესო ვარიანტში გადასახვეწად არ გაუხადეს საქმე, ოპოზიციონერი. არ დაგავიწყდეთ ნაცობა – მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ე.ი. პირველია ყველა დანარჩენთა შორის, გარდა ქოცებისა. თუ ვინმეს გეგულებათ რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, ვინც ირაკლი კობახიძეს დაეტოლება რაიმე უნარში, რაც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, ჩვენც გვითხარით, ნუ დაგვიმალავთ!

ცნობილია – “მჯობნის მჯობნი არ დაილევაო”, მაგრამ ეს ანდაზა დროსა და სივრცეშია მართალი. ხოლო დღეს, კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ქვეყანაში, აქ და ახლა, პარტიის თავმჯდომარეთა ობიექტურ და მიუკერძოებელ კონკურსში ირაკლი კობახიძე აბსოლუტური ჩემპიონია და კონკურენტი არა ჰყავს. ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება, თუკი პრემიერ-მინისტრების კონკურსს ჩავატარებდით – უდავოდ, ირაკლი ღარიბაშვილია უკონკურენტო. ასევე, თუ გუნდურად შევადარებთ – აქაც იგივეა, მმართველი პარტიის გუნდს აქ და ახლა ვერავინ ვერც დაეტოლება.

ამიტომ: სამართლის და სამართლიანობის ობიექტური საზომებით – საქართველოში ადგილები ისეა დანაწილებული, როგორც ჯერ არს. კარგია ეს თუ ცუდი? გააჩინა, რა თვალსაზრისით: სამართლისა და სამართლიანობის თვალსაზრისით ეს კარგია – ღირსეულს უკავია კუთვნილი ადგილი. მაგრამ ესეც ცხადია: როცა მმართველ პარტიას ობიექტური კრიტერიუმებით კონკურენტი რეალურად არა ჰყავს – სახარბიელო და კარგი ეს სულაც არ არის. როცა ეყოლება, აი მაშინ მართლაც შეუქცევადად დაისადგურებს ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა: არავის გვექნება შიში, რომ ვინმე ხელისუფლების, ე.ი. სამართლისა და სამართლიანობის დამხობით გვემუქრება. პარტიების მონაცვლეობა ხელისუფლებაში – ჩვეულებრივი ამბავი იქნება და ამის გამო არც გული ეტკინება ვინმეს და არც ზარალი მოუვა: პირიქით! ხოლო როცა ქვეყანაში ეს მდგომარეობა გვექნება – “მჯობნის მჯობი არ დაილევაო”, ამას რაღა სჯობს?! ეს ნიშნავს სწორედ – რომ სიდუხჭირე ვძლიეთ, წელში გავიმართეთ მოვღონიერდით და მტრებს ამაყად ზემოდან გადავხედავთ – “საცა თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩვენიცა თქვითო!”

…ხოლო ეს დრო რომ მოვიდეს, მთავარია სამართალს, სამართლიანობას, სამართლის იდეას – რასაც ძველთაგანვე ქართულად “სჯული” ჰქვია, არ ვუღალატოთ. მტკიცედ ვიდგეთ. ჰოდა, მე და ჩემი თანამოაზრეები ამიტომაც მოვდივართ 30-ში! მიდით, მოვდივართ!