Home Blog Page 2204

ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს – პიტერ სიიარტო

ჩემს მეგობართან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად განვიხილეთ ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

„ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როდესაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამ დროს საქართველო არ არის უარეს პირობებში, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკომისიას წარედგინა, ადასტურებს, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს გაწევრიანების პროცესში. ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ასე რომ, ამ შემოდგომაზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა სიიარტომ.

https://www.facebook.com/szijjarto.peter.official/posts/854726086120686?ref=embed_post

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს -ბექა ოდიშარია

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს,- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების მუდმივი განთავსების საკითხის კომენტირებისას  განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს კიდევ მეტი ოკუპაცია განახორციელოს რუსეთმა, „ქართული ოცნება” დააზიანონ და დაიბრუნონ ხელისუფლება, რადგან სხვა შანსი მათ არ აქვთ“.

„მე მახსოვს ყველა ომი, რომელიც გადაგვხდა. საფრთხეს, როგორსაც ვხედავდი 1991-92 წლებში, მომდევნო წლებში, 2008 წელს და ახლა განსაკუთრებულს, რადგან გავეშებულია აბსოლუტურად რუსეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოვიბათ ასი ყური და ასი თვალი, რომ რამე არ გამოგვრჩეს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს და არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე საბაბი ჰქონდეს დამატებითი აგრესიისთვის. რაც აგრესია განვიცადეთ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, უნდა ვიკმაროთ და პირიქით დავატრიალოთ ბორბალი, ამას აკეთებს „ქართული ოცნება”,- განაცხადა ოდიშარიამ.

“ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ვიქტორ ორბანი

ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესი აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, ამის საუკეთესო გამოსავალია, დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით. ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია, ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა ორბანმა.

საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ გვყავს, მონაწილეობას ვერ მივიღებ იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს -გრიგოლ ვაშაძე

მონაწილეობას ვერ მივიღებ პრეზიდენტის იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის მიმართ არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური ვალდებულებები არ აქვთ.

„2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც სალომე ზურაბიშვილო ოფისში შეიტანეს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ გვყავს და მის მიმართ არც სამართლებრივი, არც მორალური, არც პოლიტიკური ვალდებულებები არ გვაქვს. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და მონაწილეობას ვერ მივიღებ იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი”

მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს, ბატონ ვიქტორ ორბანს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი. რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“, – განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს.

„თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თიბისის მხარდაჭერით ბათუმში DATA BOOTCAMP ჩატარდება

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ მიმართულებებს: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).

პროექტის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩართვებიან ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი, რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/iny15

Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15.

R

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, “ქართულ ოცნებას” ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა -რომან გოცირიძე

სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორსაც კელი დეგნანი თამაშობდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები მიუღებელია.

„„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ ვისმენთ რიტორიკას, რითიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ. ასევე, თუ გავიხსნებთ აშშ-ის წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, შეცდომას თუ დანაშაულს, რასაც ჩადიოდა და აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

9 აპრილს დაზარალებულებს შესაძლოა, კომპენსაცია გაეზარდოთ

9 აპრილს დაზარალებულებს შესაძლოა, კომპენსაცია გაეზარდოთ. ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია რა ოდენობით გაიზრდება კომპენსაცია, თუმცა თანხა, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში დაზუსტდება.

„კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით, ჯერჯერობით, თუმცა გადამუშავებული ვერსია როცა შემოვა, უკვე ზუსტი პასუხი გვექნება ამასთან დაკავშირებით რა მოცულობით და როგორ გაიზრდება. [კომპენსაცია] შესაძლებელია გაიზარდოს, დიდი ალბათობით…“- განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების ყოველთვიური კომპენსაცია 22 ლარს შეადგეს.

აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც პოზიტიური გვაქვს- მიხეილ სარჯველაძე

მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან განსაკუთრებულია მნიშვნელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.

ისრაელი ღაზას სექტორის ბლოკადას არ მოხსნის, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაეილ კაცმა განაცხადა, რომ ვიდრე „ჰამასის“ მებრძოლები მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ღაზას სექტორის ბლოკადა არ მოიხსნება.

„ჰუმანიტრაული დახმარება ღაზას? არც ერთი ელეტქროჩამრთველი არ ჩაირთვება, წყალგაყვანილობის არც ერთი ჰიდრანტი არ გაიხსნება, არც ერთი საწვავმზიდი არ შევა მანამადე, ვიდრე გატაცებული ისრაელელები სახლებში არ დაბრუნდებიან“, – წერს კაცი სოციალურ ქსელში.

ღაზას 2,2 მილიონზე მეტი მცხოვრები სურსათის, საწვავის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს განიცდის მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია ტერორისტების სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ.

დაახლოებით 150 მძევლის ბედი კვლავ უცნობია. მშვიდობიანი მოქალაქეები „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს დაატყვევეს. ისრაელის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მძევლები მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ გამომწყვდეული.

„ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაესხა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულია 1 200 ადამიანი.

„ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“

ამერიკული ტელეკომპანიის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“ (ავტორი – ელიოტ გოტკინი), რომელშიც გაანალიზებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური საქმიანობის სპეციფიკა და მისი სახელისუფლო პერსპექტივა „ჰამასის“ შეტევასთან დაკავშირებით: დარჩება თუ არა იგი ომის შემდეგ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი 30-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იმდენი მეტსახელი დაარქვეს, რამდენჯერაც მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მას უწოდებენ „ჯადოქარს“ – იმიტომ, რომ ზებუნებრივ უნარს ფლობს ხელიდან გამოგლიჯოს ოპონენტს გამარჯვება სწორედ მაშინ, როცა იგი საბოლოოდ დამარცხებული ჰგონიათ. მას უწოდებენ „მეფე ბიბის“ – იმიტომ, რომ იგი ისრაელის პოლიტიკის მწვერვალზეა ყველაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. მას ხშირად უბრალოდ „ბიბი“-საც უძახიან – ისე, შინაურულად… მაგრამ არის კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას პირადად ძალიან მოსწონს და რომელიც დღეს „ნაკუწებად არის ქცეული“ – „მისტერ უსაფრთხოება“.

რატომ წაუვიდა საქმე ასე ცუდად „მისტერ უსაფრთხოებას“?

ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ათასზე მეტმა „ჰამასელმა“ მებრძოლმა მთელი ისრაელის ანაზდეულად ჩაგდება შოკურ მდგომარეობაში, როგორ მოახერხა ებრაული სახელმწიფოსათვის სიკვდილისმთესველი დარტყმის მიყენება. როგორც პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა თქვა, ჩვენს დროში, ერთი დღის განმავლობაში, იმაზე მეტი ებრაელი დაიღუპა, ვიდრე ჰოლოკოსტის დროს ყოველდღიურად იღუპებოდნენო.

მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგები, ჯერ-ჯერობით, მის გადადგომას არ ითხოვენ: „მე არ ვაპირებ იმის გარკვევას, თუ ვინ არის დამნასავე და რატომ ჩავვარდით უეცრად ასეთ მდგომარეობაში, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი, – ახლა არც ამის დროა და არც ადგილი“.

მაგრამ პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად დადგება და ბრალის წაყენების ადგილიც გამოინახება. ისრაელის ტელეკომპანიის „ჰევრათ ჰა-ჰადაშოთის“ მთავარი პოლიტიკური მიმომხილველის ამიტ სეგალის თქმით, გასაკვირი იქნება, თუ ბიბი ომის დასრულების შემდეგაც დარჩება პრემიერ-მინისტრის სავარძელში. „ეს შექმნის ეროვნულ პრეცედენტს, – აღნიშნა ამიტ სეგალმა „სი-ენ-ენ“-თან საუბარში, – „ისრაელის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი მოულოდნელობა და ყოველი ღრმა კრიზისი გარდაუვლად იწვევს მთავრობის კრახს. ასე იყო 1973 წელს („განკითხვის დღის“ – „იომ-ქიფურის“ ომის შემდეგ) პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირის მიმართ, ასე მოხდა 1982 წელს ლიბანთან პირველი ომის შემდეგ, როცა პრემიერი ეხუდ ოლმერტი გადადგა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც საათი უკვე დროს ითვლის…“.

ისტორია ბევრ სასარგებლო მაგალითს გვაძლევს შედარებისათვის. სულ ბოლოს ისრაელის სპეცსამსახურებმა ასეთი მასშტაბის ფიასკო ასეთი დანაკარგებით მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინათ განიცადეს, როცა ეგვიპტე და სირია ისრაელს მოულოდნელად თავს დაესხნენ და „განკითხვის დღის“ ომი დაიწყეს.

„მაგრამ ის ომი დღევანდელისაგან განსხვავდება თავისი ლოგიკით და წესებით“, – ამბობს ისრაელის დემოკრატიის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰანან პლეიშნერი, – 1973 წლის ომის შემდეგ ჩვენ მოვილაპარაკეთ ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან და სამშვიდობო შეთანხმება დავდეთ, რომელიც ქნესეთის უმრავლესობამ მოიწონა. ახლა კი ჩვენ „ჰამასთან“ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა“.

თუმცა, რაღაც გარკვეული მოლაპარაკებითი პროცესი, ვთქვათ, შუამავლების მეშვეობით, მაგალითად, ეგვიპტის ჩარევით, ალბათ, გარდაუვალია. მართალია, ისრაელი ულმობლად ბომბავს ღაზას სექტორს, ახდენს ანკლავის სრულ ბლოკადას და სავარაუდო შეჭრისათვის ემზადება „ჰამასის“ გასანადგურებლად, ბენიამინ ნეთანიაჰუს მაინც დაჭირდება იპოვოს და ისარგებლოს რაღაც საშუალებით იმ ასობით მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასელ“ ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ წაყვანილი.

ბენიამინ ნეთანიუაჰუსათვის ასეთი საკიტხის მოგვარება საკმაოდ ზნელი იქნებოდა იმ დროსაც კი, როცა იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. დღეს კი მისი სკანდალური რეფორმის წინააღმდეგ მიმართულმა ათთვიანმა პროტესტებმა საზოგადოება ორად გაჰყო. მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღზრული, იგი ბევრჯერ იდგა პოლიტიკური „კლინიკური“ სიკვდილის წინ… „ბიბის“ რეპუტაცია შეირყა, იგი გაწამებულია დიდი პრობლემებით. ამასთან, საეჭვოა იგი დამშვიდდეს იმ ფაქტით, რომ „ჰამასის“ შეტევამ ისრაელი გააერთიანა. „ისრაელი დღეს ყველაზე ნაკლებად ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს“, – ამბობს იოჰანან პლეიშნერი, რომელიც ადრე ისრაელის არმიაში მსახურობდა და ახლა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის რეზერვშია მაიორის წოდებით.

გავიხსენოთ ის მომენტები, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ უთვალავჯერ „ჩამოწერეს უტილში“ უპერსპექტივო პოლიტიკოსის სახით, მაგრამ იგი, ფანტასტიკური ტერმინატორის მსგავსად, ბრუნდებოდა და ოპონენტებს ანადგურებდა. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა – ახლა იგი იძულებულია ომი რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში აწარმოოს, თანაც მრავალრიცხოვანი  პრობლემების ფონზე.

„სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე აქცენტის გადატანა ბიბის ვერ დაეხმარა. საზოგადოებამ რეფორმა არ მიიღო“, – ამბობს ამიტ სეგალი, – ამასთან, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სწორედ რეფორმაზე ყურადღების გადატანამ გამოიწვია მთავრობის მოდუნება უსაფრთხოების საკითხების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. „ჰამასმა“ შეჭრისათვის მზადება, როგორც ჩანს, სულ მცირე, წელიწადნახევრის წინ მაინც დაიწყო, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზციაში იყო. შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრს ეგონა – „ჰამასი“ დამშვიდდა და ახლა ეკონომიკურ დათმობებზე და ბლოკადის შერბილებაზე ფიქრობსო. არადა, ადრე ახლანდელი პრემიერი პირდაპირ და დაუფარავად ამბობდა: „ჰამასს“ ღაზაში ნაცისტური რეჟიმი აქვს დამყარებული, მას ჩვენი სიკვდილი სურს. არ შეიძლება მონსტრთან ერთად ეზოში ცხოვრება, ის უნდა განადგურდეს“.

შეძლებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის არმია მონსტრის მოკვლას? ეს უახლოეს დღეებში ან კვირეებში გახდება ცნობილი. ამჟამად მას წარმატებით შეუძლია ეროვნული ერთიანობის „საგანგებო“ მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ პრემიერს გადადგომის საფრთხისაგან დაიცავს. ახლო პერსპექტივაში ასეთ ნაბიჯს შეუძლია ნეთანიაჰუს მთავრობაში „ექსტრემისტები“ და „უუნაროები“ გამოავლინოს და გარიყოს. ისინი მარგინალები გახდებიან, მაგრამ მათი იდეები იცოცხლებენ.

„ჰამასის“ შეტევის ეფექტით გამოწვეული სულიერი რყევა და მრისხანება იმდენად დიდია, რომ ისრაელის ამომრჩევლებს შეიძლება რადიკალური იდეები გაუჩნდეთ. „მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ ტერორისტებს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, – ამბობს იოჰანამ პლეიშნერი, – ეს ადამიანები გამოდიან იქიდან, რომ ბრძოლა შეურიგებელი და დაუნდობელი უნდა იყოს: ან ჩვენ, ან ისინი“. ამ ფონზე, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „მშვიდობიანად“ გადაიტანოს ძნელი პერიოდი, მაგრამ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ? „მისტერ უსაფრთხოებამ“ შეიძლება წარუმატებლობა განიცადოს და სიტუაციიდან  თავი ძველებურად ვეღარ დაიძვრინოს.

წყარო