აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა

120
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„აშშ-ის საელჩო სიხარულით მიესალმება ელჩი რობინ დანიგენის ჩამოსვლას საქართველოში”, – წერს საელჩო და საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.

რობინ დანიგენმა აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2020 წლის იანვრიდან მუშაობდა.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე რობინ დანიგენი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მუშაობდა. 2018-2021 წლებში იყო ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.

დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში ის მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.

დანიგენი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.