„ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“

185
spot_img

ამერიკული ტელეკომპანიის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“ (ავტორი – ელიოტ გოტკინი), რომელშიც გაანალიზებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური საქმიანობის სპეციფიკა და მისი სახელისუფლო პერსპექტივა „ჰამასის“ შეტევასთან დაკავშირებით: დარჩება თუ არა იგი ომის შემდეგ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი 30-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იმდენი მეტსახელი დაარქვეს, რამდენჯერაც მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მას უწოდებენ „ჯადოქარს“ – იმიტომ, რომ ზებუნებრივ უნარს ფლობს ხელიდან გამოგლიჯოს ოპონენტს გამარჯვება სწორედ მაშინ, როცა იგი საბოლოოდ დამარცხებული ჰგონიათ. მას უწოდებენ „მეფე ბიბის“ – იმიტომ, რომ იგი ისრაელის პოლიტიკის მწვერვალზეა ყველაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. მას ხშირად უბრალოდ „ბიბი“-საც უძახიან – ისე, შინაურულად… მაგრამ არის კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას პირადად ძალიან მოსწონს და რომელიც დღეს „ნაკუწებად არის ქცეული“ – „მისტერ უსაფრთხოება“.

რატომ წაუვიდა საქმე ასე ცუდად „მისტერ უსაფრთხოებას“?

ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ათასზე მეტმა „ჰამასელმა“ მებრძოლმა მთელი ისრაელის ანაზდეულად ჩაგდება შოკურ მდგომარეობაში, როგორ მოახერხა ებრაული სახელმწიფოსათვის სიკვდილისმთესველი დარტყმის მიყენება. როგორც პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა თქვა, ჩვენს დროში, ერთი დღის განმავლობაში, იმაზე მეტი ებრაელი დაიღუპა, ვიდრე ჰოლოკოსტის დროს ყოველდღიურად იღუპებოდნენო.

მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგები, ჯერ-ჯერობით, მის გადადგომას არ ითხოვენ: „მე არ ვაპირებ იმის გარკვევას, თუ ვინ არის დამნასავე და რატომ ჩავვარდით უეცრად ასეთ მდგომარეობაში, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი, – ახლა არც ამის დროა და არც ადგილი“.

მაგრამ პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად დადგება და ბრალის წაყენების ადგილიც გამოინახება. ისრაელის ტელეკომპანიის „ჰევრათ ჰა-ჰადაშოთის“ მთავარი პოლიტიკური მიმომხილველის ამიტ სეგალის თქმით, გასაკვირი იქნება, თუ ბიბი ომის დასრულების შემდეგაც დარჩება პრემიერ-მინისტრის სავარძელში. „ეს შექმნის ეროვნულ პრეცედენტს, – აღნიშნა ამიტ სეგალმა „სი-ენ-ენ“-თან საუბარში, – „ისრაელის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი მოულოდნელობა და ყოველი ღრმა კრიზისი გარდაუვლად იწვევს მთავრობის კრახს. ასე იყო 1973 წელს („განკითხვის დღის“ – „იომ-ქიფურის“ ომის შემდეგ) პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირის მიმართ, ასე მოხდა 1982 წელს ლიბანთან პირველი ომის შემდეგ, როცა პრემიერი ეხუდ ოლმერტი გადადგა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც საათი უკვე დროს ითვლის…“.

ისტორია ბევრ სასარგებლო მაგალითს გვაძლევს შედარებისათვის. სულ ბოლოს ისრაელის სპეცსამსახურებმა ასეთი მასშტაბის ფიასკო ასეთი დანაკარგებით მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინათ განიცადეს, როცა ეგვიპტე და სირია ისრაელს მოულოდნელად თავს დაესხნენ და „განკითხვის დღის“ ომი დაიწყეს.

„მაგრამ ის ომი დღევანდელისაგან განსხვავდება თავისი ლოგიკით და წესებით“, – ამბობს ისრაელის დემოკრატიის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰანან პლეიშნერი, – 1973 წლის ომის შემდეგ ჩვენ მოვილაპარაკეთ ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან და სამშვიდობო შეთანხმება დავდეთ, რომელიც ქნესეთის უმრავლესობამ მოიწონა. ახლა კი ჩვენ „ჰამასთან“ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა“.

თუმცა, რაღაც გარკვეული მოლაპარაკებითი პროცესი, ვთქვათ, შუამავლების მეშვეობით, მაგალითად, ეგვიპტის ჩარევით, ალბათ, გარდაუვალია. მართალია, ისრაელი ულმობლად ბომბავს ღაზას სექტორს, ახდენს ანკლავის სრულ ბლოკადას და სავარაუდო შეჭრისათვის ემზადება „ჰამასის“ გასანადგურებლად, ბენიამინ ნეთანიაჰუს მაინც დაჭირდება იპოვოს და ისარგებლოს რაღაც საშუალებით იმ ასობით მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასელ“ ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ წაყვანილი.

ბენიამინ ნეთანიუაჰუსათვის ასეთი საკიტხის მოგვარება საკმაოდ ზნელი იქნებოდა იმ დროსაც კი, როცა იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. დღეს კი მისი სკანდალური რეფორმის წინააღმდეგ მიმართულმა ათთვიანმა პროტესტებმა საზოგადოება ორად გაჰყო. მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღზრული, იგი ბევრჯერ იდგა პოლიტიკური „კლინიკური“ სიკვდილის წინ… „ბიბის“ რეპუტაცია შეირყა, იგი გაწამებულია დიდი პრობლემებით. ამასთან, საეჭვოა იგი დამშვიდდეს იმ ფაქტით, რომ „ჰამასის“ შეტევამ ისრაელი გააერთიანა. „ისრაელი დღეს ყველაზე ნაკლებად ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს“, – ამბობს იოჰანან პლეიშნერი, რომელიც ადრე ისრაელის არმიაში მსახურობდა და ახლა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის რეზერვშია მაიორის წოდებით.

გავიხსენოთ ის მომენტები, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ უთვალავჯერ „ჩამოწერეს უტილში“ უპერსპექტივო პოლიტიკოსის სახით, მაგრამ იგი, ფანტასტიკური ტერმინატორის მსგავსად, ბრუნდებოდა და ოპონენტებს ანადგურებდა. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა – ახლა იგი იძულებულია ომი რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში აწარმოოს, თანაც მრავალრიცხოვანი  პრობლემების ფონზე.

„სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე აქცენტის გადატანა ბიბის ვერ დაეხმარა. საზოგადოებამ რეფორმა არ მიიღო“, – ამბობს ამიტ სეგალი, – ამასთან, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სწორედ რეფორმაზე ყურადღების გადატანამ გამოიწვია მთავრობის მოდუნება უსაფრთხოების საკითხების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. „ჰამასმა“ შეჭრისათვის მზადება, როგორც ჩანს, სულ მცირე, წელიწადნახევრის წინ მაინც დაიწყო, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზციაში იყო. შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრს ეგონა – „ჰამასი“ დამშვიდდა და ახლა ეკონომიკურ დათმობებზე და ბლოკადის შერბილებაზე ფიქრობსო. არადა, ადრე ახლანდელი პრემიერი პირდაპირ და დაუფარავად ამბობდა: „ჰამასს“ ღაზაში ნაცისტური რეჟიმი აქვს დამყარებული, მას ჩვენი სიკვდილი სურს. არ შეიძლება მონსტრთან ერთად ეზოში ცხოვრება, ის უნდა განადგურდეს“.

შეძლებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის არმია მონსტრის მოკვლას? ეს უახლოეს დღეებში ან კვირეებში გახდება ცნობილი. ამჟამად მას წარმატებით შეუძლია ეროვნული ერთიანობის „საგანგებო“ მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ პრემიერს გადადგომის საფრთხისაგან დაიცავს. ახლო პერსპექტივაში ასეთ ნაბიჯს შეუძლია ნეთანიაჰუს მთავრობაში „ექსტრემისტები“ და „უუნაროები“ გამოავლინოს და გარიყოს. ისინი მარგინალები გახდებიან, მაგრამ მათი იდეები იცოცხლებენ.

„ჰამასის“ შეტევის ეფექტით გამოწვეული სულიერი რყევა და მრისხანება იმდენად დიდია, რომ ისრაელის ამომრჩევლებს შეიძლება რადიკალური იდეები გაუჩნდეთ. „მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ ტერორისტებს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, – ამბობს იოჰანამ პლეიშნერი, – ეს ადამიანები გამოდიან იქიდან, რომ ბრძოლა შეურიგებელი და დაუნდობელი უნდა იყოს: ან ჩვენ, ან ისინი“. ამ ფონზე, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „მშვიდობიანად“ გადაიტანოს ძნელი პერიოდი, მაგრამ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ? „მისტერ უსაფრთხოებამ“ შეიძლება წარუმატებლობა განიცადოს და სიტუაციიდან  თავი ძველებურად ვეღარ დაიძვრინოს.

წყარო