ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაეილ კაცმა განაცხადა, რომ ვიდრე „ჰამასის“ მებრძოლები მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ღაზას სექტორის ბლოკადა არ მოიხსნება.
„ჰუმანიტრაული დახმარება ღაზას? არც ერთი ელეტქროჩამრთველი არ ჩაირთვება, წყალგაყვანილობის არც ერთი ჰიდრანტი არ გაიხსნება, არც ერთი საწვავმზიდი არ შევა მანამადე, ვიდრე გატაცებული ისრაელელები სახლებში არ დაბრუნდებიან“, – წერს კაცი სოციალურ ქსელში.
ღაზას 2,2 მილიონზე მეტი მცხოვრები სურსათის, საწვავის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს განიცდის მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია ტერორისტების სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ.
დაახლოებით 150 მძევლის ბედი კვლავ უცნობია. მშვიდობიანი მოქალაქეები „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს დაატყვევეს. ისრაელის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მძევლები მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ გამომწყვდეული.
„ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაესხა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულია 1 200 ადამიანი.