Home Blog Page 2204

“ვიზიტების მოთხოვნა ხდებოდა 52-ე მუხლით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იყო სავალდებულოდ შესასრულებელი” – მაია კოპალეიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ 52-ე მუხლით ხდებოდა მოთხოვნა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო სავალდებულო წესით ასე შესასრულებელი და ასე მიაჩნდა ეს პრეზიდენტს, მე ამას დავარქმევდი წარმოების გაუმართაობას, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

კოპალეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდა ვიზიტების განხორციელებისთვის 52-ე მუხლის გამოყენება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა აუცილებლად სავალდებულო იყო.

„49-ე მუხლის მესამე პუნქტი ყველა შემთხვევაში გულისხმობს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში, რომელიც არ გულისხმობს იმავდროულად მთავრობის თანხმობას. კონსტიტუციის მიზნებისთვის და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებას საგარეო ურთიერთობებში, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი ამ სამ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მოყვანილია ამ წარდგინებაში, თავისივე განცხადებით, რომელიც ვებგვერდზე გამოქვეყნდა 30 აგვისტოს, აღნიშნავს, რომ ის იწყებს ვიზიტებს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა ახალი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით ან ახალი პოლიტიკის შესაქმნელად, შესაცვლელად, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გაცხადებული პოლიტიკის. პრეზიდენტმა მხარდაჭერის მიზნით განახორციელა ის ვიზიტები და არა იმისთვის, რომ რაიმე ახალი პოლიტიკური შედეგი დაედო. პოლიტიკური შედეგი განსაზღვრა მთავრობამ, როდესაც მან 3 მარტს განაცხადი წარადგინა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

შპს „იმედის კლინიკაში“ ორ მცირეწლოვან პაციენტს ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს “იმედის კლინიკაში” უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

„შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დევდორაკის გვირაბში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსისტემის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, დროებით შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

“არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს”

არც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს და ღიად გვეუბნება ელემენტარულ ჭეშმარიტებებს, რომელიც ყველა ქართველისთვის ისედაც გასაგებია, რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციას არ აწყობს და აგრძელებს იმ დახმარებას, მისიას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამ ქვეყანაში სულ ჰქონდა, ამის ნაცვლად ღებულობს შეურაცხყოფას და ამ შეურაცხყოფაზე პასუხს ვისმენთ, თან ამ ფორმით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია და აშშ გააგრძელებს საქართველოში იმ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

„ძალიან უხერხულია და მგონია, ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია, რომელიც ჩვენს მთავარ პარტნიორთან და ჩვენს მთავარ უსაფრთხოების გარანტთან საქმეს გვიფუჭებს. თან საქმეს გვიფუჭებს ასე ცინიკურად, როგორც ჩვენ ამას ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას, ხვიჩიას თქმით, გამოსაძიებელი არაფერია, რადგან ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს.

„არაფერი გამოსაძიებელი არ არსებობს. ამ ქვეყანაში რევოლუციას არავინ არ აწყობს. რევოლუცია თუ მოეწყო, ეს იქნება არა ოპოზიციის დამსახურება, არამედ ხელისუფლების მიერ თავად მოწყობილი რევოლუცია, რადგან ისინი ყოველდღიურად დგამენ იმ ნაბიჯებს, რომ ქართველ ხალხს მოუნდეს ქუჩაში გამოვარდნა და ამათი გარეკვა. უბრალოდ, ოპოზიცია მათი დამხმარეა და ახლა ვითომ საკუთარი დამხმარეების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებით ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ პროტესტში, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ცუდად მოვიქცევით და მაშინაც კი, თუ დავკარგავთ დასავლეთთან ინტეგრაციის შანს. ყველანი ვხედავთ, რომ ანტიდასავლური კამპანია მიდის. უბრალოდ, ხალხის განწყობები ამის შესაბამისი არ არის. ის ხალხიც კი, ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ამას არ ეთანხმება. ვნახოთ, ეს ისტერია სადამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა. სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო და აღნიშნა, რომ პროექტის მიმართ ბრალდებები მცდარია. „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია, მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რისთვის სჭირდება სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი – უცხოური პრესა

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ (Комсомольская правда) გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ერევანი, მოსკოვის ჯიბრზე, დასავლეთისაკენ დრეიფს აგრძელებს“ (ავტორი – ალექსანდრე კოცი).

სტატიაში კომენტირებულია სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს – მიმართულია როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე ილჰამ ალიევის წინააღმდეგ, მათი დაკავების მიზნით: პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთის პარლამენტმა, რომელშიც უმეტესობა ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები არიან, მაინც გადადგა ანტირუსული ნაბიჯი და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე წასვლა გადაწყვიტა – სამ ოქტომბერს რატიფიკაცია გაუკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს (ხელშეკრულება//წესდებას), რაც სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ერევანსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულებაში.

დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვაიას დაპატიმრების მიზნით ორდერი აქვს გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი, ვთქვათ, სომხეთში ჩავლენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია „ეჭვმიტანილი სტუმრები“ დააკავოს და საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.

ერევანში, რასაკვირველია, თავს იმართლებენ და იტყვიან, რომ რატიფიცირების პროცესი ორდერების გაცემამდე დაიწყო და ეს ყოველივე ინიცირებულია ბაქოსა და ანკარის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებმაც არცახში [მთიან ყარაბაღში] სომხების გენოციდი მოაწყესო… მაგრამ რა აზრი აქვს სტატუტის რატიფიცირებას მაშინ, როცა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა (ანუ მთლიანად დაკარგა), ამას ერევანში არ ამბობენ. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის და ილჰამ ალიევის სამართლებრივი დევნის პერსპექტივა სამ ოქტომბრამდეც მიზერული იყო, ახლა კი ამის ალბათობა ნულზე ოდნავ მეტია. ამის მიზანი, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკური სიტუაციაა და არა კონკრეტული გარემოება. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სასამართლო საკმაოდ ცნობილია თავისი კონიუნქტურული გადაწყვეტილებებით.

აზერბაიჯანი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით და სომხეთის თვალსაზრისითაც, თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ამიტომაც, რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევის ან რეჯეფ ერდოღანის მიმართ? მით უმეტეს, რომ რომის სტატუტი არც რუსეთს, არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს რატიფიცირებული არ აქვთ (სხვათა შორის, არც ამერიკას და ჩინეთს). მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი: რუსი მოქალაქე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდება, გარკვეული საფრთხის წინაშე დგება – თუ იგი საერთაშორისო სასამართლოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმეშია დადანაშაულებული, სომეხი სამართალდამცველები მას დააკავებენ და ჰააგაში გაგზავნიან. ვთქვათ, ისინი, რომლებიც სასამართლომ დაუსწრებლად სცნო დამნაშავეებად დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში 2014 წელს, თუ სომხეთში სევანის ტბის სილამაზით დატკბობის მიზნით ან წაჰკაძორში თხილამურებით სასრიალოდ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ბოლოს ჰააგაში აღმოჩნდებიან.

კაცმა რომ თქვას, სტატუტის რატიფიკაციისაგან ერევანი არავითარ სარგებელს არ იღებს. ეს უფრო იმ დრეიფის მაჩვენებელი ელემენტია, რომელსაც სომხეთი დასავლეთისაკენ აგრძელებს, ვიდრე ლოგიკური მოქმედების ნაყოფი. ასე ვთქვათ, მოსკოვის ჯიბრზე სომხეთმა რუსეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმები“ 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 22 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდან („სომხეთი“ და „მაქვს პატივი“). „ამ გადაწყვეტილებას სომხეთისათვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია“, – განაცხადა ოპოზიციურმა დეპუტატმა ჰაიკ მამაჯანიანმა, რომელიც ერთი კვირის წინათ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტსაც ითხოვდა.

რომის სტატუტის რატიფიცირებამ ძალიან მკაფიო დემონსტრირება მოახდინა ნიკოლ ფაშინინიანისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პერსპექტივაზე: ვოტუმის გამოცხადების იმედი მიზერულია – ისევე როგორც ალიევის დაკავება და მისი გაგზავნა ჰააგაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთი, უკრაინის მსგავსად, იმ გზას აგრძელებს, რომელზეც „ფერდობზე გადავარდნა“ უწერია.

წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 ოქტომბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

„4 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 4 ოქტომბერს შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა . 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 ოქტომბერს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ხოლო 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.  ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 4 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 4 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 5-6 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 4 ოქტომბერს ზოგან შენარჩუნებული იქნება წვიმა. 5-6 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მოსწავლეთა მშობლები სკოლებში კვების საკითხების მოწესრიგებას ითხოვენ – დეტალები

“საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია” – კობახიძე პრეზიდენტზემშობლები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობას აპროტესტებენ და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ავრცელებს.

ორგანიზაციის განმარტებით, განათლების სამინისტროში შესატანად ამჟამად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელი ბმულზე.

„დაუყოვნებლივ შეწყდეს ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და დაინერგოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამა“ – პეტიცია, რომელსაც უკვე 7000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ გამოაქვეყნა.

პეტიციის საფუძველი ის გახდა, რომ გაკვეთილებს უმეტესად მშიერი ბავშვები ესწრებიან, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის. გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.

ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს. ე.წ ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული“ – ნათქვამია პეტიციის აღწერაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი პროდუქტებით სკოლაში ვაჭრობა ეწინააღმდეგება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N410 ბრძანებას, სკოლის ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს რეგულაციის დაცვას.

სწორედ ამიტომ მშობლები განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების კომიტეტს, სახალხო დამცველს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართავენ.

„პეტიციაზე ხელისმომწერები მოითხოვენ:

იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა;

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;

განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა. მუშაობის პროცესი გახადოს გამჭვირვალე და ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რას აპირებს სახელმწიფო ამ მიმართულებით;

სასკოლო კვება მთელ მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება, რომელიც ბავშვის საკვებ რაციონსა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამაღლებს აკადემიურ მოსწრებას და სკოლას აქცევს მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მიხედვით, ქვეყნების უმრავლესობა მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფენ მოსწავლის კვების დაფინანსებისთვის. ეს დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიხედვით 42$-დან 242 $-ის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების ღირებულება ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში სულ მცირე 140 ლარს შეადგენს“-აცხადებენ ორგანიზაციაში.

“სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია” – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია – საბედნიეროდ, ქვეყნის დაქცევის ბერკეტი არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, მაგრამ რაც აქვს იმასაც იყენებს საბოტაჟისთვის და ესეც არ ეყო, კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი და მთავრობა სათანადო პოზიციებზე დგანან, იმისათვის, რომ პრეზიდენტს საბოტაჟის წარმატებით განხორციელების საშუალება არ მისცენ.

„5 წელი იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი. ქვეყანა არც აუშენებია და არც დაუქცევია. რა თქმა უნდა, პრობლემებს უქმნიდა თავისი საბოტაჟით ქართულ სახელმწიფოს, რომელსაც ის 2021 წლიდან მოყოლებული აწარმოებდა, მაგრამ მას არ აქვს ქვეყნის დაქცევის რესურსი,“ – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს – კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლობას არგუმენტები არ აქვს.

„ჩვენგან არის არგუმენტები, იქიდან არის აბსოლუტურად ნული არგუმენტი. ერთი-ორი მცდელობა იყო, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავსულიყავით, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის წარმომადგენლობას ამის საშუალებას არ მივცემთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა სასამართლო პროცესზე დისკუსია აბსოლუტურად სწორად წარმართეს.

„რა იყო კრიტიკული და მწვავე? მოსამართლეები აბსოლუტურად სწორად წარმართავდნენ დისკუსიას, რომელიც გაიმართა. ეს არის მოსამართლის ფუნქცია, რომ ყველა შესაძლო საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვას. ამას მოსამართლეები ძალიან კომპეტენტურად, სწორად და ლოგიკურად აკეთებდნენ,“ – აღნიშნა მან.

თიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაში გამოფენაში იღებს მონაწილეობას

თიბისი, თბილისში გამართულ, განათლების ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაში იღებს მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნება დაესწროს საინტერესო ლექციებს, დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქციულ აქტივობაში.

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი თიბისის განათლების პროგრამების გაცნობა და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. თიბისის სტენდთან დეტალურად მოგიყვებით ჩვენი განათლების პროგრამის, IT აკადემიის და ახალი თაობის მხარდამჭერ სხვა პროექტების შესახებ. სტუდენტები კი შეძლებენ  სტუდენტური ბარათის ადგილზე აღებას.

გამოფენა ეწყობა ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, რომელშიც ეროვნული ბანკის ინიციატივით ფინანსური ინსტიტუტებიც იღებენ მონაწილეობას.

გამოფენა გაიმართება 6 და 7 ოქტომბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე.

მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #118. ექსპო ჯორჯია, პავილიონი #11.

R

 

„რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“ – რას წერს „სი-ენ-ენ“-ი

აშშ-ის სამაუწყებლო ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ბრიტანელი ანალიტიკოსის, ლონდონის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატია სათაურით „რატომ სურს ვლადიმერ პუტინს „მუდმივი ომი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის პრეზიდენტის ხედვა უკრაინასთან მიმდინარე ომის მნიშვნელობაზე და მის პერსპექტივაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტი „მუდმივ ომად“ გადაიქცაო, მათ, როგორც წესი, მხედველობაში რაღაც ცუდი აქვთ. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისათვის, როგორც ჩანს, მიზანი სწორედ ეს არის. გასულ კვირას მან 30 სექტემბერი ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა – რუსეთის ფედერაციისათვის ახალი რეგიონების მიერთების დღედ.
მართალია, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს კრემლი ვერ აკონტროლებს, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა ისარგებლა შესაძლებლობით და კვლავ გაიმეორა, რომ უკრაინასთან ომი – „ეს არის ბრძოლა სამშობლოსათვის, ჩვენი სუვერენიტეტისათვის, სულიერი ფასეულობების, ერთობისა და გამარჯვებისათვის“. მისი აზრით, ეს იმდენად უკრაინასთან ბრძოლა კი არ არის, რამდენადაც გლობალური ომი დასავლეთთან, რომელშიც უკრაინა მხოლოდ ბრძოლის ერთ-ერთ ველს წარმოადგენს, თუნდაც განსაკუთრებით სისხლიანს. მან ილაპარაკა „დიდი სამამულო ომის“ აჩრდილზე (ასე უწოდებენ რუსები მეორე მსოფლიო ომს) და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცივილიზაცია ისევ გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება და რომ დასავლურ გლობალისტურ ძალებს რუსეთის დანგრევა და განადგურება, დამონება სურთ.

ერთი მხრივ, ეს შეიძლებოდა რაღაც აპოკალიფსურად მიგვეღო, რომ მან ჩააფლავა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში, რომლის მიზანს, თუ გავიხსენებთ, კიევის სწრაფი დაპყრობა და იქ პრორუსული მარიონეტული რეჟიმის ჩამოყალიბება წარმოადგენდა, სინამდვილეში კი „ოპერაცია“ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და რუსეთის არმიის ძლიერების საფლავად გადაიქცა.

უფრო მეტიც: როცა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოპერაციაზე ლაპარაკობს როგორც „ჩვენი სამშობლოს ბედისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაზე“, ამას ის, როგორც ჩანს, გულწრფელად ამბობს, მაგრამ იგი მოსახლეობას ვერ სთავაზობს მომავლის მკაფიო ხედვას, ვერ აძლევს იმედს და უბრალოდ, აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან მტრულ ეგზისტენციალურ ომშია ჩაბმული, რომელსაც დასასრული არ უჩანს.
ეს საკმაოდ უღიმღამო პერსპექტივაა, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისით, მას აქვს თავისი აშკარა უპირატესობაც. რა თქმა უნდა, ომი რუსეთისათვის კატასტროფას წარმოადგენს – აშშ-ის სამთავრობო წყაროების ვარაუდით, რუსეთმა, შესაძლოა, უკვე დაკარგა 120 ათასი სამხედრო მოსამსახურე მოკლულის სახით და 170-180 ათასი – დაჭრილის სახით. გარდა ამისა, ეკონომიკური „ჭრილობების შეხორცებას“ წლები დაჭირდება. ომის უმძიმესი შედეგები მომდევნო თაობებზე იმოქმედებს.

უპირატესობა კი იმაშია, რომ „მუდმივი ომი“ შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლებამ – „გვიანი პუტინიზმის“ ეპოქაში – რეპრესიები გააძლიეროს, ომის გამართლების მიზნით და მოსახლეობაზე ვლადიმერ პუტინის კონტროლის შესანარჩუნებლად. დღეს კრემლისათვის ე.წ. „სხვაგვარად აზროვნების“ ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებაც კი სახელმწიფოს ღალატად აღიქმება. აუცილებელი ხდება „ტვინების გამორეცხვა“. მოსახლეობა უსიტყვოდ და კრიტიკის გარეშე უნდა დაეთანხმოს რესურსების გადანაწილებას სამხედრო სფეროს სასარგებლოდ. უკვე ცნობილია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯები, წლევანდელთან შედარებით, 70%-ით იზრდება. ეს სამჯერ აღემატება ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის ხარჯებს, ერთად აღებულს.

ბრძოლის ველზე ვლადიმერ პუტინს შეუძლია თქვას, რომ იგი იმარჯვებს და არ მარცხდება. უკრაინის არმიამ კონტრშეტევის დროს უკვე გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი სამხრეთის (ზაპოროჟიეს) ფრონტზე, ხოლო ჩრდილოეთში, დონბასის ფრონტზე, ბზარები შეიტანა. კიევს იმედი აქვს, რომ თუ ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანს ორად ვერ გაჭრის და აზოვის ზღვაზე ვერ გავა (რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი), წინ საკმაოდ შორს მაინც წაიწევს, რომ იმავე დერეფანში არსებულ რკინიგზებს და ავტომაგისტრალებს მისწვდეს და არტილერიით დაბომბოს.

რამდენადაც უკვე შემოდგომის წვიმები ახლოვდება, გაურკვეველია, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი უკრაინის არმიისათვის ამ გეგმის განხორციელება. თუ კიევი შეყოვნდება, მოსკოვს „სულის მოთქმის“ შესაძლებლობა ექნება, რომ თავდაცვა განამტკიცოს, ჯარები გადაისროლოს და მომგებიანად განალაგოს. გარდა ამისა, კრემლს იმედი აქვს, რომ დასავლეთის სურვილი უკრაინისადმი დახმარების გაწევაზე შესუსტდება.

ჩვენ არ ვიცით, გულწრფელად სჯერა თუ არა ვლადიმერ პუტინს, რომ რუსეთი რაღაც „გამარჯვებას“ მაინც იპოვის უკრაინულ ფიასკოში ან უბრალოდ, გრძნობს, რომ მას მეტი ალტერნატივა აღარ აქვს და ჰგონია, რომ თავის მტრებზე მეტ ხანს იცოცხლებს. იგი ფიქრობს, რომ ხშირი ლაპარაკი „მუდმივ ომზე“ მისი მტრების დემორალიზებას იწვევს.

ვლადიმერ პუტინისათვის „მომგებიანია“ ერთი მომენტიც: უკრაინამ რომც შეძლოს და ტავისი ტერიტორიიდან უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გააძევოს და სახელმწიფო საზღვარი არადგინოს, ეს რუსეთის ჯარებისათვის მხოლოდ ფრონტის ხაზის გადაადგილება იქნება სხვის ტერიტორიაზე. მოსკოვს ექნება შესაძლებლობა აღადგინოს თავისი ძალები, გაუშვას დრონები და რაკეტები და ყველაფერი გააკეთოს უკრაინის აღდგენის ხელის შესაშლელად.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ვლადიმერ პუტინმა დასძლია „ვაგნერის“ აჯანყება, რითაც აღკვეთა მის გარემოცვაში გაჩენილი ეჭვები – ხომ არ დაკარგა პრეზიდენტმა სისტემის მართვის უნარი, ხოლო ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დასასრულით პუტინმა ყველა გააფრთხილა: ასეთი ბედი ეწევა ყველას, ვინც კი მასზე ხელს აღმართავს.

სანქციები რეალურ ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის სამხედრო წარმოებაზე, მაგრამ მათ ომის ესკალაციის შეჩერება არ შეუძლიათ. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არც რუსეთის ეკონომიკას არ ემუქრება კოლაფსი. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსები მაინც ჩაეწერებიან მოხალისეებად და ბრძოლებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ – იმის მიუხედავად, რომ გენშტაბი აცხადებს, დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმებაო.

მოკლედ, არცერთი ომი მარადიულად არ გრძელდება, მაგრამ დღეისათვის მშვიდობა ჯერ ძალიან შორსაა – „ჰორიზონტს მიღმაა და მიუწვდომელია“.

წყარო

“ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი, გადადგება?” – ირაკლი კობახიძე

ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის, არ უნდა იაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პასუხისმგებელი მხოლოდ მთავრობაა.

ამასთან, მან უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის შეკითხვას: „თუ საშინაო და საგარეო პლატფორმები არ ექნება პრეზიდენტს, მაშინ ამომრჩეველს რა უნდა უთხრას? მე ვიქნები კანდიდატი, რომელიც არც იქ ჩავერევი, ჩუმად ვიქნები და არავის არ შევუშლი ხელს? ანუ ამის მიღმა ამ ინსტიტუტს არაფერი რჩება?“ – საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გასული წელს განხორციელებული ვიზიტები გაიხსენა, როდესაც მისი განმარტებით, ზურაბიშვილმა ივნისამდე რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით.

„პირდაპირ ასე ეწერა. ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით, ოთხ ქვეყანაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, ვერ იხსენებს ყველა ქვეყანაში წასვლასთან მიმართებით უარი მიიღო, თუ არა ზურაბიშვილმა, რა დროსაც, დროსაც პლენუმის მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტება წაიკითხა:

„ახლავე გეტყვით, ევროსაბჭო, პოლონეთი, გერმანია საფრანგეთი. თებერვალ-მარტში, 2022 წელი. თემა, ევროპულ-და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან პარტნიორობის განხილვა, რაზეც უარი ეთქვა სამუშაო ვიზიტზე“, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „თუმცა, ვიზიტი განხორციელდა“.

„ნახეთ, რაში საქმე – პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნელოვანი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომ შეიძლება ამას გადამწყვეტი როლიც კი, ჰქონოდა. ჩავიდა, ესაუბრა, ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ვინმე საუბრობდა იმაზე, რომ ან პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ან პასუხი უნდა მოეთხოვოს? რატომ არ საუბრობდნენ? იმიტომ, რომ ეს არ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. ეს არის მხოლოდ პარლამენტის და მთავრობის პასუხისმგებლობა. მაგალითად, ახლაც ხომ ვსაუბრობთ იმაზე რომ რაღაც კეთილშობილური მიზნით შეიძლება დაარღვიოს კონსტიტუცია, ოღონდ კანდიდატის სტატუსი მიგვაღებინოს, ქალბატონმა სალომემ. ხომ დადის ევროპის ქვეყნებში, რომ ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი? აი, ხომ წავიდა ყველაფერზე, კონსტიტუციაც კი დაარღვია, მაშინ, რატომ დადის? ამაშია საქმე! მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. გადადგება თანამდებობიდან, თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? – რა თქმა უნდა, არ გადადგება იმიტომ, რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არ უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი ან მან უნდა იაროს ან სულ მცირე, მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ. ამას ამბობს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. თავად პრეზიდენტი არც დღევანდელ სხდომას ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“ლელო” პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს” – ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასამართლო პროცესი და საერთოდ, იმპიჩმენტის წამოწყება მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ სჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ყველა  მოქალაქეს, რომელსაც მომავალი უნდა და ესახება ევროპაში. ამ სურათის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“, თუმცა მათი არგუმენტები უკიდურესად სუსტია და აცდენილია კონსტიტუციას. მოქალაქეებიც ხედავენ, რამდენად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ იმპიჩმენტს, რომელიც თავადვე წამოიწყეს.

არ ვიცი, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო. არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან. ვნახოთ, დაველოდოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად და  საქართველოს მეგობრული გზის მხარეს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის სახით, საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.