Home Blog Page 2197

„მესამე ძალა“ ჯო ბაიდენს ხმებს ართმევს” – ავთანდილ წულაძე

ამერიკული ჟურნალი Politico იუწყება, რომ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის დონორები შეშფოთებულნი არიან საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ შექმნილი საფრთხის გამო. https://www.politico.com/news/2023/10/06/biden-donors-third-party-challengers-2024-00120285

ბაიდენის კამპანიის დონორთა აზრით, დამოუკიდებელ კანდიდატებს არ აქვთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი, მაგრამ მათ შეუძლიათ მოქმედი პრეზიდენტის ზოგიერთი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თავის მხარეზე მოზიდვა. ამავდროულად, სპოილერი კანდიდატები არ ემუქრებიან დონალდ ტრამპს, რადგან მისი ამომრჩევლები კონსოლიდირებულია ლიდერის გარშემო.

ტრადიციულად, აშშ-ს ორი ძირითადი პარტიის – რესპუბლიკურის და დემოკრატიულის – კანდიდატები საარჩევნო რბოლის ფინალში გადიან. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატებიც იბრძოდნენ. მაგალითად, 1992 წელს დებატებში აშშ-ის პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობდა: მოქმედი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, დემოკრატი კანდიდატი ბილ კლინტონი და მილიარდერი როს პერო. მეწარმემ თავისი კამპანია მთავრობის პოლიტიკის კრიტიკაზე დააფუძნა და საბოლოოდ მიიღო ხმების 18,9%, რაც ძალიან დიდი შედეგი იყო დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. როს პერო არ მალავდა, რომ მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო კამპანიაში ჯორჯ ბუშისთვის ხმების მოსაშორებლად. და მან წარმატებას მიაღწია – არჩევნების შედეგების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა ბილ კლინტონი.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად როს პერომ შექმნა “რეფორმების პარტია”, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში სხვადასხვა დონეზე. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში პარტიის წევრი იყო აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ბევრი თვლის, რომ ტრამპმა პოპულისტური ტექნიკა ისესხა პეროსგან, რამაც უზრუნველყო ბიზნესმენის პოპულარობა ამომრჩევლებში. როს პეროს კრიტიკის მთავარი მიზანი მიმართული იყო „ბიუროკრატების“ წინააღმდეგ, რომლებმაც დაკარგეს კავშირი ამერიკის რეალურ პრობლემებთან. დონალდ ტრამპმა გააძლიერა ეს მესიჯი და მიაღწია წარმატებას 2016 წელს და ახლა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პოპულარობის რეიტინგების სათავეშია.

საარჩევნო რბოლაში „მესამე ძალის“ გამოჩენა, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს არჩევნების შედეგზე, სრულიად რეალური სცენარია. ორივე პარტია – რესპუბლიკური და დემოკრატიული –  ლიდერობის კრიზისს განიცდის. დემოკრატებს შორის არ იყო ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც შეძლებდა ასაკოვანი ჯო ბაიდენის ჩანაცვლებას საარჩევნო კამპანიაში. რესპუბლიკურ პარტიაში მოხდა განხეთქილება რადიკალურ ფრთას, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, და რესპუბლიკელებს შორის, რომლებსაც  შეიძლება ვუწოდოთ “რეიგანისტები”. თუ “ტრამპისტები” მხარს უჭერენ ნაციონალისტურ და იზოლაციონისტურ პოზიციებს, “რეიგანისტები” დაჟინებით მოითხოვენ უფრო მკაცრ საგარეო პოლიტიკას აშშ-ს გლობალური ლიდერობის გასაძლიერებლად. სკანდალმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის გადადგომასთან დაკავშირებით, აჩვენა რესპუბლიკური პარტიის შიგნით ბრძოლის ინტენსივობა.

ამ პირობებში, დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ გამოიყენონ ამომრჩევლების უკმაყოფილება ძირითადი პარტიის კანდიდატების მიმართ, რათა გაზარდონ მხარდამჭერთა ბაზა. ასევე არსებობს საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც სხვა პარტიების კანდიდატებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, ჯგუფმა სახელწოდებით No Labels უკვე მოიპოვა უფლება დაასახელოს თავისი კანდიდატი ათ შტატში. No Labels-ის მთავარმა სტრატეგმა რაიან კლენსიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ადანაშაულებს ორ დიდ პარტიას ახალი პოლიტიკური ლიდერების დაწიანურების წარუმატებლობაში.

ჯო ბაიდენის კამპანიის დონორები აპირებენ თავიანთი ძალისხმევის ფოკუსირებას დამოუკიდებელი კანდიდატების განეიტრალებაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი-ერთზე ბრძოლაში ჯო ბაიდენი დაამარცხებს დონალდ ტრამპს. მაგრამ თუ „მესამე ძალა“ ჩაერევა, არჩევნების შედეგი შეიძლება არ იყოს ბაიდენის სასარგებლოდ. შესაძლებელია 1992 წლის არჩევნების სცენარი განმეორდეს, როდესაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა როს პერომ წაართვა ხმები მოქმედ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, რაც დაეხმარა ბილ კლინტონს არჩევნებში გამარჯვებაში. ამიტომ, ჯო ბაიდენის კამპანიის სტრატეგები ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არ დაკარგონ ხმა დამოუკიდებელ კანდიდატებზე, რათა ხელი არ შეუწყონ ტრამპის გამარჯვებას.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება, ამიტომ ჯერ ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად წარმატებული იქნება ბაიდენის კამპანიის ეს სტრატეგია. ამჟამად დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის არ არიან ისეთი გამოჩენილი ფიგურები, როგორიც იყო როს პერო. მაგრამ ლიდერობის კრიზისი ძირითად პარტიებში და ასევე ამომრჩევლების მოთხოვნა ახალ ლიდერზე ამერიკულ პოლიტიკაში, შესაძლოა ხელი შეუწყოს ძლიერი დამოუკიდებელი კანდიდატის გამოჩენას უახლოეს მომავალში.

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

“ევროკომისია ყოველწლიურ ანგარიშს გაფართოებისა და მონაწილე ქვეყნების პროგრესის შესახებ ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს”

ევროკომისია ყოველწლიურ ანგარიშს გაფართოებისა და მონაწილე ქვეყნების პროგრესის შესახებ ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“ეს ანგარიში ევროპულ საბჭოს საშუალებას მისცემს დეკემბერში ინფორმირებული დებატები გამართოს. როდესაც ვამბობთ, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის პროცესი დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, სამუშაო ასევე ეხება ევროკავშირს. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რადგან როდესაც კანდიდატები მზად იქნებიან, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

“ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია” – მამუკა მდინარაძე კობახიძის განცხადებაზე

ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.

„რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინაპერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

“გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად” – ირაკლი კობახიძე

გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედს“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეკრებების შესახებ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

„ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

“გრანადაში ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან” – პრემიერი

მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით.

„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ასეთი მაღალი დონის დიალოგი აუცილებელია საქართველოსთვის. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, რადგან წლის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

“ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები”

როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც „უცხოელი აგენტების” კანონი, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი წერს, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სპეციალურად დაგეგმა სპექტაკლი, „რათა თბილისში მიეღოთ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები“.

„სპეციალურად დაგეგმეს „საკონსტიტუციოს” სპექტაკლი ბათუმში, რათა თბილისში პარალელურად კონვეიერზე დააყენონ და მიიღონ იანუკოვიჩის სტილის ანტისაპროტესტო კანონები.

ვერ გაიტანეს პუტინის კანონი, მაგრამ გააქვთ იანუკოვიჩის კანონები, თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ უხსნის ხალხს, რომ ის რასაც ახლა იღებენ ისეთივე მავნეა, როგორც “უცხოელი აგენტების” კანონი.

ასევე ელექტრონული ხმის მიცემის ივანიშვილისეული სისტემა ზუსტად იმეორებს პუტინის რუსული ელექტრონული არჩევნების სისტემას – ის, ფაქტობრივად, აუქმებს არჩევნებს, ამიტომაც მომავალი წლის ოქტომბრამდე ხელებჩამოშვებული მოცდა, საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ სახელმწიფოს“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. მოკლულია 14 წლის გოგონა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ქმარმა მოკლა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის”

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის.

პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება – სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ.

ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე ბრალი წაუყენეს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სარკოზის ორი ბრალი აქვს წაყენებული: შუამავალ ზიად ტაკიედინის წინააღმდეგ ბრალდების მოხსნის გამოძიებაში მოწმის მოსყიდვაში და ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენის კრიმინალურ შეთქმულებაში.

მედიის ცნობით, საუბარია 2007 წელს სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიურ დაფინანსებაში შუამავალ ზიად ტაკიედინის წინააღმდეგ ბრალდებების მოხსნის გამოძიებაზე. სარკოზის ბრალად ედება ტაკიედინზე ზეწოლა, რათა ჩვენება შეეცვალა. 2020 წელს ზიად ტაკიედინმა განაცხადა: სარკოზის არ ჰქონდა ლიბიის დაფინანსება საპრეზიდენტო კამპანიისთვის. იგივე ტაკიედინი 2016 წელს აცხადებდა, რომ 2006 და 2007 წლებში ნიკოლა სარკოზისა და კლოდ გეანს სამი ჩემოდანი ფული – სულ ხუთი მილიონი ევრო გადასცა.

2018 წელს სარკოზის ბრალი წაუყენეს კორუფციაში, კამპანიის უკანონო დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების დახარჯვაში.

“ჯო ბაიდენი ნოემბერში, აშშ-ში, სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს” – The Washington Post

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბერში აშშ-ში ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, შეხვედრა ნოემბერში ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოში იგეგმება.

შეხვედრის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზება წარმოადგენს. თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებობს „მყარი“ შესაძლებლობა, რომ შეხვედრა შედგება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენი მოუთმენლად ელის სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ „ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული“.

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, გეგმები მას შემდეგ გამყარდება, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი უახლოეს კვირებში ვაშინგტონს ეწვევა.

დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მოკლევადიან სპიკერობას დათანხმდა

დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მოკლევადიან სპიკერობას დათანხმდა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუს დიჯითალთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანახმაა, იყოს სპიკერი მოკლე ვადის განმავლობაში, რაც რესპუბლიკური პარტიის გაერთიანებას ისახავს მიზნად, ვიდრე კანონმდებლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა დაიკავოს თანამდებობა.

„მე მთხოვეს, რომ ვისაუბრო როგორც გამაერთიანებელმა, რადგან ბევრი მეგობარი მყავს კონგრესში. მათ მკითხეს, მივიღებ თუ არა ამას პარტიისთვის მცირე დროით, ვიდრე დასკვნამდე მივლენ. მე ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მსურს – საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებ, თუ ისინი ვერ შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ სთხოვა პალატის სპიკერობა.

“პუტინთან შეხვედრაზე სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვისაუბრეთ” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა „მეგობრულ, სანდო ატმოსფეროში“ გაიმართა.

„რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით, ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერის პირობა დადო თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას ენერგომომარაგების კუთხით.

ამასთან, ბჟანიას ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

„ამ კუთხით, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომელთა ინიცირებასაც რუსეთის ფედერაცია ახდენს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ბჟანიამ.

ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, 4 ოქტომბერს კი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დღეს, ბჟანიამ აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს სხდომას“ უხელმძღვანელა, რომელზედაც აფხაზეთის „საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები“ განიხილეს.