“ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია” – მამუკა მდინარაძე კობახიძის განცხადებაზე

91
spot_img

ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.

„რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინაპერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.