“გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად” – ირაკლი კობახიძე

89
spot_img

გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედს“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეკრებების შესახებ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

„ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.