Home Blog Page 2192

“რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ” – გიორგი თავდგირიძე

ბელგოროდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თანმდევი მოვლენები: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის გენერალური შეტევის მაფორმირებელი ოპერაცია. უკრაინის პოლიტიკისთვის – ომისშემდგომი რუსეთის დემილიტარიზაციის ინსტრუმენტი; დასავლეთისთვის – რუსეთის მომავლისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი; რუსეთისთვის – ბუმერანგივით უკან დაბრუნებული სეპარატიზმის დამანგრეველი აჩრდილი;- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება.

მივყვეთ თანმიმდევრულად:

მაფორმირებელი ოპერაცია- დასავლურ სამხედრო ხელოვნებაში ძირითადი ოპერაციის წინმსწრები მოქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ოპერაციის წარმატებას. ბელგოროდის რეიდმა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მიაღწია მიზანს და რუსეთი იძულებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან მიმართულებებზე,
გადმოისროლოს ქვედანაყოფები უკრაინიდან და დაასუსტოს და დაფანტოს თავისი ძალები. სხვა შემთხვევაში, ხვალ შეიძლება შეტევა რიაზანზე იყოს და არა 100 არამედ 500 კაცით, ზეგ 1000 როსტოვზე და ა.შ.

რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, მაგრამ როგორ იქნება უზრუნველყოფილი ხანგრძლივი მშვიდობა? ერთ-ერთი ვარიანტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის არსებობაა, მოხალისეთა ლეგიონმაც ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. რატომაც არა, იარაღის და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულების აღება;

რაც შეეხება ყვითელ ბარათს, რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ რუსეთი დროზე არ მოეგება გონს და არ გაითვითცნობიერებს, რაც უფრო მალე შეეგუება კაპიტულაციის გარდაუვალობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება მისთვის ომისშემდგომი მშვიდობა.

ბუმერანგი: აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება, სავარაუდოდ უფრო დიდი მასშტაბებით და დამანგრეველი ძალით.

ბელგოროდის პრეცედენტი უკვე შედგა, რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ. მნიშვნელობა აღარ აქვს დღესვე დაიხევს რუსეთის განთავისუფლების ლეგიონი უკან თუ გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინის არმიის ზეწოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მით უფრო მეტი ცხელი კერა გაჩნდება რუსეთში, გაიზრდება გეოგრაფიული არეალიც და ბრუტალობაც.

საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება,”- წერს გიორგი თავდგირიძე.

ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დროებით შეჩერდება სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე აქვთ მოსაზრებები და რეკომენდაციები სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. მასწავლებლების მოსმენისა და მათი მოსაზრებების გაანალიზების შემდეგ დაუყოვნებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, გახანგრძლივებულიყო მასწავლებელთა პორტფოლიოში დოკუმენტაციის ატვირთვის ვადები და პორტფოლიოს ატვირთვის პროცესში შემსუბუქებულიყო მტკიცებულებების ნუსხა. მასწავლებელთა პორტფოლიოების შეფასების ჯგუფი გამხდარიყო მეტად ინკლუზიური პროცესის გამჭვირვალობის, შეფასების ობიექტურობის მაღალი ხარისხისა და საზოგადოების მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად.

მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება.

საქმიანობის დაწყების მომენტში, ერთი მხრივ, დამხვდა წლების განმავლობაში მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის დადგენილ გზებს მოიცავს გამოცდის ჩაბარებისა და პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სახით, ხოლო მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში მოქმედი კომისია, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ამ წლების გამოცდილება, მთლიანობაში დავინახოთ, რა გამოწვევები არსებობს მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის მიმართულებით; დავინახოთ სრული ციკლი, რაც ახლა მიმდინარეობს სისტემაში გამოცდებისა და პორტფოლიოების წარმოების თვალსაზრისით, შემდგომში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ მასწავლებლები კარიერული განვითარების პროცესში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

გავაგრძელებ მასწავლებლებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სწორი, სამართლიანი და მასწავლებელთა ინტერესზე მორგებული სამომავლო გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა მინისტრმა.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი 25-28 მაისს გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

თიბისი, თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულში, განსაკუთრებულ ფოკუსს აკეთებს ახალი თაობის მხარდაჭერაზე და მათი განათლების ხელშეწყობაზე.  თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე 25-ედ ტარდება.  ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისე უცხოური გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები,

ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები. მე-6 პავილიონში სტუმრებს დახვდებათ თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი აქტივობები დახვდებათ.

თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათების მფლობელები, შერჩეულ გამომცემლობებთან გადახდისას, მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-ს.  ხოლო ექსპო ჯორჯიას მე-6 და მე-11 პავილიონებში, თიბისის დახლებთან, ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ მომენტალურად აიღონ მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათები, ადგილზე გაააქტიურონ და ისარგებლონ შეთავაზებით.

თბილისის წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. წელს ფესტივალის ფოკუს ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთის პროგრამის ორგანიზატორია პოლონური ინსტიტუტი თბილისში. პოლონეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10 პოლონური გამომცემლობა, ორგანიზაცია თუ კვლევითი ინსტიტუტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 20 პოლონელი ავტორი და მკვლევარი გამართავს შეხვედრას, ისინი ქართველ მთარგმნელებთან და ავტორებთან ერთად პოლონურ-ქართულ ურთიერთობებზე და ლიტერატურაზე ისაუბრებენ. ფესტივალს საპატიო სტუმარი, უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო ეწვევა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) უკვე მეორე წელია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით სულ მცირე 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს

მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა მას დამამცირებლად მიმართა. ჯინ კეროლის თქმით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის ზედმეტად მახინჯი იყო სექსუალური ძალადობისთვის“ და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია კეროლს.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს. სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.

“ეს სამარცხვინო განცხადებები რომელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გაკეთდა?”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური ლიდერების მიერ 2012-2013 წლებში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება:

“ეს სამარცხვინო განცხადებები რომელი განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე გაკეთდა?

1. “სააკაშვილი და საქართველოს ყველა თანამდებობის პირი მანტრასავით იმეორებენ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშე”.

“სააკაშვილს ჩემოდნით ვერ ჩამოგიყვანთ, დიდია. ყველას გაქვთ ჩემი ტელეფონი. არ მოგწონთ ვაშაძე, დაელაპარაკეთ შაშკინს, არ მოგწონთ შაშკინი, დაელაპარაკეთ მერაბიშვილს და ა.შ.”

2. “საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს.

კონფლიქტის მოგვარება შორეული პერსპექტივის საქმეა. თბილისი საჭიროებს რუსეთთან დიალოგს. მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ სააკაშვილთან დიალოგზე. თუმცა, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები. ჩვენ ვართ მეზობლები და ასეთებად დავრჩებით. საქართველოდან მიდის რუსული კულტურის ბოლო პლასტი. რუსული ენა დავიწყებას ეცემა. ქართველები ინგლისურენოვანები ხდებიან. მე ეს მაწუხებს.”

ახსნას ნაცმოძრაობის პოლიტიკოსებმა და მომხრეებმა, რა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა აიძულა გრიგოლ ვაშაძე და გიული ალასანია ეს სიტყვები ეთქვათ?

შენიშვნა:

პირველი ამონარიდი ეკუთვნის გრიგოლ ვაშაძეს. ინტერვიუ გამოცემა “ეხო მოსკვის”, რუსელ ენაზე მისცა, 2012 წელს.

ასე საუბრობდნენ თვითონ, სანამ არჩევნებს წააგებდნენ. 2013 წლიდან ყირაზე იდგნენ, არ შეიძლება რუსეთთან პარტნიორების და წინაპირობების გარეშე საუბარიო.

მეორე ამონარიდი ეკუთვნის გიული ალასანიას. ეს სიტყვები წარმოთქვა თურქეთში, 2010 წელს, “პლატფორმა ევრაზიული დიალოგის” კონფერენციაზე.

რომელი გეოპოლიტიკური გარემოების გამო რჩება დღეს გიული ალასანია პრორუსულ-პროთურქული ორგანიზაცია “პლატფორმა ევრაზიის დიალოგის” საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ?”- წერს ამირან სალუქვაძე.

6 თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა

ექვს თვეში საქართველოში ინდმეწარმედ რუსეთის 9 ათასამდე მოქალაქე დარეგისტრირდა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ პარლამენტის დეპუტატის თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა.

კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული მონაცემებით, 2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 8 872 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ამასთან, სააგენტოს მონაცემებით, ამავე პერიოდში წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 646 იურიდიული პირი.

ხოლო ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიული პირი.

“ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის”- მამუკა მდინარაძე

ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, გილოცავთ „აფხაზეთობას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება.

„საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული „ომის პარტიის“ პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი „რუსული ნარატივია“. ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე. ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა. გილოცავთ „აფხაზეთობას“, – წერს მამუკა მდინარაძე.

“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ივლისში ნატო-ს სამიტზე გაფორმდება” – ანჯეი დუდა

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ივლისში ნატო-ს სამიტზე გაფორმდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ვოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმება, ისრაელის მოდელის მსგავსად, პრიორიტეტს მიანიჭებს შეიარაღების გადაცემას და მოწინავე ტექნოლოგიებს.

ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც პოლონეთს 2023 წლის თებერვალში ეწვია, ასევე განიხილა ისრაელის მოდელის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულებას და პოპულარობას იძენს დასავლელ მოკავშირეებში.

მოლაპარაკებებში მონაწილე დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, დოკუმენტი ხელს შეუწყობს უკრაინის მომავალ წევრობას ნატო-ში.

“კორონავირუსი არსად გამქრალა” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი.

როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 8% არის კორონავირუსი. 8% ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, კორონავირუსი არსად გამქრალა და მიმართვიანობა გრძელდება. „ომიკრონის“ მუტაციაა, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, მაგრამ 65 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობისთვის შესაძლოა, ეს რისკის მატარებელი იყოს. კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს აქვს, დღემდე რჩება გრიპის ვირუსი, რომელიც 3%-ია დადასტურებულ შემთხვევებს შორის. წინა კვირებში ასევე ერთეული შემთხვევები იყო A ტიპის ვირუსის. ასე რომ ეს მაინც საყურადღებოა, თუმცა, უპირატესი არის რინოვირუსი, გაციებით მიმდინარე დაავადება. 28%-ია რინოვირუსის მაჩვენებელი. ყველა შემთხვევა არა, მაგრამ უმრავლესობა არის მსუბუქი“,-განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან” – პრემიერი

ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის.

“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში”, – აღნიშნავს პრემიერი.

“ფრაქციის შიდა პრობლემები სხვა ფორმით გაარკვიონ!” -რომან გოცირიძე

პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით უზნეო ინტერპრეტაციები კეთდება – ფრაქციის შიდა პრობლემები სხვა ფორმით გაარკვიონ! – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის პასუხი ყოფილი თანაფრაქციელების კრიტიკაზე.

როგორც გოცირიძემ ამ კონტექსტში განმარტა, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ მათი შიდა გაურკვევლობა, რაც თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ „კატასტროფულ ჩავარდნას“ ეხება, რაღაცით გაამართლონ და შეთქმულების თეორიით ახსნან, თუ რატომ მისცეს ხმა მათი ფრაქციის წევრებმა იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

მისივე თქმით, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობიდან“ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოტივაციით არ წავიდოდა, რადგან ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ყველა შესაბამისი პრივილეგიით, მათ შორის მანქანის მომსახურებით სარგებლობდა.

„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის გარჩევები, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა – მოხდა ძალიან ცუდი რამ, როცა ფრაქციის წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს. საკითხი შიგნით გაარკვიონ და ძალიან არასერიოზულ და სულელურ ინტერპრეტაციებს ნუ აკეთებენ!

პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალისთვის“ შეიქმნა. ამ შესაძლებლობით გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც ისარგებლეს, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების შესაძლებლობას ორი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ამავე დროს მე და ხატია დეკანოიძემ სამი კვირის წინ შევიტანეთ განაცხადი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესახებ, რაზეც უარი იმის გამო გვითხრეს, რომ თითქოს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ პარტიული სიით გასულ დეპუტატებს ეხებოდა და ბლოკით გასულ პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდებოდა, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია. ამას სერიოზული რეაქცია მოჰყვა – მათ შორის საქმის კურსი იყო დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დასკვნა დადეს.

სწორედ ამიტომ მოვამზადეთ რეგლამენტში ცვლილებები და კანონის შესაბამის მუხლში, სადაც ნახსენებია “პარტია“, იქვე “ბლოკიც“ ჩაიწერება.

ინიციატივის მიზანია პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერება. პოლიტიკურ ჯგუფს დაფინანსება მხოლოდ აპარატში სპეციალისტების მოწვევის მიზნით ეძლევა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობიდან” ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.

კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.