“ფრაქციის შიდა პრობლემები სხვა ფორმით გაარკვიონ!” -რომან გოცირიძე

93
spot_img

პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით უზნეო ინტერპრეტაციები კეთდება – ფრაქციის შიდა პრობლემები სხვა ფორმით გაარკვიონ! – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის პასუხი ყოფილი თანაფრაქციელების კრიტიკაზე.

როგორც გოცირიძემ ამ კონტექსტში განმარტა, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ მათი შიდა გაურკვევლობა, რაც თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ „კატასტროფულ ჩავარდნას“ ეხება, რაღაცით გაამართლონ და შეთქმულების თეორიით ახსნან, თუ რატომ მისცეს ხმა მათი ფრაქციის წევრებმა იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

მისივე თქმით, დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობიდან“ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოტივაციით არ წავიდოდა, რადგან ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ყველა შესაბამისი პრივილეგიით, მათ შორის მანქანის მომსახურებით სარგებლობდა.

„პოლიტიკური ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიდის გარჩევები, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა – მოხდა ძალიან ცუდი რამ, როცა ფრაქციის წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს. საკითხი შიგნით გაარკვიონ და ძალიან არასერიოზულ და სულელურ ინტერპრეტაციებს ნუ აკეთებენ!

პოლიტიკური ჯგუფი “ხალხის ძალისთვის“ შეიქმნა. ამ შესაძლებლობით გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც ისარგებლეს, რომელთაც პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების შესაძლებლობას ორი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ამავე დროს მე და ხატია დეკანოიძემ სამი კვირის წინ შევიტანეთ განაცხადი პოლიტიკური ჯგუფის ფორმირების შესახებ, რაზეც უარი იმის გამო გვითხრეს, რომ თითქოს საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ პარტიული სიით გასულ დეპუტატებს ეხებოდა და ბლოკით გასულ პარლამენტის წევრებზე არ ვრცელდებოდა, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია. ამას სერიოზული რეაქცია მოჰყვა – მათ შორის საქმის კურსი იყო დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დასკვნა დადეს.

სწორედ ამიტომ მოვამზადეთ რეგლამენტში ცვლილებები და კანონის შესაბამის მუხლში, სადაც ნახსენებია “პარტია“, იქვე “ბლოკიც“ ჩაიწერება.

ინიციატივის მიზანია პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერება. პოლიტიკურ ჯგუფს დაფინანსება მხოლოდ აპარატში სპეციალისტების მოწვევის მიზნით ეძლევა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა “ნაციონალური მოძრაობიდან” ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.

კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტს შეეხება. პროექტის მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, ექნებათ შესაძლებლობა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა დატოვეს.