“რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ” – გიორგი თავდგირიძე

74
spot_img

ბელგოროდში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თანმდევი მოვლენები: უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის არის გენერალური შეტევის მაფორმირებელი ოპერაცია. უკრაინის პოლიტიკისთვის – ომისშემდგომი რუსეთის დემილიტარიზაციის ინსტრუმენტი; დასავლეთისთვის – რუსეთის მომავლისთვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი; რუსეთისთვის – ბუმერანგივით უკან დაბრუნებული სეპარატიზმის დამანგრეველი აჩრდილი;- ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება.

მივყვეთ თანმიმდევრულად:

მაფორმირებელი ოპერაცია- დასავლურ სამხედრო ხელოვნებაში ძირითადი ოპერაციის წინმსწრები მოქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს ძირითადი ოპერაციის წარმატებას. ბელგოროდის რეიდმა სამხედრო თვალსაზრისით უკვე მიაღწია მიზანს და რუსეთი იძულებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან მიმართულებებზე,
გადმოისროლოს ქვედანაყოფები უკრაინიდან და დაასუსტოს და დაფანტოს თავისი ძალები. სხვა შემთხვევაში, ხვალ შეიძლება შეტევა რიაზანზე იყოს და არა 100 არამედ 500 კაცით, ზეგ 1000 როსტოვზე და ა.შ.

რუსეთის სამხედრო მარცხი გარდაუვალია, მაგრამ როგორ იქნება უზრუნველყოფილი ხანგრძლივი მშვიდობა? ერთ-ერთი ვარიანტი უკრაინასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონის არსებობაა, მოხალისეთა ლეგიონმაც ზუსტად ეგ განცხადება გააკეთა, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინისთვის უსაფრთხო ზონის შექმნაა რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში. რატომაც არა, იარაღის და საბრძოლო მასალის სანაცვლოდ გარკვეული ვალდებულების აღება;

რაც შეეხება ყვითელ ბარათს, რუსეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იქნება დასავლეთისგან, თუ რუსეთი დროზე არ მოეგება გონს და არ გაითვითცნობიერებს, რაც უფრო მალე შეეგუება კაპიტულაციის გარდაუვალობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება მისთვის ომისშემდგომი მშვიდობა.

ბუმერანგი: აფხაზეთი, ცხინვალი, ლუგანსკი, დონეცკი – რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმი და სისხლისღვრა უკან უბრუნდება, სავარაუდოდ უფრო დიდი მასშტაბებით და დამანგრეველი ძალით.

ბელგოროდის პრეცედენტი უკვე შედგა, რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარიც ჩვენი თვალით ვიხილეთ. მნიშვნელობა აღარ აქვს დღესვე დაიხევს რუსეთის განთავისუფლების ლეგიონი უკან თუ გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს. რაც უფრო გაიზრდება უკრაინის არმიის ზეწოლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, მით უფრო მეტი ცხელი კერა გაჩნდება რუსეთში, გაიზრდება გეოგრაფიული არეალიც და ბრუტალობაც.

საქართველოს ყველაზე მზაკვარი და დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია სულ უფრო უახლოვდება იმ ზღვარს, რომლის შემდგომ იმპერიის კი არა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება,”- წერს გიორგი თავდგირიძე.