Home Blog Page 2190

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, გასული 9 თვის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი გამოავლინა.

როგორც გასული 9 თვის ანგარიშშია აღნიშნული, გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში.

„სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 174 ფაქტი, მათგან 39 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული შემოწმების საფუძველზე, ხოლო 135 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული ინსპექტირების საფუძველზე. 61% (106) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 25% (44) — საჯარო სექტორში, ხოლო 14% (24) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 145 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 83 ჯარიმიდან, 19 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 64 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ ინსპექტირებებს.

დაკისრებული 62 გაფრთხილებიდან, 15 მიემართებოდა 2022 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 47 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). სამსახურის მიერ ერთ-ერთი დამმუშავებელი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელისაგან და მიეცა 1 ზეპირსიტყვიერი შენიშვნა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 282 630 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 282 630 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 09.10.2023-მდე: ტანკები – 4823 (+2), ჯავშანტექნიკა – 9126 (+3), საარტილერიო სისტემები – 6706 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 808 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 543 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5190 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 1530 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 20 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 9113 (+2), სპეციალური ტექნიკა – 959 (+0).

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.

„პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები გადაეცათ

მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საცხოვრებელი ბინების განაწილება სამხედრო მოსამსახურეებზე ლოტოტრონის პრინციპის საფუძველზე მოხდა.

„ჯარის ქალაქის“ მშენებლობა ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა.

მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ.

პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით, თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვა შესაძლებელი იქნება

პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვა შესაძლებელი იქნება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

პროექტში აღნიშნულია, რომ, როგორც წესი, პარლამენტის ბიუროს სხდომა საჯაროა, თუმცა ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით და დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს სხდომის თავმჯდომარე დაადგენს.

“ჯარის ქალაქი დასრულებულია და დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ბინებს”

ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი და ანალოგიური პროექტი მალე შეიქმნება.

„მინდა ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. ჯარის ქალაქი დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. მინდა გითხრათ, რომ ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, ჩემი მინისტრობის დროს, მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის. დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება. იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა. ნებისმიერი საკითხის მოგვარება და რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს მადლობა გადავუხადო. იცით, რომ ჩვენ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდ გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს პროექტი გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენი, სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ყველანი, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულები ვართ მაქსიმუმი გავაკეთოთ თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან ხუთი პროცენტი დაექვითება

პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ სხდომას ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან ხუთი პროცენტი დაუკავდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატს ხელფასიდან გარკვეული პროცენტი მხოლოდ სხდომების გაცდენისთვის უკავდება. ეს ეხება როგორც პლენარულ სხდომას, ასევე კომიტეტის სხდომას.

პროექტით კი განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა იქნება გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%.

თეთრი სახლი ისრაელში აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის დაღუპვას ადასტურებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელში აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, თუმცა კონკრეტულ რაოდენობას არ ასახელებენ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ინარჩუნებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

დაღუპული, დაშავებული და გატაცებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტაილანდიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს დილით, „ჰამასის“ მიერ დაწყებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელში ტაილანდის 12 მოქალაქე დაიღუპა, 8 – დაშავდა, 11 კი – გატაცებულია.

“საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე”

ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, საქართველო და აზერბაიჯანი პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენაზე მუშაობენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე.

ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში.

ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!! -რამაზ დავლაძე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. რამაზ დავლაძე, რომელმაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დაკარგა, ტრაგედიის ორი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ოქტომბერმა მძიმედ გაიჯახუნა კარი და საზარლად ჩამოწოლილმა სიკვდილმა წაიყოლა ყველაზე ძვირფასი ადამიანები!!!

ტკივილთა და განცდათა შორის არის ისეთი აუხსნელი სიმძიმის განცდა-ტკივილი, რომელიც შენში მუდმივად მკვიდრდება და აუტანელ გაუსაძლისობას გიქმნის ხან მეტად, ხან ნაკლებად, ერთიანდები ამ ყველაფერთან და ამ უზარმაზარი მონატრება-დარდით აგრძელებ ცხოვრებას ისე როგორც გეკადრება და შეგეფერება; არც ვინმე შეაწუხო და დაღალო შენი განცდებით და ასევე, პირიქით….ერთ ავბედით დღეს რომ მოიხედავ უკან და აღარ გყავს ყველაზე ძვირფასები ვისი სიყვარულით და ბედნიერებით თითქოს ცასაც კი ეხებოდი, არის შეკითხვათა შორის ისეთი კითხვებიც, რომელიც მომხდარი ტრაგედიისნაირი ტრაგედიაა და ყოველთვის უადგილოა, მაგ დროს განადგურებული გული კიდევ უფრო ნადგურდება როცა გესმის: “გაიხსენე ის დღე რა იყო, როგორ იყო და იმ დროს რას განიცდიდიო…“

ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ! მთელი საქართველო გულშემატკივარი იყავით და ხართ; მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი დემეტრე ყოველთვის თქვენი მადლიერი და მადლობელი ვართ! თქვენმა თანადგომამ ბევრი რამ შემძინა და მასწავლა, თითოეულ მათგანს უამრავ სიკეთეს გისურვებთ; იხარეთ და ვიყოთ ყოველთვის ერთმანეთის ერთგულ საიმედოდ!!! თითოეულ მათგანს ჩემი მოკრძალებული პატივისცემა! მშვიდობა ყველას!!!” – წერს დავლაძე.

“ჰამასთან მოლაპარაკება დასრულდა, მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს”- გაერო-ში ისრაელის ელჩი

ბოლო დღეები ისრაელის თითოეული მოქალაქისთვის დამანგრეველი იყო. ისრაელზე განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა. მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულია. ეს ისრაელის 11 სექტემბერია, – ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს ისრაელელი ხალხის დასაცავად.

„საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გაეროს და უშიშროების საბჭოს სამწუხაროდ მოკლე მეხსიერება აქვს, როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ტერორს, რომელიც ისრაელზე ხორციელდება მალე ივიწყებენ, მაგრამ ასე აღარ იქნება. ჩვენ არ მივცემთ მსოფლიოს უფლებას, დაივიწყოს ის სიმხეცე, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა. ჰამასთან მოლაპარაკება დასრულდა, მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს“, – აღნიშნა ელჩმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო

ღაზაში იძულებით გადაადგილებულია 123 000-ზე მეტი პალესტინელი -გაერო

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი, – ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს.

შეგახსენებთ, ისრაელმა “ჰამასის” მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა.

ღაზას სექტორში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მსოფლიოში.