Home Blog Page 2186

ევროკავშირი პალესტინას დახმარებას უწყვეტს

ევროპულმა კომისიამ პალესტინისთვის 691 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია“, – წერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ გვერდზე.

მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პალესტინის დახმარებისთვის მომავალი გადახდები დაუყოვნებლივ შეჩერებულია, ხოლო ახალი ბიუჯეტის შესახებ განხილვები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცნობისთვის, ევროკავშირი პალესტინის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია და 2021-2024 წლებში 1.18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამა იყო გათვალისწინებული.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, “პალესტინის სახელმწიფოს” შექმნა ისრაელში მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა.

ლავროვმა ამის შესახებ არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან, აჰმედ აბულ გეითთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი”. – ამბობს ლავროვი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი – ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი “ძლევამოსილი შურისგებისთვის” უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

“საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა არის მიდგომა, რომელიც ახალ დაპირისპირებას ემსახურება” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთთან ნებისმიერ ახალ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს დაეკისრება. ეს განცხადება ილჰამ ალიევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარიზი ერევანს სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას დაჰპირდა.

„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა არის მიდგომა, რომელიც არა მშვიდობას, არამედ ახალ დაპირისპირებას ემსახურება, და თუ რეგიონში რაიმე ახალი დაპირისპირება მოხდება, მაშინ დამნაშავე ამაში იქნება საფრანგეთი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ილჰამ ალიევი გრანადაში საფრანგეთის პოზიციის გამო არ ჩავიდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა სამი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეა საუბარი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციებში საუბარია მათ შორის საქართველოზე, სადაც გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა.

რეზოლუციაში 485 „სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“ ვკითხულობთ ჩანაწერებს საქართველოსთან დაკავშირებით.

„ძლიერად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რომელიც არის რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე ყოველდღიური, ცხადი და ღია მუქარა ალიანსის უსაფრთხოების და ევროატლანტიკური სივრცის მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ქმედებები ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის გაზრდილ სტრატეგიული მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, როგორც ეს 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია აღნიშნული და საჭიროებს ყოვლისმომცველი შავი ზღვის სტრატეგიის განვითარებას. ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ მისწრაფებას, რომ ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონში მომავალი დესტაბილიზაციისთვის. მხარს ვუჭერთ ალიანსის მცდელობა, რომ საჭიროებებზე მორგებული პაკეტი დანერგოს ნატო-ს პარტნიორებში, რომლებიც გარე გავლენების მიმართ ყველაზე მოწყვლადნი არიან, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო და კვლავ დადასტურდეს 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმით, როგორც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილი. საჭიროებებზე მორგებული პაკეტის სწრაფი იმპლემენტაცია მოხდეს საქართველოსა და მოლდოვისთვის მაშინ, როდესაც გრძელდება აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისა, ისევე როგორც მხარდაჭერილ იქნას ნატო-ს წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები რეფორმების დღის წესრიგის განგრძობითობის, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების და ეროვნული წლიური პროგრამის გამოყენებით“, – ნათქვამია ერთ-ერთ რეზოლუციაში.

ასევე, რეზოლუციაში 487 „ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების აღსრულება“ ნათქვამია, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს უცვლელ მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის,  სუვერენიტეტის და საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

„რეზოლუცია მიუთითებს ნატო-ს წევრებს, რომ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისადმი სრულად გამოიყენონ ნატო-ს მხარდამჭერის ინსტრუმენტები, რომ გააძლიერონ მათი მედეგობა, გაზარდონ უსაფრთხოება და გაგრძელდეს რეფორმები და განაგრძონ საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა საჭირო რეფორმებზე შემდგომი პროგრესის მოწოდებით“, – აღნიშნულია ერთ-ერთ რეზოლუციაში.

ამასთან, რეზოლუცია 484 მოუწოდებს ნატო-ს წევრ მთავრობებსა და ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გააგრძელონ ასპირანტ საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან არსებული თანამშრომლობის გაძლიერება და განვითარება.

„იმუშაოს მათთან ინტეგრაციისა და მედეგობის მშენებლობისთვის, განავითაროს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები, მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის და ნატო-ს მადრიდის 2022 წლის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად, საჭიროებებზე მორგებული პაკეტის მხარდაჭერით“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

“საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს აზერბაიჯანსა და სომხეთს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა. პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, სადაც ჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ისევე, როგორც რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი. საქართველო მოლაპარაკებების მაგიდას სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს აზერბაიჯანს და სომხეთს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ნდობაა და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. რეგიონში ჩვენი მიზანი და როლია სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.

„აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას”

ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს პეკინში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის თუ როგორი ურთიერთობები ექნებათ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ცვლილებებისა და არეულობის პირობებში, კაცობრიობის მომავალსა და ბედს განსაზღვრავს.

მე ბევრჯერ მითქვამს, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტისთვის, რომ ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არცერთი მათ დასაზიანებლად“, – განუცხადა სი ძინპინმა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს შეხვედრისას და დაამატა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა სამყაროში“.

ჩაკ შუმერმა ჩინეთის პრეზიდენტს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „აშშ და ჩინეთი ერთად ქმნიან მიმდინარე საუკუნეს“.

“აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს”

აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„აღარ გვიკვირს უკვე, რომ მსოფლიო ბანკის, თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებით და ინდიკატორებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ქვეყნების გარკვეულ რაოდენობას და ნატო-ს წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან რაოდენობას. როცა საუბარია კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე, მართლმსაჯულებაზე და მართვის სისტემაზე, გამჭვირვალეობაზე, განვითარებაზე. უშველებელი ტრაგიკული პროცესების მიღმა, რომელიც ვითარდება, სწორად უნდა შევაფასოთ ის მაჩვენებელი, რომლითაც საქართველო ხასიათდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მსოფლიო ბანკმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს.

“კაცი დაგვაჭერინეთ და დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს, „ოცნების“ ეს მოთხოვნა ცალყბაა, მათ აქ არ სჭირდებათ კეზერაშვილი”

„ქოცების“ ტვინი ცოტა უკუღმაა მოწყობილი, ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას და „ქოცები“ ითხოვენ, დაგვაჭერინეთ კიდევ ერთი კაციო. ასეთი დაჭერილი პოლარიზაციის ერთი გამომწვევი ციხეში ზის, მაგრამ ამით დეპოლარიზაცია არ გამოვიდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, უფრო და უფრო პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი.

„კაცი დაგვაჭერინეთ და ჩვენ დეპოლარიზაციას მივაღწევთ, ცინიკური ნათქვამია, რადგან საპირისპირო გამოცდილება გვაქვს. რომ ეთქვათ, დეოლიგარქიზაციას მივაღწევთ და ერთით ნაკლები ოლიგარქი გვეყოლებაო, ხუმრობად მაინც ჩავთვლიდი, მაგრამ დეპოლარიზაციასთან კაცის დაჭერა არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი არის პერსონა, რომელიც პოლარიზაციას აფრქვევს და რაც უფრო ახლოს არის შენთან, მით უფრო მეტად აფრქვევს. ადრე შორს იყო, უკრაინაში, იქიდანაც აფრქვევდა, „ვივამედში“ ჩავსვით და იქიდან ხომ, მით უმეტეს. თუ მას გვერდზე მივუსვამთ კეზერაშვილს, ყველასთვის ცხადია, პოლარიზაცია ამით არ დაიკლებს. „ქართული ოცნების“ ეს მოთხოვნა ცალყბაა რაღაც თვალსაზრისით. მათ აქ საერთოდ არ სჭირდებათ კეზერაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამე ილაპარაკოს, მათ შორის ის, თუ როგორ თანამშრომლობდა ქოლცენტრების საქმეზე „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, – აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მასპინძლობს.

ამასთან, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მას ევროკავშირის ის მინისტრები, რომლებიც მასკატში იმყოფებიან, პირადად დაესწრებიან, დანარჩენები კი – ვიდეო კავშირის საშუალებით.

“ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა” – ბექა ბასილაია

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ ტექნიკურმა ხარვეზებმა, რაც კლინიკა „ვივამედიდან” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვისას ხდებოდა, სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს და კლინიკას ეკისრება.

„პენიტენციური სამსახურისგან დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალო, ფაქტობრივად, ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, ეს თავიდან ბოლომდე “ვივამედის” და პენიტენციური სამსახურის უპასუხისმგებლობაა.

ფაქტია, რომ “ვივამედის” და პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობაა, რომ კავშირი უხარვეზო იყოს. როცა ამდენი ხარვეზი ვნახეთ, ეს არანაირ ჯანსაღ ინტერესს არ ემსახურება და ეს პრობლემა მომდევნო პროცესზე არ უნდა დადგეს”, – განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა. ბასილაიას თქმით, აღნიშნული კადრებით სისტემური ძალადობა არ იკვეთება.

“ჩვენ მოწმეების ხელახლა დაკითხვას ვითხოვდით და ხელახლა გვაყურებინეს ვიდეოები. მარტივი პარალელები შეგვიძლია გავავლოთ, თუ ეს ბრალდების მხარეს დანაშაულად მიაჩნია, 20 ივნისთან დაკავშირებით ერთი პასუხისმგებელი პირი რატომ არაა დაკავებული? ჟურნალისტებს 5 ივლისს რაც მოუწყვეს, ამ სისასტიკის და დანაშაულების ჩამდენები თავისუფლები არიან და კადრებს გვაყურებინებენ, სადაც ბატონი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სასტიკად ნაცემია, პირდაპირ ეთერშია და ერთი დაზიანებაც არ აღენიშნება. ამ კადრებით ჩანს, რომ მიტინგის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა, საპოლიციო ძალებიც გამოყვანილი იყვნენ, შეიძლება, ერთეულ შემთხვევებში ვინმეს მხრიდან ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი, მაგრამ სისტემური ძალადობა არ იკვეთება, განსხვავებით 20 ივნისისა, როცა ადამიანებს თვალებს თხრიდნენ”, – განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, მისი სიტყვით მიმართვა, რამდენჯერმე შეწყდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ

ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.

მოქალაქეთა შორის არიან ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან.

როგორც ისრაელის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მიხაილ შიტინბურგმა განაცხადა, პატივს მიაგებს მათ, ვინც ისრაელის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

„მე ისრაელიდან ვარ, ჩრდილოეთ ისრაელში ვცხოვრობ. მინდა, პატივი მივაგო მათ, ვინც ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანაა. გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამშობლოში, რათა ახლოს ვიყოთ ჩვენს ხალხთან და დავუჭიროთ მხარი ასეთ რთულ მომენტში“, – განაცხადა შიტინბურგმა.

ამასთან, გაბრიელა როსანსკმა, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება, აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა მეორე მსოფლიო ომს ახსენებს.

„ჩვენ ვსტუმრობთ თქვენს ულამაზეს ქალაქ თბილისს. ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო, რომ თბილისში სინაგოგამ სასტიკი თავდასხმის შედეგად დაღუპულ ისრაელელებს პატივი მიაგო. „ჰამასი“ ესვრის ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მოხუცებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენებს მეორე მსოფლიო ომს. ვთხოვთ მსოფლიოს, წითელ ჯვარს, ყველა ინსტიტუციას, რომ დაგვეხმარონ, გავიგოთ, რა ემართებათ მძევლებს“, – განაცხადა გაბრიელა როსანსკმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6675 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6719 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8078 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8215 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.